გადაწყვეტილება №25653/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25653/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 04.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ----- 07.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25653/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 იანვრის N EL273864 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის N 2785 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა:
2025 წლის 25 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი ----- კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელსაც საბაჟო კონტროლის განხორციელებისას აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულოდ დართვას დაქვემდებარებული საქონელი („-----“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „-----" – 200 ღერი (10 კოლოფი)), აქციზური მარკის გარეშე. საქონლის ნაწილი მომჩივანს განთავსებული ჰქონდა სხეულზე, ხოლო ნაწილი ჩანთაში.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოტანისთვის მომჩივანს 2025 წლის 25 იანვრის N EL273864 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი N ----- ).
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის N 2785 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ 2025 წლის 25 იანვარს დილით გადავიდა ----- ტერიტორიაზე. დაბრუნებისას ქართველი ქალის თხოვნით გადმოიტანა ერთი ბლოკი სიგარეტი. მან არ იცოდა, თუ ერთ ბლოკს ამხელა გართულება მოყვებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა. დააკისრეს 1000 ლარის ჯარიმა. ხელვაჩაურის სასამართლომ 2025 წლის 11 თებერვლის სხდომაზე გაანთავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეუცვალა სიტყვიერი შენიშვნით. არის მარტოხელა პედაგოგი. 22 ივლისს მიიღო შეტყობინება ინკასოსთან დაკავშირებით. ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 21.08.2025 წლის N ----- წერილის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა ორჯერ წერილობითი ფორმით (01.04.2025 წელს და 16.04.2025 წელს) და ადრესატისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა განახორციელა მომჩივნის 2025 წლის 17 თებერვლის N 2785 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე 2025 წლის 7 მაისს, რომელიც ამავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარებულად ჩაითვალა 27.05.2025 წელს.
მომჩივანზე გაგზავნილი საფოსტო გზავნილების მიხედვით, ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის N 2785 ბრძანება გაგზავნილია 2025 წლის პირველ აპრილს შემდეგ მისამართზე: ----- (ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია შემდეგი - მისამართზე არავინაა). სადავო ბრძანება მეორედ გაიგზავნა 16 აპრილს შემდეგ მისამართზე: -----
ამრიგად, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ბრძანების განმეორებით გაგზავნისას შეტყობინება გაგზავნილია არაზუსტ/არასრულ მისამართზე - -----.
ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა.
ამასთან, სადავო ბრძანების მომჩივნისთვის ჩაბარების ფაქტი, მათ შორის ელექტრონული ფორმით არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეოდა აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია;
დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;
ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი;
ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება;
ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება;
თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების თაობაზე“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ 2025 წლის 25 იანვარს საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომელმაც საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა ეჭვის საფუძველზე განახორციელა ზემოაღნიშნული პირის კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც, აღმოჩნდა არადეკლარირებული/დამალული საქონელი: სიგარეტი „-----“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „-----“ – 200 ღერი (10 კოლოფი).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ----- ----- ხშირად გადაადგილდებოდა (2024 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 25 იანვრამდე პერიოდში 22 გასვლა – შესვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან ერთად უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტი (07/12/2024) თამბაქოს ნაწარმზე. მომჩივანს საქონლის ნაწილი დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო ნაწილი განთავსებული იყო ჩანთაში. შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივანი სრულყოფილად ფლობდა ინფორმაციას აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანისა და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გასატარებელი საბაჟო პროცედურების თაობაზე. აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას, გაითვალისწინა თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში მომჩივანს საბაჟო კონტროლის განხორციელებისას აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულოდ დართვას დაქვემდებარებული აქციზური მარკის გარეშე სიგარეტი. საქონლის ნაწილი მომჩივანს განთავსებული ჰქონდა სხეულზე, ხოლო ნაწილი ჩანთაში. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად, შემოტანისთვის მომჩივანს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას, გაითვალისწინა თითოეული ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168 (3)