გადაწყვეტილება №24841/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24841/2/2025
26 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 1.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24841/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა; 2. უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე (ინვოისი) მეტი ოდენობით გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №039-29 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2425 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 294 744,89 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 174 923
დღგ - 106 305
მოგების გადასახადი - 52 476
საშემოსავლო გადასახადი - 16 142
ჯარიმა - 87 443
საურავი - 32 378,89
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ავტომობილების ნაწილებისა და აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია (მანამდე ახდენდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ჩანთების რეალიზაციას). იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან. კომპანია რეგისტრირებულია 27.02.2023 წელს და ამავე დღეს რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.02.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №039-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2025 წლის №2425 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტერიას საბუღალტრო პროგრამა ფინაში, სადაც საცალოდ საქონელს ჩამოწერს ჯამურად თვის ჭრილში, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები არც თარიღით და არც თანხობრივად არ ედრება პროგრამულად რეალიზაციის გატარებებს. შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის თანხა შეადგენს 1 247 177 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 31 979 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:
2023 და 2024 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი ავტონაწილებზე 16% და ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე კატეგორიების შესაბამისად. საბოლოოდ დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც დაიბეგრა დღგ-ით, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად 2024 წლის მაისის თვეში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად 2023 და 2024 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი ავტონაწილებზე 16% და ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე კატეგორიების შესაბამისად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დღგ-ის დარიცხვა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობისას გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის მისი საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში აღნიშნული ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია არასწორია. მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა მათი შემოსავალი. ასევე მომჩივანი აღნიშნავს, რომ პარალელურად ჩატარდა შპს „--------“-ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 58,6%-იანი ფასნამატი? ასევე ანალოგიურ საკითხზე არსებობს ფინანსთა სამინისტროს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც ფინანსთა სამინისტრომ არ მიიჩნია მართლზომიერად შემოწმების მიერ გამოყენებული გაუგებარი აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ასევე გაუგებარია თუ რატომ საერთოდ არ გაითვალისწინა შემოწმებამ საწარმოს დოკუმენტალური ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, 2023 და 2024 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი ავტონაწილებზე 16% და ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე კატეგორიების შესაბამისად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი დაუსაბუთებულია, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. ასევე აღნიშნავს, რომ პარალელურად ჩატარდა შპს „--------“- ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ანალოგიურ საკითხზე არსებობს ფინანსთა სამინისტროს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც ფინანსთა სამინისტრომ არ მიიჩნია მართლზომიერად შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2025 წლის №„--------“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია აწარმოებს ბუღალტერიას საბუღალტრო პროგრამა ფინაში, სადაც საცალოდ საქონელს ჩამოწერს ჯამურად თვის ჭრილში, ასევე საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკები არც თარიღით და არც თანხობრივად არ ედრება პროგრამულად რეალიზაციის გატარებებს. საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას. შემოწმების პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის თანხა შეადგენს 1 247 177 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 31 979 ლარს. დოკუმენტური რეალიზაციით ვერ მოხდა ფასნამატის დადგენა. შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგად 2023 და 2024 წლებში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი ავტონაწილებზე 16% და ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე კატეგორიების შესაბამისად (საცალო). საბოლოოდ დადგინდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.
„--------“-ის საქმიანობა ნაწილობრივ იდენტურია შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) საქმიანობის. ვინაიდან შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) დოკუმენტური რეალიზაცია თითქმის არ არსებობდა (რაც, არსებობდა იმით შეუძლებელი იყო ფასნამატის დადგენა), გადამხდელს დაევალა წარმოედგინა ის პირები, ვისზეც ხდებოდა პროდუქციის რეალიზაცია. გადამხდელმა არ წარმოადგინა აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, აღნიშნული ჩაითვალა საცალო რეალიზაციად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი კატეგორიების შესაბამისად. შპს „--------“-ზე კი გავრცელებულია საბითუმო ფასნამატი. გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია, რომ თითქოს შემოწმებამ იხელმძღვანელა სხვა კომპანიის ბრუნვებით სიმართლეს არ შეესაბამება. შემოწმებამ იხელმძღვანელა სხვა კომპანიის აუდირებული ფასნამატით, ვინაიდან კომპანიის ფასნამატის დადგენა შეუძლებელი იყო. აღნიშნული კი ეცნობა გადასახადის გადამხდელს სატელეფონო კომუნიკაციისას. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა (ჩაითვალა, რომ გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია, ხოლო კრედიტორული დავალიანების მიზნებისთვის გათვალისწინებულ იქნა შეძენის ღირებულება სრულად) განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად 2024 წლის მაისის თვეში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე) და აგროსილი თანხა დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე (ინვოისი) მეტი ოდენობით გადახდილი თანხების გაცემულ სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და საბაჟოზე წარდგენილი ინვოისების შედარების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ უცხოური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები აღემატება ინვოისებში დაფიქსირებულ თანხებს. გადამხდელი განმარტავს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ნაწილი თანხით შპს „--------“-ის დავალიანება დაფარა სხვა ჩინური კომპანიის მიმართ. წარმოდგენილია ურთიერთშედარება. დარჩენილ თანხაზე დოკუმენტური დასაბუთება არაა წარმოდგენილი. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე მეტი ოდენობით თანხები ჩაითვალა უცხოელ მომწოდებლებზე, არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-8 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტზე, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების დაბეგვრასთან მიმართებით და განმარტავს, რომ უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე (ინვოისი) მეტი ოდენობით გადახდილი თანხები შემოწმებით დაკვალიფიცირდა არარეზიდენტზე გაცემულ სესხად, რაც საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია მოგების გადასახადში დარიცხული თანხები, აღნიშნულ ნაწილში დაევალოს აუდიტის დეპარატამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2025 წლის №-------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და საბაჟოზე წარდგენილი ინვოისების შედარების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ უცხოური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები აღემატება ინვოისებში დაფიქსირებულ თანხებს. გადამხდელი განმარტავს, რომ ერთ-ერთ კომპანიამ ნაწილი თანხით შპს „--------“-ის დავალიანება დაფარა სხვა ჩინური კომპანიის მიმართ. წარმოდგენილია ურთიერთშედარება. აღნიშნული გაითვალისწინა შემოწმებამ. დარჩენილ თანხაზე დოკუმენტური დასაბუთება არაა წარმოდგენილი. საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ უცხოელ მომწოდებელზე შესაბამის დოკუმენტებზე მეტი ოდენობით თანხები ჩაითვალა უცხოელ მომწოდებლებზე - არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით პერიოდის ბოლოს. გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში ინფორმაციის სრულყოფილად წარმოუდგენლობაზე დაჯარიმებულია 400 ლარით.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევსრ,რომ დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ასევე გაუგებარია თუ რატომ საერთოდ არ გაითვალისწინა შემოწმებამ საწარმოს დოკუმენტალური ფასნამატი.
2.გადამხდელისთვის გაუგებარია მოგების გადასახადში დარიცხული თანხები, აღნიშნულ ნაწილში დაევალოს აუდიტის დეპარატამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის თანხა შეადგენს 1 247 177 ლარს, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 31 979 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად 2024 წლის მაისის თვეში და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.გადამხდელის მიერ საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და საბაჟოზე წარდგენილი ინვოისების შედარების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ უცხოური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები აღემატება ინვოისებში დაფიქსირებულ თანხებს. გადამხდელი განმარტავს, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ნაწილი თანხით მომჩივანის დავალიანება დაფარა სხვა ჩინური კომპანიის მიმართ. წარმოდგენილია ურთიერთშედარება. დარჩენილ თანხაზე დოკუმენტური დასაბუთება არაა წარმოდგენილი. საგადასახადო კოდექსის სსკ-ის 982 მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ უცხოელ მომწოდებლებზე შესაბამის დოკუმენტებზე მეტი ოდენობით თანხები ჩაითვალა უცხოელ მომწოდებლებზე, არარეზიდენტებზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5,9),97,982,101,154,158,159.