ბრძანება N 26933

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.10.2023
№ დოკუმენტი 26933
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26933

31 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2023 წლის 28 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) №83830/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 აგვისტოს №001-196 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს. აცხადებს, რომ ფასნამატი საქონლის ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია და არ ემთხვევა შემოწმებით დადგენილ ფასნამატს. საქონლის რეალიზაციის 80% განხორციელებულია დოკუმენტებით. შემოწმებამ ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასს შეუპირისპირა გაყიდვის პერიოდში უახლოესი შესყიდვის საქონლის თვითღირირებულება (რაც ნიშნავს, რომ გამოყენებულია LIFO მეთოდი, ლიფო (LIFO) დღეის მდგომარეობით ბასს-ით და საქართველოს საგადასახადო კოდექსით აკრძალული მეთოდია). საწარმო თვითღირებულების სმფ-ის აღრიცხვაჩამოწერისთვის იყენებს აღრიცხვის საშუალო შეწონილ მეთოდს. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ფასნამატი მნიშვნელოვნად არის განსხვავებული. შემოწმებამ ამ პრინციპით გაანგარიშებული ფასნამატი მიუსადაგა მთლიან რპთ-ს (ე.ი როგორც დოკუმენტით რეალიზებულს, ასევე დოკუმენტის გარეშე რეალიზებულს). ის, რომ გაანგარიშებული ფასნამატი არ ასახავს რეალურ სურათს, დგინდება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ოდენობით (ამ ფასნამატით ჩამოიწერება გაცილებით ნაკლები საქონელი ვიდრე რეალიზებულ დოკუმენტებშია ასახული). რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულების გამოთვლაშიც არის ცდომილება და რეალურად ნაკლებია შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. ფასნამატის გაანგარიშებაში შემმოწმებლის მიერ დაშვებულია მათემატიკური უზუსტობები, სწორად არ არის დათვლილი და გამიჯნული ჩვეულებრივი რეჟიმით დასაბეგრი და დაუბეგრავი საქონლის ოდენობა, არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ გადამხდელს ხშირ შემთხვევაში დაბეგრილი აქვს დღგ-ით გათავისუფლებული საქონელი, რომელიც შეძენილი აქვს დღგ-ის გარეშე. აცხადებს, რომ შეუძლია წარმოადგინოს ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და ითხოვს საკუთარი მონაწილეობით გადაანგარიშებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს დამფუძნებლის (რომელიც წარმოდგენს ამავდროულად დირექტორს) მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით საწარმოში შეტანილი თანხით, 390 000 ლარით. აღნიშნული სესხი დეკლარირებულია მოგების გადასახადის დეკლარაციით, შემმოწმებლების მიერ კი ამ თანხიდან სესხად ჩაითვალა მხოლოდ 150 000 ლარი, ხოლო დანარჩენი სესხის თანხის გათვალისწინება არ მოხდა სალაროს გასავლის ნაწილში. გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა დანარჩენი თანხის სესხად ჩათვლა შემოწმების მიერ, რადგან ყველა დოკუმენტი იდენტურია და კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი. ამასთან, ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ფინანსური ხარჯის გათვალისწინებას, რაზეც შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6505 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 30 აგვისტოს №21319 ბრძანება და ამავე თარიღის №001-196 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 259 456 ლარი, მათ შორის, გადასახადი 157 412 ლარი, ჯარიმა 78 437 ლარი, საურავი 23 607 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „-----“ გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 1 ნოემბრიდან. საქმიანობის სახეს წარმოადგენს კოსმეტიკის და ჰიგიენის ნაწარმით ვაჭრობა. უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კომპანიამ წარმოადგინა ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ ჯამურად თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება საცალოდ გაყიდული პროდუქცია რა ფასნამატითაა რეალიზებული. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი რედაქციის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. საგადასახადო შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შპს „------თან“ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შპს „------ს“ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე სახელფასე განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ მოხდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის დეტალური შესწავლა რათა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონელი. რაც შეეხება ფასნამატის გაანგარიშებას, წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი (საშუალო შეწონილი მეთოდით მიღებული).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, ვინაიდან, შემოწმების მიერ ვერ იდენტიფიცირდა საცალოდ გაყიდული პროდუქციის ფასნამატი, მართლზომიერია საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე კატეგორიების მიხედვით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გაწეული ხარჯი განისაზღვრა საბანკო ამონაწერების მიხედვით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადახდილი თანხებით, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა შპს „------თან“ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფარგლებში არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, შპს „------ს“ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი 301 751.48 ლარის ოდენობით, ხოლო სალაროს ნაშთი - 40 924 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ შემოწმებით ჩატარდა ანალიზი სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. შედეგად, კომპანიის ეკონომიკური საქმიანობისთვის სესხის საჭიროება არ დადასტურდა. ამასთან, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით სესხის მიღება არ ფიქსირდება. შესაბამისად, განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას სესხის თანხა არ იქნა ჩართული არც შემოსავალში და არც ხარჯში. 150 000 ლარის გათვალისწინება კი მოხდა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა შეტანილია დაფუძნების პერიოდში. წინა პერიოდის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ჰქონდა სესხის საჭიროება, რათა დაეწყო ეკონომიკური საქმიანობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სარგებლად განხილვა. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. მომჩივნის საქმიანობის სახეს წარმოადგენს კოსმეტიკის და ჰიგიენის ნაწარმით ვაჭრობა. უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას არ ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და წესით. შესაბამისად, საქონლის აღრიცხვა/ჩამოწერა არ ხორციელდება სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. კომპანიამ წარმოადგინა ინფორმაცია სმფ-ის ნაშთების შესახებ ჯამურად თანხობრივი შედეგები ყოველი წლის ბოლოსთვის, რის გათვალისწინებაც მოხდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დათვლის დროს. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება საცალოდ გაყიდული პროდუქცია რა ფასნამატითაა რეალიზებული. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გამოყენებულ იქნა თავისივე დოკუმენტური ფასნამატები კატეგორიების მიხედვით. შედეგად გამოვლინდა სხვაობები შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. საგადასახადო შემოწმების მიერ საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების დასათვლელად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე სახელფასე განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 8(22), 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 43(4).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").