გადაწყვეტილება №26082/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2025
№ დოკუმენტი 26082/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26082/2/2025

25 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ----ი (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 27.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26082/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2025 წლის №021-79 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21578 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 216 561.66 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრ. რესურს. სარგებლ. მოსაკრებელი - 1 564

გადასახადი - 121 827

დღგ - 6 671

საშემოსავლო გადასახადი - 114 224

ქონების გადასახადი - 932

ჯარიმა - 61 350

საურავი - 31 820.66

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა ქვიშა-ხრეშის მოპოვება და გადამუშავება შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გადასახადისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.04.2021 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 15.04.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისა და სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

კომპანიამ საქმიანობის დასაწყებად შეიძინა ქონება (ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი ქარხანა, მიწა და რამდენიმე ერთეული ტექნიკა), რომლის შესაძენადაც არსებული ფინანსები მოიძია ბანკიდან აღებული სესხის საშუალებით და დამფუძნებლის შენატანით. კომპანიას აქვს შესაბამისი მოპოვების ლიცენზიები. წარმოების პროცესში კომპანია გადამუშავებასთან ერთად ახდენს ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, რომელიც ხდება საკუთარი რესურსებით, საკუთრებაში არსებული ექსკავატორით და სამი ერთეული თვითმცლელით. წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია ხდება სხვადასხვა იურიდიულ პირებზე, ხოლო მცირე ნაწილის მიწოდება ფიქსირდება ფიზიკურ პირებზეც. საქონლის მიწოდება ხდება შესაბამისი სატრანსპორტო ზედნადებების საშუალებით.

გადამხდელის მხრიდან მოწოდებულ იქნა შემოწმებისთვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტაცია, ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია ბანკიდან. დღეის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები. შემოწმების პროცესში გაანალიზდა ფულის მოძრაობა. შემოსავალში აღირიცხა დოკუმენტურად მიღებული შემოსავლები, აღებული სესხი, დამფუძნებლის შენატანი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯის ნაწილში გაერთიანდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. მათ შორის, ბანკიდან აღებული სესხის ძირი და პროცენტი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით, დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის. მომჩივანი განმარტავდა, რომ ზედმეტად შეცდომით აქვს დღგ-ში დეკლარირებული 68 214 ლარი და შესაბამისად, მიაჩნდა, რომ უნდა შემცირდეს აღნიშნულ თანხაზე გაანგარიშებული დღგ.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 17.12.2024 წლის №26475 ბრძანება და №021-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად ჩათვლის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულ დასკვნაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2025 წლის №16112 ბრძანება და №021-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21578 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდულ ლიცენზიაზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის ამონაწერი და სხვა). დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21578 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 61-ე მუხლის მე3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 105- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით, ასევე, მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, მიწის შესაძენად გაწეული ხარჯის ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საკითხის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მიწის შეძენა გადამხდელის მიერ განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით, შესაბამისად, მიწის შესაძენად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საჩივარში გადასახადის გადამხდელს მითითებული ჰქონდა თანხები, რომლებიც მისი თქმით გასათვალისწინებელია ფულის ნაშთის გაანგარიშებისას, მათ შორის, ლიცენზიის ხარჯი, რომელზეც ხელზე გადახდილი აქვს 65 000 ლარი, ასევე, მეწარმედ რეგისტრირებულ მძღოლებზე გადარიცხული თანხები, ავტომობილის შესაძენად ფიზიკური პირისთვის გადარიცხული თანხები და სხვა ხარჯები. ფულის ხარჯმა ჯამში შეადგინა 5 346 620 ლარი, აქედან ხარჯის გადაჭარბება მოხდა 49 475 ლარით, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდულ ლიცენზიაზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის ამონაწერი და სხვა). დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში ზედმეტადაა დეკლარირებული 24741 ლარი დღგ-ის გარეშე და შემოწმების პროცესში იმის მიუხედავად, რომ აუდიტორის მხრიდან ნანახი იყო აღნიშნული სხვაობა და არსად ფიქსირდებოდა დამატებითი შემოსავლები არ მომხდარა შესაბამისი გადასახადით დარიცხვის შემცირება, როგორც სიტყვიერი განმარტებისას აუდიტორმა აღნიშნა ზედნადებებში ფიქსირდებოდა სხვადასხვა კომპანიებისათვის მის საკუთრებაში არსებული ავტომობილებით გადაზიდვები და შესაძლოა ეს სხვაობა მისგან ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა ისიც განმარტა, რომ მეტი რეისები იყო გაკეთებული, თუმცა არ მომხდარა სხვა თანხების დამატება. მისი კუთვნილი ავტომობილებით ნამდვილად ხდებოდა გადაზიდვების შესრულება თუმცა, რომ მომხდარიყო დაკვირვება იმ ზედნადებებში სადაც მისი გადაზიდვები ფიქსირდებოდა პროდუქციის ფასი გაზრდილი იყო ტრანსპორტირების შესაბამისად ან ცალკე იყო მითითებული ტრანსპორტირების ხარჯი და გამოწერილი იყო ანგარიშ-ფაქტურა მომსახურეობაზე შესაბამისად ყველა თანხა სრულად იყო დეკლარირებული და ზემოთ ხსენებული თანხა შეცდომით არის დეკლარირებული და შესამცირებელია, ასევე აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს საწარმოს დირექტორისათვის ხელფასად ჩათვლილ თანხებს და შესაბამისი გაანგარიშებით შემცირდეს გადასახადი.

2. შესყიდულია მიწის ნაკვეთი 2021 წლის აპრილის თვეში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 ჰექტრამდე და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10 ჰექტარი, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტროს რეგისტრირებულ მონაცემებში ფიქსირდება მიწები ჯამში შესყიდულია 10000 ლარად, რაც აბსოლიტურად არ შეესაბამება სიმართლეს, მოითხოვს მოხდეს მიწის ღირებულების განსაზღვრა და გამოიქვითოს ხარჯებში დაფიქსირებული თანხები მოხდეს გადასახადების გადაანგარიშება შედეგების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი იქნება მიწის მაშინდელი ღირებულების განსაზღვრის დოკუმენტები გაცემული შესაბამისი ორგანოების მიერ.

3. რაც შეეხება ლიცენზიას იმ დროს როცა მის მიერ მოხდა წარმოების შეძენა გამყიდველი კომპანიის სახელზე ფიქსირდებოდა ქვიშა ხრეშის მოპოვების ლიცენზია საერთო ნარჩენი მოცულობით 70000 კუბური მეტრი აღნიშნული მოცულობიდან ზედნადებით გადმოეწერა 5000 კუბური მეტრი ღირებულებით 5000 ლარი, ვინაიდან არ შეიძლებოდა სხვა მოცულობის ზედნადებით გადმოწერა ორივე მხარის განცხადების საფუძველზე -- ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ლიცენზია გამოაწერა კომპანიას რაშიც გადახდილი იქნა ნაღდი ანგარიშსწორებით ჯამში 70000 ლარი 5000 ზედნადებით გადმოწერილი და 65000 ლიცენზიის გადმოწერის შედეგად მიღებული მოცულობების ღირებულება, როგორც შემოწმებით ირკვევა არ მოხდა აღნიშნული თანხის 65000 ლარის ხარჯებში გამოქვითვა ვინაიდან არ დასტურდება გადახდა დოკუმენტალურად, ხარჯებში გამოიქვითა მხოლოდ 5000 ლარი რაც ზედნადებით იყო გადმოწერილი. გასათვალისწინებელია ის, რომ ასეთი ზომის ლიცენზიას უფასოდ არავინ გადასცემდა, ასევე გასარკვევია, რატომ მოხდა მხოლოდ ზედნადების ხარჯვად განხილვა ვინაიდან არც ზედნადების ღირებულების გადახდა ფიქსირდება დოკუმენტურად და თუ ზედნადები გაითვალისწინეს ასევე უნდა მომხდარიყო გადმოწერილი ლიცენზიის ღირებულების 65000 ლარის გამოქვითვაც ხარჯებიდან.

4. წარდგენილი იქნება ---- ბანკიდან ამოღებული მონაცემები სადაც ფიქსირდებიან პირები, რომლებიც არიან მეწარმეები და სხვა ბანკებში ფიქსირებულ მეწარმეებზე წარმოადგენს სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერებს.

მოითხოვს მოხდეს ზემოთ მოყვანილი რიცხვების შესაბამისად გადასახადების გადაანგარიშება და დარიცხული გადასახადებისა და მასზე გაანგარიშებული სანქციების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად ჩათვლის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარუდგინოს გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 30 ივნისს გამოცემული დასკვნის მიხედვით:

მიწის შეძენის ხარჯი, რომელიც გადამხდელის განმარტებით შეადგენს 57 000 ლარს, არ არის დოკუმენტურად დადასტურებული, კერძოდ, ნასყიდობის ღირებულებაში აღნიშნული თანხა არ არის ნახსენები, შესაბამისად, არც შემოწმებით დადასტურდა ამ თანხის გადახდა. ასევე, ბანკიდან მეწარმე პირებზე გადარიცხული თანხები, რომელზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (სულ 77 415 ლარი), შემოწმების პროცესში ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, ხოლო ფიზიკურ პირებზე გადარიცხული დარჩენილი თანხის მიზნობრიობაზე დოკუმენტი ან განმარტება დღემდე არ არის წარდგენილი. ამასთან, ავტომობილის შესაძენად ბანკით გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით გადამხდელს უნდა წარედგინა ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რადგან ვერ დადგინდა ბანკში ჩარიცხული თანხა ავტომობილის შესაძენად იყო თუ არა გამიზნული. გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელთან გასაუბრება, რომელმაც განმარტა, რომ ყველა ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენს, თუმცა ამისათვის ესაჭიროება დამატებითი დრო. მიმდინარე პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც გავლენას მოახდენდა შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საკითხი დამატებით შესწავლა/გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21578 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდულ ლიცენზიაზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის ამონაწერი და სხვა). დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი გარდა, საწარმოს დირექტორზე, გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების განსაზღვრისა, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს - დღგ-ში დეკლარირებული თანხის შემცირება, რომელიც შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოხსენებული დასკვნით ვერც გადაანგარიშდებოდა, ხოლო ხსენებული შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანება არ დაკმაყოფილების ნაწილში მომჩივნის მიერ არ გასაჩივრებულა. ამასთან, აღნიშნულ სადავო საკითხზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2832 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21578 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21578 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №2832 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 15.04.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისა და სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა,რომ კომპანიამ საქმიანობის დასაწყებად შეიძინა ქონება , რომლის შესაძენადაც არსებული ფინანსები მოიძია ბანკიდან აღებული სესხის საშუალებით და დამფუძნებლის შენატანით. კომპანიას აქვს შესაბამისი მოპოვების ლიცენზიები. წარმოების პროცესში კომპანია გადამუშავებასთან ერთად ახდენს ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, რომელიც ხდება საკუთარი რესურსებით, საკუთრებაში არსებული ექსკავატორით და სამი ერთეული თვითმცლელით. წარმოებული პროდუქციის ძირითადი ნაწილის რეალიზაცია ხდება სხვადასხვა იურიდიულ პირებზე, ხოლო მცირე ნაწილის მიწოდება ფიქსირდება ფიზიკურ პირებზეც. საქონლის მიწოდება ხდება შესაბამისი სატრანსპორტო ზედნადებების საშუალებით.

გადამხდელის მხრიდან მოწოდებულ იქნა შემოწმებისთვის საჭირო სხვადასხვა დოკუმენტაცია, ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია ბანკიდან. დღეის მდგომარეობით ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები. შემოწმების პროცესში გაანალიზდა ფულის მოძრაობა. შემოსავალში აღირიცხა დოკუმენტურად მიღებული შემოსავლები, აღებული სესხი, დამფუძნებლის შენატანი და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯის ნაწილში გაერთიანდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. მათ შორის, ბანკიდან აღებული სესხის ძირი და პროცენტი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების აქტით, დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არ არის. მომჩივანი განმარტავდა, რომ ზედმეტად შეცდომით აქვს დღგ-ში დეკლარირებული 68 214 ლარი და შესაბამისად, მიაჩნდა, რომ უნდა შემცირდეს აღნიშნულ თანხაზე გაანგარიშებული დღგ.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №26475 ბრძანება და №021-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №2832 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად ჩათვლის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა გაწეული ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №2832 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულ დასკვნაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16112 ბრძანება და №021-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №21578 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, შესყიდულ ლიცენზიაზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბანკის ამონაწერი და სხვა). დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №21578 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის №21578 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის №21578 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“ );