გადაწყვეტილება №20254/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20254/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20254/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 13.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20254/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38888 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2022 წლის №081-68 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15191 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 208 497 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 726

დღგ - 62 911

საშემოსავლო გადასახადი - 40 815

ჯარიმა - 51 420

საურავი - 53 351

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 29.07.2020 წლის აქტით შემოწმებულია 11.12.2018 წლიდან 1.08.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 11.08.2020 წლის №081-186 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38888 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: - არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38888 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარადგინა ელექტრონული ფორმით (მეილსა და სკაიპში გადმოგზავნით) ბანკის ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები/ინვოისები და ბუღალტრული პროგრამა. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით (რეპორტები ბუღალტრული პროგრამიდან, საბანკო ამონაწერები, ინვოისები) შეუძლებელია დასაბეგრი ბრუნვის სისწორის დადგენა.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზაციის 6% განხორციელებულია დოკუმენტურად. აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2020 წლის №29395 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი არ გააჩნია. შემოწმების მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონელი (დოკუმენტური რეალიზაცია აქვს მხოლოდ 2019 წელს) დაკავშირებული იქნა შეძენილ საქონელთან და გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი 13%-ის ოდენობით, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 6%.

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე გაანგარიშებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. შემოწმებით პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შემოწმების მიერ დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით შემოწმების პროცესში წარმოდგენილისაგან განსხვავებული გარემოება ან მტკიცებულებები არ იქნა გამოვლენილი, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2022 წლის №081-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29187 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.12.2022 წლის №18377/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.11.2022 წლის №29187 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 16.12.2022 წლის №18377/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15191 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით შემოწმების პროცესში წარდგენილისაგან განსხვავებული გარემოება ან მტკიცებულებები არ გამოვლენილა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილ ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებულ ცხრილთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დადგინდა, რომ საქონლის შეძენის ღირებულებები გაზრდილია შემოწმებისა და გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა მის მიერ წარმოდგენილ ბუღალტერიაში ასახული საქონლის თვითღირებულებები (საბაჟო დეკლარაციები, ინვოისებისა და ტრანსპორტირებების მიკუთვნებით) და შემოწმებასა და გადამხდელის მონაცემებს შორის სხვაობა არ გამოვლენილა. აღსანიშნავია ასევე, რომ მის მიერ წარმოდგენილ საქონლის შეძენისა და რეალიზაციის ცხრილით საშუალო შეწონილი ფასნამატი წარმოადგენს 9,3%-ს, ხოლო იმ კონკრეტული საქონლის თვითღირებულების შემოწმებისა და თავდაპირველი მონაცემებით აღნიშნული ფასნამატი კვლავ 13%-ს უტოლდება, ხოლო გადამხდელის მიერ დეკლარირებული იყო 6%.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტის და მტკიცებულებების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არავითარი საფუძველი. შემოწმების ეტაპზე შემმოწმებლებისთვის წარდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა სუპერფინი. აღნიშნული პროგრამა იძლევა საშუალებას დეტალურად მოხდეს ინფორმაციის ამოღება რეალიზებული საქონლის ერთეული სარეალიზაციო ფასების და თვითღირებულების შესახებ.

აუდიტორის მითითება, რომ არ ხდება საქონლის იდენტიფიცირება, არ შეესაბამება სიმართლეს. წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული ცხრილები, სადაც დაფიქსირებული ფასნამატი შესაბამისობაშია წარდგენილ დეკლარაციებთან.

აუდიტორი დასკვნაში წერს, რომ შეუძლებელია ბუღალტრული პროგრამიდან დასაბეგრი ბრუნვის სისწორის დადგენა. ასევე წერს, რომ თითქოს გადასახადის გადამხდელს საერთოდ არ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კომპანიას გააჩნია გამართული ბუღალტრული პროგრამა ორისი და ასევე გააჩნია ყველა ბუღალტრული დოკუმენტი წესრიგში. რატომ დაჭირდა აუდიტორებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება გაუგებარია. 2018 წელს მთლიანად შეძენილი საქონელი იყო 109 364,28 ლარის, რა ფასნამატი გავრცელდა ამ წელზე აბსოლუტურად გაუგებარია და რა პრინციპით არის დარიცხული 10 304 ლარი და ჯარიმა 5 152 ლარი, მაშინ როცა 2018 წლის ფასნამატი დეკლარაციებში ისედაც ნაჩვენებია 8%. ასევე გაუგებარია 2019 წლის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, მაშინ როცა ბუღალტრულ ბაზაში იდენტიფიცირება ხდება თითო გაყიდული საქონლის თვითღირებულებისაც და სარეალიზაციო ფასისაც. ფასნამატის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან ერთად ბუნებრივია ჩნდება გატანილი ფულის ხელფასად დაბეგვრის საკითხი. მაშინ როცა ფულის ნაშთი არსებობს კომპანიის სალაროში და არ არის გატანილი თანხა ხელფასად, რატომ იბეგრება მოგების გადასახადით? აგვისტოში გატანილია 95 796,26 ლარი და აგვისტოშივე დაბეგრილია მოგების გადასახადით. გამოდის, რომ ერთიდაიგივე გადასახადი დარიცხულია ორმაგად, ერთი დეკლარაციით, მეორე აუდიტის დასკვნით, ოღონდ აუდიტი არარეალური 13% ფასნამატით ანგარიშობს ყველაფერს, დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადსაც. სალაროს ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით ის მანიც უნდა გაეთვალისწინებინა, რაც კანონით არის დაშვებული, ბრუნვიდან 10%-ის ქონის უფლება. როგორც ჩანს არც გადაუხედავს საჩივრისთვის აუდიტს და დატოვა უცვლელი ყველაფერი. 11.08.2020 წლის მერე 22.04.2022 წლამდე არ გახსენებია საკითხი, 2 წლის მერე გამოგზავნილია ახალი საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანი მიუთითებს, რომ ამ 2 წლის განმავლობაში არის ემიგრაციაში ლუკმა პურისთვის წასული. ისევ დაფიქსირებულია არაპირდაპირი მეთოდი და სალაროს ნაშთი! ყველა დოკუმენტი, ბუღალტრული პროგრამა გამართული და სალაროს ნაშთის ბრუნვიდან 10%-ის უფლება.

ეს მასალები უკვე რამდენჯერმეა მიწოდებული და მაინც უცვლელი დარჩა დასკვნა. გამოდის, რომ კომპანიას გამართული ბუღალტერია არაფრისთვის არ სჭირდება, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტი მაინც თავისი შეხედულებით დაარიცხავს ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხას. უნდა გაუქმდეს დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. შესწავლილ და გადაანგარიშებული უნდა იქნას ხელახლა მომჩივნის ჩართულობით აუდიტორთან ერთად საბუღალტრო პროგრამა და ბუღალტრული დოკუმენტაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38888 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა ელექტრონული ფორმით წარადგინა ბანკის ანგარიშების ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები/ინვოისები და ბუღალტრული პროგრამა. წარდგენილი ინფორმაციის შესწავლით შემოწმების პროცესში წარდგენილისაგან განსხვავებული გარემოება ან მტკიცებულებები არ იქნა გამოვლენილი, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 28.09.2023 წელს, რაც გადაიდო მომჩივნის წარმომადგენლის მოთხოვნით, რომელმაც მიუთითა, რომ წარმოადგენდა ინფორმაცია/დოკუმენტაციას სადავო საკითხთან დაკავშირებით. 5.10.2023 წელს მომჩივნის წარმომადგენელმა საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 5 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38888 ბრძანების შესაბამისად.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38888 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 28.12.2020 წლის №38888 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადამხდელმა წარადგინა ელექტრონული ფორმით ბანკის ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები/ინვოისები და ბუღალტრული პროგრამა. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით (რეპორტები ბუღალტრული პროგრამიდან, საბანკო ამონაწერები, ინვოისები) შეუძლებელია დასაბეგრი ბრუნვის სისწორის დადგენა. აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:161.