გადაწყვეტილება №18119/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.02.2023
№ დოკუმენტი 18119/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18119/2/2022

3.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 3.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18119/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №002-120 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.11.2022 წლის №27634 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 99 752,77 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 73 993

ჯარიმა - 17 016,4

საურავი - 8 743,37

 

პროცედურული გარემოებები

საზოგადოების საქმიანობის სახეს წარმოადგენს ღორის ხორცის წარმოება-რეალიზაცია. ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.02.2021 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 17.06.2022 წლის საგადასახდო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 13.07.2022 წლის №18484 ბრძანება და ამავე თარიღის №002-120 საგადასახადო მოთხოვნა.

 

აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №002-120 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.11.2022 წლის №27634 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2022 წლის №12487 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 1.02.2021 წლიდან 1.05.2021 წლამდე შპს ----- ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციებში მიღებული ჩათვლის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 17.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 29.08.2018 წელს. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის თებერვალში, მარტში და აპრილში შეძენილი აქვს შპს ----- 485 076,3 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) მარცვლეული სახელწოდებით ---- სიმინდი, აღნიშნულ ოპერაციაზე მიღებული აქვს ჩათვლა სულ 73 994,69 ლარის ოდენობით, შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

შემოწმების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნულ ოპერაციაზე, მომჩივნის მიერ ჩათვლილი თანხა სულ 73 994,69 ლარის ოდენობით დაექვემდებარა გაუქმებას.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შპს ----- მომწოდებელ კომპანიასთან მიმართებით დადგენილია, რომ კომპანიას შეძენილი აქვს ისეთი სახის მარცვლეული, რომლის წარმოშობაზეც მომწოდებელთან არ დასტურდება იმპორტის განხორციელების ფაქტი, რიგ შემთხვევებში კი, მომწოდებელ კომპანიებს საერთოდ არ უფიქსირდებათ საკმარისი რაოდენობის პროდუქციის შეძენა. შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სრულად არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის არგუმენტაცია, კერძოდ გაურკვეველია რის საფუძველზე მოახდინა შემოწმებამ იმის დადასტურება, რომ შეძენილი საქონელი წარმოადგენს ქართული წარმომავლობის პროდუქციას. შემოწმება უნდა გაყოლოდა არამხოლოდ შპს ----, არამედ მანამდე არსებულ კომპანიებსაც და შეემოწმებინა ჰქონდათ თუ არა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილთან ერთად იმპორტირებული სიმინდი. ვინაიდან მარცვლეული არის გვაროვნული ნივთი შეუძლებელია შემოწმებით დადგენილიყო შეძენილი პროდუქცია წარმოადგენდა ადგილობრივ წარმოშობის თუ იმპორტირებულს.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახლა შესწავლა, კერძოდ არამხოლოდ შპს ----, არამედ მის მომწოდებლებსაც ხომ არ ჰქონდათ შესაბამის პერიოდებში იმპორტირებული პროდუქცია. ამასთან, თუ დადგინდება, რომ გარდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილისა, ასევე არსებობს იმპორტირებული პროდუქციაც, დაიდენტიფიცირდეს შეძენილი საქონლის წარმომავლობა და აუდიტის დეპარტამენტმა მოხდინოს დარიცხული თანხების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნის მიუხედავად არ მიაღებინა მონაწილეობა დავის განხილვაში და არასრულად მოხდა საკითხის გამოკვლევა. შემოსავლების სამსახურის 2.11.2022 წლის №27634 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, შპს ----- მომწოდებელ კომპანიასთან მიმართებით დადგენილია, რომ კომპანიას შეძენილი აქვს ისეთი სახის მარცვლეული, რომლის წარმოშობაზეც მომწოდებელთან არ დასტურდება იმპორტის განხორციელების ფაქტი, რიგ შემთხვევებში კი, მომწოდებელ კომპანიებს საერთოდ არ უფიქსირდებათ საკმარისი რაოდენობის პროდუქციის შეძენა.

აღნიშნული მსჯელობა არ წარმოადგენს რეალობას, ვინაიდან აუდიტორმა შემოწმების მიმდინარეობისას განმარტა, რომ მომწოდებელთა „ჯაჭვში“ მყოფი კომპანიები ზოგიერთი არც იყო შემოწმებული, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან არგუმენტაციას წარდგენილ საჩივარში, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს გადასახადის გადამხდელისთვის კი არ უნდა დაევალებინა მტკიცებულების წარდგენა არამედ თვითონ უნდა შეესწავლა საკითხი, ხომ არ იყო შპს --- მომწოდებელ კომპანიებში ისეთი კომპანია/პირი, ვისაც რეალურად იმპორტირებული ჰქონდა რუსული წარმოების მარცვლეული.

აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რასაც გადასახადის გადამხდელი ფიზიკურად ვერ წარმოადგენს, ხოლო თუ დაევალებოდა აუდიტის დეპარტამენტს საკითის თავიდან გამოკვლევა შესაძლებელი იქნებოდა რეალური ფაქტობრივი გარემოების შეფასება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებში შპს ------ შეძენილი აქვს 485 076,3 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) მარცვლეული სახელწოდებით რუსული სიმინდი, აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა სულ 73 994,69 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი.

აუდიტის დეპარტამენტის 24.01.2023 წლის №------ წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შეძენილი აქვს მარცვლეული სახელწოდებით „რუსული სიმინდი“ შპს ---, ხოლო ამ უკანასკნელს თავის მხრივ შეძენილი აქვს მარცვლეული შპს -----, ხოლო შპს ---- მარცვლეულის შეძენა უფიქსირდება 3 სხვადასხვა გადასახადის გადამხდელისგან, რომელთაც მარცვლეულის წარმოშობაზე არ უფიქსირდებათ იმპორტის განხორციელების დოკუმენტი, რიგ შემთხვევაში კი მომწოდებელს საერთოდ არ უფიქსირდება საკმარისი რაოდენობის შეძენილი პროდუქცია.

მხარეთა არგუმენტების, საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ მომჩივნის მიერ შეძენილია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი (სიმინდი), რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირებისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების თაობაზე.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 17 016,4 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №002-120 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 8 743,37ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე, და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭომ უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლება და კომპანია გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. ამ შემთხვევაში დარიცხულ თანხებთან მიმართებით ბრალეულობა არ იკვეთება.

შეძენილი საკვები სრულად წარმოადგენს იმპორტირებულს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს შინაური პირუტყვის გაზრდა და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. წარმადობის გაზრდის მიზნით მოწვეული ყავს სპეციალისტები, რომელთა რეკომენდაციით ევალება უცხოური საკვების შეძენა. ამასთან, ფინანსური თვალსაზრისით ადგილობრივ ბაზარზე შეძენილზე დღგ-ის ჩათვლას ვერ მიიღებს და შესაბამისად კომპანიას ურჩევნია უცხოური შეიძინოს. მოცემულ შემთხვევაშიც შესაბამის ანგარიშ-ფაქტურებში და სასაქონლო ზედნადებებში საკვების წარმომავლობაში მომწოდებლებისგან ჩაწერილია „რუსული სიმინდი“, რაზეც კომპანიას ჰქონდა შესაბამისი ნდობა, რომ ნადვილად რუსულს წარმოადგენდა.

ამასთან კომპანია შეიყვანეს შეცდომაში, რაც არ იცოდა და არც შეიძლებოდა ცოდნოდა და ჰქონდა შესაბამისი რწმენა, რომ ქმედება არ წამოადგენდა სამართალდარღვევას.

ვინაიდან კომპანია შეიყვანეს შეცდომაში და მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, იძულებული გახდა მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის საკითხის მოკვლევის მიზნით, სადაც მიმდინარეობს შპს ---- და მისთვის მომწოდებელი კომპანიების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2014 წლის 7 ოქტომბრის №"------" გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა საპატიებელი არ არის (მაგალითად, მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით) პირი არ შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით.

მითითებულის გათვალისწინებით საყურადღებოა, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად, ამასთან საჭიროა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ამ შემთხვევაში დარიცხვა გამოწვეულია კომპანიის არაბრალეული ქმედების გამო, ვინაიდან მომწოდებლებმა კომპანია შეიყვანეს შეცდომაში. ამასთან, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად კომპანიას არცერთი სამართალდარღვევა არ გამოვლენილა და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელისთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის ხელახლა შესწავლა,დაიდენტიფიცირდეს შეძენილი საქონლის წარმომავლობა და აუდიტის დეპარტამენტმა მოხდინოს დარიცხული თანხების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურმა მოთხოვნის მიუხედავად არ მიაღებინა მონაწილეობა დავის განხილვაში და არასრულად მოხდა საკითხის გამოკვლევა.

2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ დავების განხილვის საბჭომ უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლება და კომპანია გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანი გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 29.08.2018 წელს. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის თებერვალში, მარტში და აპრილში შეძენილი აქვს მარცვლეული, აღნიშნულ ოპერაციაზე მიღებული აქვს ჩათვლა,შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ შეძენილი მარცვლეული არის საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი.შემოწმების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, აღნიშნულ ოპერაციაზე, მომჩივნის მიერ ჩათვლილი თანხა ოდენობით დაექვემდებარა გაუქმებას.გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2.საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 17 016,4 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №002-120 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 8 743,37ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირებისა და შესაბამისი სანქციის დაკისრების თაობაზე.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელისთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

174,175,176,269,270.