ბრძანება N 16284

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.07.2026
№ დოკუმენტი 16284
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 16284

15 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ----ს (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---) 2026 წლის 9, 16, 25 ივნისის, პირველი და 3 ივლისის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 18, 25 ივნისის და 2 ივლისის სხდომებზე (ოქმები №53, №56 და №58) განიხილა ---ს (ს/ნ ---) 2026 წლის 9 ივნისის №102771/1/2026, 16 ივნისის №102905/1/2026, 25 ივნისის №CA00412611237835 (რეგ. №107121/21), №CA00412611239635 (რეგ. №107145/21), პირველი ივლისის №CA00412611656941 (რეგ. №111812/21) და 3 ივლისის №CA00412611775337 (რეგ. №112988/21) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 13 მაისის №006-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საცხოვრებელი ბინებისა და ავტოფარეხების რეალიზაციის ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად განხილვას და საშემოსავლო გადასახადსა და დღგში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კონკრეტულ ბინებში გადასახადის გადამხდელი თავად ცხოვრობდა, რაც დასტურდება კომუნალური გადასახადებით, ოჯახური საალბომო სურათებითა და გადაღებული მცირე ვიდეოებით. საცხოვრებელი ბინების გადასახადის გადამხდელის მიერვე საცხოვრებლად გამოყენებას ასევე დაადასტურებენ კორპუსის მეზობლებიც. მომჩივანის განმარტებით, 2025 წელს 2 საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის ეკონომიკურ საქმიანობად განხილვა არასწორია, რადგან საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი განსხვავდება დღგ-ის გადამხდელისა და დაბეგვრის ობიექტისგან.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის 14 მაისის №143 საჯარო გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, „მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში (დეველოპერული საქმიანობა, იპოთეკური მოთხოვნების უზრუნველყოფა და სხვა) განხორციელებული მიწოდება არ განიხილება საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაციად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის“.

ასევე, საცხოვრებელი ბინის/სახლის ფლობა, მისი გაქირავება ან შემდგომი გასხვისება, არ მიიჩნევა სამეწარმეო საქმიანობად თუ ასეთი ოპერაციები არ ატარებს სისტემატურ და ორგანიზებულ ხასიათს - აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შეუძლებელია სისტემატურ და ორგანიზებულ ხასიათად ჩაითვალოს ბინის 2019, 2020 ან 2021 წელს შეძენა და მისი რეალიზაცია 2024 და 2025 წელს (3-4-5 წლის შემდეგ). თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2026 წლის 14 მაისს მიღებულ №143 საჯარო გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა 2026 წლის 15 მაისს. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველი ოპერაციები განხორციელდა საჯარო გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე პერიოდში შემოწმება აღნიშნული საჯარო გადაწყვეტილებით ვერ იმოქმედებდა.

ასევე, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის №7536 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე და აღნიშნავს, რომ მეთოდური მითითებით, ხუთი ბინის/სახლის რეალიზაცია ვერ ჩაითვლება რეგულარულ ეკონომიკურ საქმიანობად. შესაბამისად, თუ მოცემულ შემთხვევაში საკითხისადმი შეიცვალა მიდგომა მაშინ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს საკუთარი პრაქტიკიდან გადახვევის მართლზომიერება.

ამასთან, მომჩივნის განმარტებით, დარღვეულია მტკიცების ტვირთის განაწილებაც, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების არსებობა უნდა დაამტკიცოს შემოწმებამ თუმცა მოცემულ შემთხვევაში შემოწმების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კომერციულ-ორგანიზაციულ საქმიანობას და სხვა წინაპიროებებს, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად არის საჭირო.

ამას გარდა, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების დანიშვნის ბრძანებაში და საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული კონკრეტული საკითხი, რომელზეც ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, მაშინ როდესაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ შემოსავალს და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ ამის ნაცვლად საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. დამატებით, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული შეძენილი მასალების, საბანკო და კომუნალური ხარჯები, ასევე, სარემონტო სამუშაოების ღირებულება და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიმდინარე გადასახდელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე გადასახდელები ერიცხება მხოლოდ საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც არ წარმოადგენს ---. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიმდინარე გადასახდელების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №7847 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 7 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 13 მაისის №10620 ბრძანება და ამავე თარიღის №006-154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 021 936 ლარი, მათ შორის, გადასახადი 658 837 ლარი, ჯარიმა 232 689 ლარი და საურავი 130 410 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 

 გადასახადის გადამხდელი, შემოსავლების სამსახურის გადასახადენოს ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, არის არამეწარმე ფიზიკური პირი. შემოწმებამ საჯარო რეესტრის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული პირი 2019-2026 წლებში ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების უძრავი ქონების (ბინა, ავტოსადგომი, მიწა) შეძენასა და რეალიზაციას. ამ პერიოდებში რეალიზებულია 25-ზე მეტი უძრავი ქონება.

საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების ჩატარების ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით, დეტალურად შესწავლას დაექვემდებარა 2023-2026 წლებში განხორციელებული ოპერაციები. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 2 ავტოსადგომი და 5 ბინა. აღნიშნული რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი (საჯარო რეესტრში წარდგენილ ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ქონების ღირებულების ჯამი) შეადგენს 2 853 542 ლარს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით საქონლის შეძენა. შემოწმებამ დეტალურად შეისწავლა ზედნადებები და რეალიზებული უძრავის ქონების მისამართებზე მიტანილი საქონელი გამოიყო ცალკე ჯგუფად, მისამართების და ქონების საკადასტრო მონაცემების მიხედვით. გადასახადის გადამხდელი უძრავი ქონების სისტემატიური/არაერთჯერადი შეძენა-რეალიზაციის მიუხედავად, არ ახორციელებდა შესაბამისი გადასახადების დეკლარირებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100 და 102- ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია 2 ავტოსადგომისა და 5 ბინის რეალიზაცია 2 853 542 ლარად. აღნიშნული თანხა წარმოადგენს შემოსავალს, რომელიც მიღებულია ეკონომიკური საქმიანობიდან და შემოწმების მიერ ასახულია შესაბამისი საგადასახადო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში.

შემოწმების მიერ გამოქვითვას დაექვემდებარა უძრავის ქონების შეძენისა და უძრავი ქონების მოწყობასთან დაკავშირებული თანხები (ზედნადებით შეძენილი საქონელი). პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 შემოწმებამ საჯარო რეესტრის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული პირი 2019-2026 წლებში ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების უძრავი ქონების (ბინა, ავტოსადგომი, მიწა) შეძენასა და რეალიზაციას. ამ პერიოდებში რეალიზებულია 25-ზე მეტი უძრავი ქონება.

შესამოწმებელ პერიოდში, 2023-2026 წლებში რეალიზებულია 2 ავტოფარეხი და 5 ბინა, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც შეადგენს 2 853 542 ლარს. აღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით მიღებული თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. პირის მიერ, შემოწმების პერიოდში, პირველი რეალიზაცია განხორციელდა 2024 წლის 23 აპრილს. რეალიზებული ბინის ღირებულება შეადგენდა 148 500 დოლარს, რაც ამ დღის კურსის შესაბამისად იყო 396 925 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, 2024 წლის 23 აპრილი განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, კონკრეტულ ბინებში გადასახადის გადამხდელი თავად ცხოვრობდა, რაც დასტურდება კომუნალური გადასახადებით, ოჯახური საალბომო სურათებითა და გადაღებული მცირე ვიდეოებით.

საცხოვრებელი ბინების გადასახადის გადამხდელის მიერვე საცხოვრებლად გამოყენებას ასევე დაადასტურებენ კორპუსის მეზობლებიც. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ საცხოვრებელი მიზნით გამოყენებასთან ერთად, მას ორ წელზე ადრე რეალიზებული აქვს მხოლოდ ერთი უძრავი ქონება.

საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებული უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შესწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული ბინების საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი და თუ დადასტურება, რომ გადასახადის გადამხდელი კონკრეტულ ბინებს იყენებდა საცხოვრებელი დანიშნულებით აღნიშნული ბინების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული შეძენილი მასალების, საბანკო და კომუნალური ხარჯები, ასევე, სარემონტო სამუშაოების ღირებულება და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.

საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/რემონტის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდა ბინების გარემონტებულ მდგომარეობაში რეალიზაციის ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოწმებამ საჯარო რეესტრის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დაადგინა, რომ აღნიშნული პირი 2019-2026 წლებში ახორციელებს სხვადასხვა დანიშნულების უძრავი ქონების (ბინა, ავტოსადგომი, მიწა) შეძენასა და რეალიზაციას. ამ პერიოდებში რეალიზებულია 25-ზე მეტი უძრავი ქონება. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების ჩატარების ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით, დეტალურად შესწავლას დაექვემდებარა 2023-2026 წლებში განხორციელებული ოპერაციები.

შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 2 ავტოსადგომი და 5 ბინა. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად, მიღებულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობა კი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მიმდინარე გადასახდელების დარიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციები შემოწმებით მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობად და ასევე ატარებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამეწარმეო საქმიანობის ნიშნებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---ს (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შესწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული ბინების საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი და თუ დადასტურება, რომ გადასახადის გადამხდელი კონკრეტულ ბინებს იყენებდა საცხოვრებელი დანიშნულებით აღნიშნული ბინების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის/რემონტის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდა ბინების გარემონტებულ მდგომარეობაში რეალიზაციის ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საცხოვრებელი ბინებისა და ავტოფარეხების რეალიზაციის ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად განხილვას და საშემოსავლო გადასახადსა და დღგში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ შემოსავალს და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიმდინარე გადასახდელებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით საქონლის შეძენა. შემოწმებამ დეტალურად შეისწავლა ზედნადებები და რეალიზებული უძრავის ქონების მისამართებზე მიტანილი საქონელი გამოიყო ცალკე ჯგუფად, მისამართების და ქონების საკადასტრო მონაცემების მიხედვით. გადასახადის გადამხდელი უძრავი ქონების სისტემატიური/არაერთჯერადი შეძენა-რეალიზაციის მიუხედავად, არ ახორციელებდა შესაბამისი გადასახადების დეკლარირებას.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია 2 ავტოსადგომისა და 5 ბინის რეალიზაცია 2 853 542 ლარად. აღნიშნული თანხა წარმოადგენს შემოსავალს, რომელიც მიღებულია ეკონომიკური საქმიანობიდან და შემოწმების მიერ ასახულია შესაბამისი საგადასახადო პერიოდების ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების მიერ გამოქვითვას დაექვემდებარა უძრავის ქონების შეძენისა და უძრავი ქონების მოწყობასთან დაკავშირებული თანხები (ზედნადებით შეძენილი საქონელი). პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა .

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონებების რეალიზაციის გზით მიღებული თანხები ასევე დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შესწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტული ბინების საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი და თუ დადასტურება, რომ გადასახადის გადამხდელი კონკრეტულ ბინებს იყენებდა საცხოვრებელი დანიშნულებით აღნიშნული ბინების რეალიზაციის შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდა ბინების გარემონტებულ მდგომარეობაში რეალიზაციის ფაქტი, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9 (1); 158; 165 (1); 159 (1); 163 (1,2); 102 (1); 82 (1); 81(3); 148 (1); 105 (10; 72 (1); 73 (5); 155 (1).