გადაწყვეტილება №21761/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21761/2/2023
25 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 29.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21761/2/2023).
დავის საგანი:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა;
2. საპროცენტო შემოსავლების და სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან შემოსავლების
კორექტირების შედეგად ერთობლივი შემოსავლის გაზრდა;
3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხების შემცირება სახელფასო ხარჯების ნაწილში;
4. დასაკუთრებულ ქონებაზე გადასახდელი ქონების გადასახადის გაანგარიშება;
5. დარიცხული თანხების შეუსაბამობის საფუძველზე სადავო აქტების გაუქმება;
6. დაკისრებული სანქციების პატიება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31467 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 330 561,37 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 172 684
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 894
საშემოსავლო გადასახადი - 171 790
ჯარიმა - 98 961
საურავი - 58 916,37
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაცემული აქვს საქვეანგარიშოდ თანხები დამფუძნებელზე. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი მზარდია და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ლარს. პერიოდის ბოლოს, 24.11.2022 წლის საბუღალტრო გატარებით, შესაბამისი კრების ოქმის საფუძველზე, აღნიშნული ნაშთი სრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის შემცირების ხარჯზე. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, ნაშთად არსებული თანხები, შესამოწმებელ პერიოდში ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (საწარმოს დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად. გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხები ჩაითვალა 20%-იან სარგებლად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დამფუძნებელზე გაცემული აქვს საქვეანგარიშოდ თანხები, რომლის ნაშთი მზარდია და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ლარს. 24.11.2022 წლის საბუღალტრო გატარებით, შესაბამისი კრების ოქმის საფუძველზე, აღნიშნული ნაშთი სრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის შემცირების ხარჯზე. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, ნაშთად არსებული თანხები, შესამოწმებელ პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხები ჩაითვალა 20%-იან სარგებლად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო იმის მტკიცება, რომ აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ გაიცა არა სხვა მიზნით, არამედ იმ მიზნით, რაც საქვეანგარიშო თანხების გაცემის მიზანს წარმოადგენს.
საქვეანგარიშოდ თანხების გაცემა ხდებოდა კომპანიის დაქირავებული პირის მიერ საქონლის შესაძენად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ ეს თანხები საქვეანგარიშოდ არის გაცემული და კომპანიის მიერ აღნიშნული ნაშთი შემცირებულია საწესდებო კაპიტალის ხარჯზე. აუდიტის დეპარტამენტი ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცებას, რომ აღნიშნული თანხების გაცემა არ ხდებოდა დაქირავებული პირის მიერ საქონლის შესაძენად, შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ იმის მითითება, რომ 2 მლნ ლარის ოდენობის თანხაა საქვეანგარიშოდ გაცემული, რაც უნდა დაკვალიფიცირდეს უპროცენტო სესხად, არ იქნება მართებული.
2. საპროცენტო შემოსავლების და სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან შემოსავლების კორექტირების შედეგად ერთობლივი შემოსავლის გაზრდა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან), შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლის კორექტირება (გაზრდა).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 95-ე ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან), ასევე არასწორად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები, მ.შ. სახელფასო ხარჯები. შედეგად, საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი, გამოსაქვითი ხარჯი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან). შედეგად საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი.
ადგილი არ ჰქონია საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის (საპროცენტო შემოსავლები და შემოსავალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან) არასწორად ასახვას, შესაბამისად საწარმოს სწორად აქვს ასახული ერთობლივი შემოსავალი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი.
შესაბამისად აღნიშნული გარემოება არის როგორც საგადასახადო მოთხოვნის, ისე აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის ბრძანებების გაუქმების საფუძველი.
3. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხების შემცირება სახელფასო ხარჯების ნაწილში
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს არაზუსტად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან სახელფასო ხარჯები. განხორციელდა გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არასწორად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები, მათ შორის სახელფასო ხარჯები. შედეგად საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯი და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ზარალი.
გაუგებარია პირველ რიგში იმაზე მითითება, რომ არასწორად ჰქონდა გამოქვითული საწარმოს სახელფასო ხარჯები, რადგან ასეთ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, არც საგადასახადო შემოწმების აქტში და არც აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №25500 ბრძანებაში სახელფასო ხარჯების გამოქვითვაზე მითითება არ ყოფილა.
შესაბამისად აღნიშნული გარემოება არის როგორც საგადასახადო მოთხოვნის, ისე აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის ბრძანებების გაუქმების საფუძველი.
4. დასაკუთრებულ ქონებაზე გადასახდელი ქონების გადასახადის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ბალანსზე ერიცხება სხვადასხვა სახის ქონება (მათ შორის დასაკუთრებული). დასაკუთრებულ ქონებაზე გაანგარიშებულია გადასახადი ღირებულებიდან, რაც საგრძნობლად განსხვავდება ქონების რეალური/საბაზრო ღირებულებისაგან. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და შეფასდა ზემოაღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება. გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა გადასახადი საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;
გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს არ აქვს სრულად დეკლარირებული ქონების გადასახადი. ამასთან, საწარმოს ბალანსზე ერიცხება სხვადასხვა სახის ქონება (მ.შ. დასაკუთრებული).
დასაკუთრებულ ქონებაზე გაანგარიშებულია გადასახადი ღირებულებიდან, რაც საგრძნობლად განსხვავდება ქონების რეალური/საბაზრო ღირებულებისაგან. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და შეფასდა ზემოაღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ქონების გადასახადით დაბეგრილია მხოლოდ საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს არასწორად აქვს განსაზღვრული ქონების რეალური ღირებულება. კერძოდ, ქონების საბაზრო ღირებულების შეფასებისას, შემოსავლების სამსახურს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა დასაბეგრი ქონების აკუმულირებული ცვეთა.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია იმყოფებოდა ლიკვიდაციის პროცესში, ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "-------" გარდაიქმნა ისეთ საზოგადოებად, რომელიც აღარ განახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას, შესაბამისად, დაშლილმა საზოგადოებამ გააგრძელა არსებობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად. სხვა არსებული მიმდინარე დავის ფარგლებში კომპანიის მთლიან არსებულ ქონებაზე გავრცელებულია აკრძალვა (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), შესაბამისად კომპანია ვერ ახდენს კუთვნილი ქონებების განკარგვას, რაც კიდევ უფრო ართულებს კომპანიის მდგომარეობას. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ კომპანია იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ სიტუაციაში.
არსებული მიმდინარე დავის ფარგლებში კომპანიის მთლიან არსებულ ქონებაზე გავრცელებულია აკრძალვა (კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), შესაბამისად ის ქონებები, რომელიც კომპანიის სახელზე ირიცხება, რეალურად ეკუთვნის სხვა პირებს, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ქონების მესაკუთრეებს სამართლებრივად წარმოადგენენ სხვა პირები და არა კომპანია, შესაბამისად კომპანიას უწევს/მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა იმ ქონებებზე, რომლის რეალურ მესაკუთრეს თვითონ არ წარმოადგენს, რაც ართულებს მის მდგომარეობას.
5. დარიცხული თანხების შეუსაბამობის საფუძველზე სადავო აქტების გაუქმება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის ბრძანება და ის დოკუმენტი, რომელსაც ეს ბრძანება ან ამ ბრძანებას ეყრდნობა, სრულად შეუსაბამოა ერთმანეთთან. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის №094-176 საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადის ოდენობა გამოანგარიშებულია შემდეგნაირად: გადასახადი 172 684 ლარი, მიწა - არასასოფლო 894 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 171 790 ლარი, ჯარიმა 98 961 ლარი, საურავი 58 916,37 ლარი, სულ 330 561,37 ლარი, ქონების გადასახადი 37 755 ლარი. ჯამში 368 316,37 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია შემდეგი: შპს "-------"-ს ყოფილი შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "--------"( ს/ნ "--------") ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხოს სულ 309 400 ლარი, მათ შორის: გადასახადი 210 439 ლარი და ჯარიმა 98 961 ლარი. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 განსაზღვრული ქონების გადასახადი 37 756 ლარი ასახულ იქნას გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რაც ჯამურად შეადგენს 347 156 ლარს.
შესაბამისად, აღნიშნული შეუსაბამობის არსებობა არის როგორც საგადასახადო მოთხოვნის, ისე აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების გაუქმების საფუძველი. ამასთან, რადგან საგადასახადო მოთხოვნის ოდენობა ბუნდოვანია, მასზე ჯარიმის/საურავის ოდენობა ვერ იქნება დასაბუთებული.
6. დაკისრებული სანქციების პატიება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 98 961 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №094-76 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 58 916,37 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გარდა ამისა, კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "--------" გარდაიქმნა ისეთ საზოგადოებად, რომელიც აღარ განახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას (ანუ შეუწყდა შემოსავლის წყარო), შესაბამისად დაშლილმა საზოგადოებამ გააგრძელა არსებობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის შესაბამისად. სხვა არსებული მიმდინარე დავის ფარგლებში კომპანიის მთლიან არსებულ ქონებაზე გავრცელებულია აკრძალვა (კომპანიის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), შესაბამისად კომპანია ვერ ახდენს კუთვნილი ქონებების განკარგვას, რაც კიდევ უფრო ართულებს კომპანიის მდგომარეობას. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ კომპანია იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ სიტუაციაში, მისი არსებობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს სწორედ მსესხებლებზე გაცემული თანხების უკან დაბრუნება, რაც გართულებულია, ვინაიდან მსესხებლები ნებაყოფლობით არ ახდენენ დავალიანების დაფარვას, ხოლო მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფი კომპანიის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენება გართულებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული ოდენობის ჯარიმისა და საურავის გადახდა მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიას.
თუ დავების განხილვის საბჭო არ გააუქმებს გასაჩივრებულ დოკუმენტებს (რისი სამართლებრივი საფუძვლები აშკარაა), უნდა გაითვალისწინოს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და საგადასახადო კოდექსის და „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აპატიოს კომპანიას ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31467 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნას.
2.მომჩივანისთვის გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
3.გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არასწორად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯები, მათ შორის სახელფასო ხარჯები.
4.მოჩივანი მიიჩნევს,რომ კომპანიას უწევს/მოუწევს ქონების გადასახადის გადახდა იმ ქონებებზე, რომლის მესაკუთრეს თვითონ არ წარმოადგენს.რასაც არ ეთანხმება.
5.მომჩივანი მიიჩნევს,რომ საგადასახადო მოთხოვნის ოდენობა ბუნდოვანია.
6.მოჩივანი მიიჩნევს,რომ,საგადასახადო ორგანომ უნდა აპატიოს კომპანიას ჯარიმა და საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაცემული აქვს საქვეანგარიშოდ თანხები დამფუძნებელზე. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი მზარდია და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ ლარს.აღნიშნული ნაშთი სრულად შემცირებულია საწესდებო კაპიტალის შემცირების ხარჯზე.შემოწმების შედეგად, ნაშთად არსებული თანხები, შესამოწმებელ პერიოდში ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხები ჩაითვალა 20%-იან სარგებლად და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაერიცხა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არაზუსტად აქვს ასახული საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი,შედეგად, განხორციელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავლის კორექტირება.
3.შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს არაზუსტად აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან სახელფასო ხარჯები. განხორციელდა გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება.
4.საწარმოს ბალანსზე ერიცხება სხვადასხვა სახის ქონება.დასაკუთრებულ ქონებაზე გაანგარიშებულია გადასახადი ღირებულებიდან, რაც საგრძნობლად განსხვავდება ქონების რეალური/საბაზრო ღირებულებისაგან. შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და შეფასდა ზემოაღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება. გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
5.საგადასახადო შემოწმების აქტში სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის.
6.საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).