ბრძანება N 955
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 955
24 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა შპს „---“ (ს/ნ ---) 2023 წლის 29 დეკემბრის №86432/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №006-600 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ითხოვს მას შემდეგ, რაც ქვეკონტრაქტორი დაფარავს საგადასახადო დავალიანებას და შეძლებს გამოუწეროს გადამხდელს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიეცეს უფლება წარმოადგინოს ჩათვლის დოკუმენტები და ჩაითვალოს ქვეკონტრაქტორის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები. განმარტავს, რომ გაუწია მომსახურება დამკვეთს და ამავდროულად ჰყავს ქვეკონტრაქტორიც, რომელმაც გაუწია გადამხდელს იგივე მომსახურება. ვინაიდან ქვეკონტრაქტორს დავალიანების გამო შეზღუდული ჰქონდა საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურების გამოწერის შესაძლებლობა, გადამხდელმა ვერ მიიღო დღგ-ის თანხის ჩათვლა. ვინაიდან გეგმაში ჰქონდა გადასახდელი და ჩასათვლელი დღგ-ის განაშთვა ელოდებოდა მისაღებ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რა პერიოდშიც განხორციელდა კომპანიის შემოწმება და დარიცხვა. აცხადებს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ჩასათვლელი და გადასახდელი დღგ ერთმანეთს სრულად აბალანსებს და ქვეკონტრაქტორს სრულად აქვს აღნიშნული თანხები დაბეგრილი (კომპანიის შემოწმების პროცესში მოხდა ქვეკონტრაქტორის შემოწმებაც, სადაც დადასტურდა აღნიშნული გარემოება). მას შემდეგ, რაც ქვეკონტრაქტორი დაფარავს საგადასახადო დავალიანებას შეძლებს გადამხდელს გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ქვეკონტრაქტორის განმარტებით 2024 წლის იანვრის პერიოდში გეგმავს დავალიანების დაფარვას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №25377 ბრძანების საფუძველზე შპს „---ის“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №29763 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 34 549 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 21 600 ლარი, ჯარიმა 10 800 ლარი და საურავი 2 149 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშზე თანხების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგადაც გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, რაც არ არის ასახული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. (წარმოდგენილი აქვს 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----), რომლის მიხედვით, დღგ-ის თანხა 7 871 ლარის ოდენობით გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი. შემოწმებით, დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერს მინიჭებული აქვს სპეციალური გადასახადის გადამხდელის სტატუსი საგადასახადო დავალიანების არსებობის საფუძველზე. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას არც ერთი მხარის მიერ შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხის ბიუჯეტში გადახდა არ განხორციელებულა, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის ჩათვლის განხორციელება არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2022 წლის 16 თებერვალის შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპეციალური წესით მოსარგებლე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხა გადახდილია ბიუჯეტში:
ა) მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ;
ან/და
ბ) მიმღების (მყიდველის) მიერ - მიმწოდებლის (გამყიდველის) სახელით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----), რომელის შესაბამისი დღგ-ის თანხაც გადამხდელს არ აქვს ჩათვლილი.
შემოწმებით დგინდება, რომ არც ერთი მხარის მიერ შესაბამისი დღგ-ის ოდენობით თანხის ბიუჯეტში გადახდა არ განხორციელებულა. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დღგ-ის თანხის ჩათვლა არ მომხდარა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება სხვა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლის მიღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს მიეცეს უფლება წარმოადგინოს ჩათვლის დოკუმენტები და ჩაითვალოს ქვეკონტრაქტორის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №29763 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-600 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 34 549 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 21 600 ლარი, ჯარიმა 10 800 ლარი და საურავი 2 149 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 175; 176.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 2022 წლის 16 თებერვალის შემოსავლების სამსახურის უფროსის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილი.