ბრძანება N 24983

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 24983
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24983

13 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (პ/ნ -----) (მის.: ----- )

2025 წლის 22 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 93) განიხილა ----- (პ/ნ -----) N 166804/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 ოქტომბრის N EL296902, N EL296903 და N EL296904 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები განთავსებული იყო ავტომზიდზე, რომელსაც დაუზიანდა ელექტრო სისტემა, მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია ხანძარი. დაზიანდა ავტომზიდი და საჭირო გახდა ტვირთის სხვა ავტომზიდზე გადატანა, რის გამოც მოხდა შეფერხება და დაგვიანება.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 2 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა ----- (პ/ნ -----) მართვის ქვეშ მყოფი ----- ავტომზიდი, რომელზეც განთავსებული იყო საქართველოში არარეგისტრირებული სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ -----; ს/ნ -----; ს/ნ -----;).

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო გამოცხადების ვადა. კერძოდ:

– ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ) 2025 წლის 9 ივნისს ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ----- დადეკლარირდა რეექსპორტში და დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2025 წლის 23 ივლისი;

– ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2025 წლის 17 მაისს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 16 ივლისი;

– ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2025 წლის 17 მაისს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 16 ივლისი.

----- როგორც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს, გააჩნდა ვალდებულება ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მიეტანა გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე, რაც არ შესრულებულა. გამომდინარე აქედან, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 ოქტომბერს შედგენილ იქნა N EL296902, N EL296903 და N EL296904 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ----- (პ/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 2) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულია, რომ რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანისა და გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში დეკლარირების არაერთი ფაქტი უფიქსირდება. ამასთან, იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, წარსულშიც რამდენჯერმე არის დაჯარიმებული. შესაბამისად, მისთვის ცნობილია სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანისა და გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი ავტომზიდი, რომელზეც განთავსებული იყო საქართველოში არარეგისტრირებული სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება. მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანისა და გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 165;.