გადაწყვეტილება №27442/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27442/2/2026
08 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 28.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27442/2/2026).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №007-401 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.05.2026 წლის №11218 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 130 363.43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 79 203.93
დღგ - 24 004.15
საშემოსავლო გადასახადი - 55 199.78
ჯარიმა - 26 223
საურავი - 24 936.5
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჭაღების, ბრების, სანათების და მსგავსი საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 15 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2011 წლის 16 მაისს (კვალიფიციური).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.08.2022 წლიდან 1.08.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 13.08.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28514 ბრძანება და №007-401 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3951 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.04.2026 წლის №26903/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2026 წლის №11218 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
1. მეწარმეს არ ჰყავს დაქირავებული პირები და საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართებში სავაჭრო ცენტრ „-------“ ტერიტორიაზე. შემოწმების პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის (არ იქნა დროულად მიწოდებული ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და მათი ამონაწერების შესახებ) 2025 წლის 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189294. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. ჯამურად პროგრამულად გადასახადის გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35,6%, რაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 13 აგვისტოს №18238 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელმა განმარტებით, საცალო რეალიზაცია ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან შემოსავალში მცირეა, ფასნამატი მერყეობს 51%-მდე. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულია, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საცალო 60%). გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმებისას გაანგარიშებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შესწავლილ იქნა საანგარიშო შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნალით, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით. 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ საქმის ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ:
• გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად, შეუძლებელი იყო კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. ჯამურად, პროგრამულად, გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35,6%-ს, რაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საცალო რეალიზაციაზე გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების აუდირებული ფასნამატი 60%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია გაანგარიშებულ იქნა პრინციპით - შეძენილი საქონლის თვითღირებულება და დოკუმენტური სარეალიზაციო ფასის შეპირისპირებით.
• ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის დოკუმენტებით ვერ იდენტიფიცირდება შესყიდვისას შეძენილი საქონელი - კოდის და დასახელების მიხედვით, მაგალითად, შეძენილი საქონელი საკონტროლო შესყიდვის ოქმში აღწერილია როგორც ,,ჭაღი 266/4“– 70 ლარად, გადასახადის გადამხდელთან კი აღრიცხულია ჭაღები შემდეგი დასახელებებით: ჭაღი 266/4 AB+GC, ჭაღი 266/4 PBK , ჭაღი 266/4 AB, ჭაღი 266/4 TBG, ჭაღი 266/4 WT, ჭაღი 266/4 BK, ჭაღი 266/4 TBG, ჭაღი 266/4 PBK, რომელთა თვითღირებულება მერყეობს 38 ლარიდან 85 ლარამდე. ასევე, შეძენილია ერთნათურიანი ,,ჭაღი250’’ – 25 ლარად, მსგავსი კოდით საქონელი გადამხდელთან არ იდენტიფიცირდება.
• გადამხდელი აპელირებს ინვენტარიზაციის 35%-იან ფასნამატზე, რაც ვერ გამოდგება ფასნამატის გაანგარიშების არგუმენტად, ვინაიდან სარეალიზაციო ფასები ფაქტიური აღწერისას მითითებულია გადამხდელის მიერ (რასაც ადასტურებენ ინვენტარიზაციაში მონაწილე საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებიც) და ხშირ შემთხვევაში განსხვავდება გასაყიდი საბაზრო ფასისგან.
• საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოსაქვით ხარჯად გადახდილი კომუნალური გადასახადის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ არ მომხდარა გადამხდელის მიერ დეკლარირებული გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება (ამასთან, შემმოწმებლის განმარტებით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გამოსაქვითი ხარჯი), ხოლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველია ის, რომ გადამხდელი არ ახდენს პროგრამაში სრულყოფილად ყოველდღიურ ჩამოწერებს, რაც ირკვევა მისი ახსნა-განმარტებითა და წარდგენილი პროგრამით. კერძოდ: 2022 წელი, ამობეჭდილი ჩეკი 947 605 ლარი, ხოლო პროგრამაში გატარებულია 470 156 (6110 და 3330 ჯამი); 2023 წელი, ამობეჭდილი ჩეკი 394 945 ლარი, ხოლო პროგრამაში გატარებულია 341 323 (6110 და 3330 ჯამი); 2024 წელი, ამობეჭდილი ჩეკი 434 592 ლარი, ხოლო პროგრამაში გატარებულია 380 961(6110 და 3330 ჯამი).
• შემოწმებისას გაანგარიშდა ინვოისების მიხედვით სრულად შეძენილი სმფ-ის თვითღირებულება, თითოეული დასახელების მიხედვით. ინვოისში დეტალურად არის მითითებული საქონლის ზომები და სხვა მახასიათებლები, მაგალითად: CEILING LAMP HL21658/300 SILVER, რითაც შესაძლებელია კონკრეტული სახეობების იდენტიფიცირება. ამავე დასახელებებით არის ზედნადებებში საქონელი გაწერილი, რომელთა დაკავშირების შედეგად გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც პროგრამულ თვითღირებულებებში არსებული სხვაობის გამო არ დაემთხვა გადამხდელის პროგრამულ ფასნამატს. აღნიშნულ საკითხზე გადამხდელი განმარტავს, რომ საქონლის შესაძენად გადახდილია ავანსად თანხა, რომლის კურსიც განსხვავდებოდა იმპორტის დეკლარაციის დღეს არსებული კურსისგან, რამაც გამოიწვია გადამხდელის მიერ დაანგარიშებულ თვითღირებულებასა და შემოწმების მიერ გამოთვლილ თვითღირებულებებს შორის სხვაობები. გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში ერთადერთ დეკლარაციაზე ჩანს ავანსის გადახდა, კერძოდ A15985 (17.02.2025) დეკლარაციის საფასური გადარიცხულია 2025 წლის 15 იანვარს, თუმცა აღნიშნული დეკლარაციით შეძენილი საქონლის თვითღირებულებას არ მიუღია მონაწილეობა ფასნამატის გაანგარიშებაში, რადგან 2025 წლის 17 თებერვლის შემდეგ გაწერილ ზედნადებებში არ ფიქსირდებოდა A15985 დეკლარაციით შეძენილი საქონლის სახეობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა არ არის სრულყოფილი, საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად ასევე სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად და შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა, შემოწმების მიერ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული საწარმოს ფასნამატის გავრცელება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა, მათ შორის, დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში, მათ შორის საქმის ზეპირ განხილვაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღსანიშნავია რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებასა და საგადასახადო შემოწმების აქტში აღრიცხვიანობის ერთადერთ ხარვეზად მითითებულია თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად - რაც თავის მხრივ არ წარმოადგენს იმ საფუძველს რომელიც საშუალებას იძლევა 73-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ბუღალტრულ პროგრამაში დოკუმენტური რეალიზაციის ყველა ოპერაცია ასახულია შესაბამისი თარიღისა და დოკუმენტის მითითებით - როგორც შემოსავლის მიღების კუთხით ასევე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებით ჩამოწერის თვალსაზრისით. გაწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებულია რეალიზებული საქონლის უნიკალური კოდები ბუღალტრული პროგრამიდან რითაც შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და თვითღირებულების განსაზღვრა. ზედნადებებით რეალიზებული საქონელი აღრიცხულია ინდივიდუალურად ბუღალტრულ პროგრამაში და აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებული ფასნამატი რეალურად 31%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც აქტში დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი 51%-ია დაფიქსირებული. როგორც ჩანს შემმოწმებელთა მხრიდან არ მოხდა ბუღალტრულ პროგრამაში არსებული მონაცემების შესწავლა და მათი სისწორის შემოწმება. მათ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილი არ იძლევა ინფორმაციას თუ როგორ მოხდა ამ თვითღირებულებების შესაბამება დოკუმენტით რეალიზებულ საქონელთან და 51%-ის დადგენა. ასევე აღსანიშნავია რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული ფასნამატი 35%-ს შეადგენს, რაც შეესაბამება დეკლარირებულ საშუალო ფასნამატს და მნიშვნელოვნად განსხვავდება საცალო რეალიზაციიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლების განსასაზღვრად გამოყენებული 60%-საგან. 60 პროცენტიანი ფასნამატი მნიშვნელოვნად აცდენილია რეალობას, ამასთანავე არავის წარმოუდგენია მტკიცებულება რომელიც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან მის დაფიქსირებას ადასტურებს.
უსაფუძვლოდ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, ამასთანავე არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ დოკუმენტურ ფასნამატს 51 პროცენტს, რომელიც რეალურად 31 პროცენტს შეადგენს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად ფასნამატის დადგენის წყაროების რიგითობაში უპირატესობა დოკუმენტურ და მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფასნამატებს და თუ არ მოხდება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არაპირდაპირი მეთოდის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით შემმოწმებლებმაც სწორედ ამ ფასნამატებით უნდა ისარგებლონ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;
ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;
გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;
დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“; ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა. ამასთან:
ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
გ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი და ვერც მისი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ ჯგუფზე, განსახილველ წელს, ხოლო, თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონტროლის ფასნამატი დადგინდა განსახილველი წლის ორ მომიჯნავე წელს, გამოიყენება ამ ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება „სხვა შემოწმების ფასნამატი“, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ვ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის და სხვა შემოწმების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მესამე პირების ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;
ზ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის, სხვა შემოწმების და მესამე პირების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება სხვა ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე.
ამასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიუხედავად ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებისა, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, აუდიტორი უფლებამოსილია ფასნამატები გამოიყენოს შესაბამისი რიგითობის დაცვის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებულ ბუღალტრულ პროგრამა „ორისში“ საქონლის რეალიზაცია არ არის დეტალურად ასახული და საცალო გაყიდვები თვის ბოლოს ჯამურად იწერება. სალარო აპარატის ჩეკების მიხედვით საქონლის რეალიზაციის გაშიფვრა პროგრამულად შეუძლებელია, რის გამოც კონკრეტულ საქონელზე ფასნამატის განსაზღვრა ვერ ხერხდება. პროგრამული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი საშუალოდ 35.6%-იან ფასნამატს ადეკლარირებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალოგიური საქმიანობის მქონე პირების აუდირებულ მაჩვენებლებს. შემოწმების ფარგლებში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი აღრიცხვისა და წარმოდგენილი განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაციის წილი დაბალია, ხოლო ფასნამატი მერყეობს 51%-მდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლის განსაზღვრისთვის გამოიყენა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირის აუდირებული ფასნამატი (საცალო – 60%). ამასთან, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრის შესახებ.
ამასთან, საბჭომ ყურადღება გაამახვილა სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის შემდეგ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ დოკუმენტურ ფასნამატს 51 პროცენტს, რომელიც რეალურად 31 პროცენტს შეადგენს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ფასნამატის დადგენის წყაროების რიგითობაში უპირატესობა ენიჭება დოკუმენტურ და მიმდინარე კონტროლის პროცედურის ფასნამატებს.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება არ მომხდარა, განხორციელდა მხოლოდ ფაქტობრივი ნაშთის დადგენა, ხოლო ფასნამატის გამოყვანა მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ფასებით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით დადგენის მიზნით, ფასნამატის ოდენობის განსაზღვრის და გამოყენების საკითხი, მომჩივნის არგუმენტების და ზემოთ დასახელებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, მოითხოვს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის განსაზღვრის საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
2. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
დარიცხვის შინაარსი გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული გამოსაქვითი ხარჯი - გადახდილი კომუნალური გადასახადი. აღნიშნული ხარჯი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან და დადასტურებულია დოკუმენტურად. მოთხოვნილი დოკუმენტები წარდგენილია შემოწმების პროცესში და რა თქმა უნდა კვლავ შეუძლია წარმოადგინოს საჭიროების შემთხვევაში. მიაჩნია, რომ დარიცხვა უსამართლოა, უნდა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციით ხელმძღვანელობა და გადასახადების შემცირება. თუ შემმოწმებლებს რაიმე დამატებითი მოთხოვნა აქვთ (რაც მათი მხრიდან არ გაჟღერებულა) მზად არის ნებისმიერ დროს წარადგინოს საჭირო დოკუმენეტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
შემოწმებისას შესწავლილ იქნა საანგარიშო შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, მეწარმის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას გამოსაქვითი ხარჯი საქონლის საინვოისო ღირებულების ვალუტის შესაბამისი კურსით არ არის გათვალისწინებული, ასევე, გამოსაქვით ხარჯში არ არის გათვალისწინებული ელექტროენერგიის ხარჯი. ამასთან მზაობა გამოხატა წარადგინოს შესაბამისი, დოკუმენტები.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა (საჭიროების შემთხვევაში მომჩივანმა წარადგინოს ხარჯის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.05.2026 წლის №11218 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის განსაზღვრის საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-2 დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატით;
2. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გამოსაქვითი ხარჯის გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, სადაც საქონლის რეალიზაცია არ იშიფრება კონკრეტული რეალიზაციების მიხედვით და ხდება თვის ბოლო რიცხვში საცალო რეალიზაციის ჩამოწერა ჯამურად. სალარო აპარატის ჩეკით რეალიზაცია ვერ იშიფრება პროგრამულად, შესაბამისად შეუძლებელია კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატის დადგენა. ჯამურად პროგრამულად გადასახადის გადამხდელი ადეკლარირებს საშუალოდ 35,6%, რაც მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული ფასნამატებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელმა განმარტებით, საცალო რეალიზაცია ჩამოწერილია ჯამურად, თვის ბოლოს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან შემოსავალში მცირეა, ფასნამატი მერყეობს 51%-მდე. გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულია, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (საცალო 60%). გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმებისას გაანგარიშებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა. შესწავლილ იქნა საანგარიშო შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი და ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოსაქვითი ხარჯები. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საკითხების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 105; 159; 163; 164;