ბრძანება N 933
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 933
25.01.2023
„-----„ (პ/ნ ------)
(მის: „ ----- „ )
2022 წლის 1 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა „-----„ (პ/ნ „-----„) №76937/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №ELC19781 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება იმყოფება გამოძიებაში და აღნიშნულზე მითითებით,ითხოვს პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლას და სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალების მიხედვით , საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციით,დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის11 ივლისს „-----„ (პ/ნ -----) მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ "---- " ; ტრანზიტული/სარეგისტრაციო ნომერი: "-----") ზოგადი დეკლარირება.
გამომდინარე იქიდან, რომ „-----„ (პ/ნ ----- ) მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება,გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე,საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილი იქნა№ ELC19781 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც „------„ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ან/და სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღების შემთხვევაში, საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება განახლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) ან/და მტკიცებულების სახით ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დღიდან, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვეოდა საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, განახლებული ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღემდე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით,ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი,რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამასთან, დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივარში მითითებული სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „ ----- „ (პ/ნ ------ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.