ბრძანება N 19641
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19641
03 სექტემბერი 2026
ბრძანება
ი/მ „-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.: „-------“)
2026 წლის 29 ივლისისა და 5 აგვისტოს საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა ი/მ „-------“-ის (ს/ნ „-------“) №103753/1/2026 და №135560/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №001-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ პირი ბუღალტრულ აღრიცხვას აწაროებს ელექტრონულად, საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია 800-მდე ავტომობილი, რაც ასახულია ბუღალტრულ მონაცემებში და შესაბამისს საგადასახადო დეკლარციებში. თუმცა, შემოწმებამ იმ მოტივით, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ტექნიკური უზუსტობის გამო არ იყო ასახული რამდენიმე ავტომობილი მიიაჩნია, რომ პირი სრულყოფილად არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, შემოწმების მიერ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან (ავტომობილების რეალიზაცია) არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დამატებით გადასახდელ თანხად საშემოსავლო გადასახადში განესაზღვრა 25 000 ლარი და თუ მხედველობაში მივიღებთ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ავტომობილების საერთო რაოდენობას (800 ცალი), საშუალოდ დამატებით დარიცხული თანხა ერთეულზე გაანგარიშებით შეადგენს 30 ლარს, რაც შემოწმების მხირდანვე ადასტურებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არსებითად სწორად შესრულებას და არ წარმოშობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისა და მის შედეგად დამატებით თანხების დარიცხვის საფუძველს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რამდენიმე უძრავი ქონების რეალიზაციის სამეწარმეო საქმიანობად განხილვას, დღგ-ის განსაზღვრასა და საშემოსავლო გადასახადის 20%-იან განაკვეთს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩუქებით გაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აღნიშნული ქონების შესყიდვისას არ ყოფილა მიღებული დღგ-ის ჩათვლა და არც შესაბამისი ღირებულა იქნა გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე, გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მას არ ჰქონდა გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება.
4. მომჩივანი არ ეთანხმება ავტომობილებისა და უძარვი ქონების რეალიზაციისას საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას კონკრეტულ შემოსავლებზე ხარჯების მიკუთვნებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ხარჯების დიდი ნაწილი არაპროპორციულად მიკუთვნებულია შემოსავლის იმ ტიპზე, რომლიც 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად იმისა რომ ხარჯები მიკუთვნებული იყოს იმ შემოსავალზე, რომლის მისაღებადაც კონკრეტული ხარჯი გაიწია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ხარჯი გაწეულ იქნა, როგორც 20% ასევე 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავლისთვის, მაშინ ხარჯები მიკუთვნებული უნდა იყოს შემოსავლის პროპორციულად.
5. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის №1595 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის პირველი ივლისის №14824 ბრძანება და ამავე თარიღის №001-154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 927 503 ლარი, მათ შორის გადასახადი 521 266 ლარი, ჯარიმა 269 667 ლარი და საურავი 136 570 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 11 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 16 თებერვალს. პირის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების იმპორტი და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, რეექსპორტის რეჟიმში. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბინების და კომერციული ფართების შეძენა/რეალიზაციები. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 690 976 ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული აქვს 37 795 ლარი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც არასრულად არის აღრიცხული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები რომელთა მიხედვითაც პირს ეკუთვნოდა დღგ-ის თანხის ჩათვლა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საბაჟო დეკლარაციები. შესაბამისად, დაუკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 61 206 ლარით.
ამასთან, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართევლოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადასახადის გადამხდელის უფიქსირდება საცხოვრებელი და კომერციული ფართების რეალიზაცია, აღნიშნული საქმინაობების ფარგლებში მიღებული შემოსავალი სრულად არ არის დეკლარირებული და დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად, წარმოდგენლია საბუღალტრო პროგრამა ორისი რომელიც არ მოიცავს სრულ ინფორმაციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულბები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების შესწავლა-ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. ხოლო უძრავი ქონებების შედეგად მიღებული შემოსავალი და ხარჯი განისაზღვრა ხელშეკრულებების მიხედვით და დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრა 20%-იანი განაკვეთით. შესაბამისად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი. შედეგად პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
2. ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება:
ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/ არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც არასრულად არის აღრიცხული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ავტომობილების შეძენა/რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ბუღალტრული პროგრამის მიხედვით გადასახადის გადამხდელს რეალიზებული ქონდა 777 ავტომობილი. შემოწმების პროცესში შესწავლის შედეგად დადგინა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წელს რეალიზებული აქვს 172 ავტომობილი, 2024 წელს - 350 ავტომობილი, 2025 წელს - 324 ავტომობილი, სულ ჯამში შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 846 ავტომობილი. ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო სრულად დეკლარირებული. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა არასრულია და არ ასახავს ეკონომიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას, შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების/მონაცემების იდენტიფიცირება. ამასთან, რეალიზებული უძრავი ქონების ნაწილში ვერ განხორციელდა დეკლარირებული მონაცემების გაშიფვრა, წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არ არის ასახული საცხვრებელი ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ შეუძლებელი იქნა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში რეალიზებულ ავტომობილებთან დაკავშირებით არასრულად, ხოლო რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით არ იყო ინფორმაცია ასახული, რამაც შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, არაპირდაპირი მეთოდით საგადახადო ვალდებულებების განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2023 წელს გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს 1 ბინა და 2 ტერასა, 2024 წელს 3 კომერციული ფართი, 7 ბინა, 1 ტერასა და 2 დამხმარე ფართი, ხოლო 2025 წელს რეალიზებულ იქნა 2 ბინა. აქედან 12 ფართი შეძენილია ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხოლო 5 ფართი შეძენილია ნასყიდობა/გამოსყიდვის უფლებით. შემოწმების მიერ აღნიშნული ფართების მიწოდება არ იქნა მიჩნეული როგორც საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია და დაიბეგრა, როგორც სასაქონლო მატერიალური ფასეულობის რეალიზაციიდან წარმოშობილი დასაბეგრი შემოსავალი, საშემოსავლო გადასახადის 20%- იანი განაკვეთით, ასევე რეალიზაციის ღირებულებები დაიბეგრა დღგ-ით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, სადაც კანონმდებელი ამომწურავად ჩამოთვლის იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობად შეფასდება კონკრეტული ქმედება. კერძოდ, დასახელებული ნორმის დისპოზიციის თანახმად სამეწარმეო საქმიანობად განიხილება საქმიანობა, რომელიც მოგების მიღების მიზნით ხორციელდება მართლზომიერად, არაერთჯერადად, დამოუკიდებელად და ორგანიზებულად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მწოდებული ინფორმაციის შეფასების შედეგად შემოსავლების სამასხური განმარტავს, რომ მოცემულ ფაქტობრივი გარემოებები კონკრეტულ შემთხვევაში სრულად აკმაყოფილებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულ იმ წინაპიროებებს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის ცნების შესაფასებლად არის იმპლემენტირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობა დაკვალიფიცირებულ იქნა, როგორც სამეწარმეო საქმიანობა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ის თანხა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული კონკრეტული განაკვეთი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტზე, რომლის მიხედვით ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციით, გადამხდელს ხელშეკრულებით უფიქსირდებოდა ბინის ჩუქება ი/მ „-------“-ზე (ს/ნ „-------“), რომელსაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით უფიქსირდება დიდი რაოდენობის ავტომობილების ყიდვა/გაყიდვა. აღნიშნული გარეოების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმების ჯგუფის მიერ ვერ დადგინდა განხორციელებული ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი, ბინის მიწოდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა ანალოგიური ბინების რეალიზაციის ფასით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარსა და საჩივრის ზეპირ განხილვაზე დაფიქსირებულ პოზციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს გაჩუქებულ უძრავ ქონებაზე არ ჰქონდა ჩათვლა მიღებული. ამასთან, მას არ ჰქონდა გადასახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება, ვინაიდან დასაჩუქრებული პირი წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების თანახმად, შემოსავლების სამსახური იმის გათვალისწინებით, რომ პირს უსასყიდლოდ აქვს გადაცემული უძრავი ქონება, რომელზეც არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა, ასევე, ჩუქებით ქონება მიღებული აქვს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირს, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ოპერაცია არ არის დღგ-ით დასაბეგრი და მომჩივნისთვის არ წარმოშობს აგენტის ვალდებულებას, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ჩუქების საფუძველზე, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, ხარჯების დიდი ნაწილი არაპროპორციულად მიკუთვნებულია შემოსავლის იმ ტიპზე, რომლიც 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად იმისა რომ ხარჯები მიკუთვნებული იყოს იმ შემოსავალზე, რომლის მისაღებადაც კონკრეტული ხარჯი გაიწია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ხარჯი გაწეულ იქნა, როგორც 20% ასევე 5%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავლისთვის, მაშინ ხარჯები მიკუთვნებული უნდა იყოს შემოსავლის პროპორციულად.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს აქვს შერეული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს დაბეგვრის ორ სხვადასხვა განაკვეთს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კონკრეტული ხარჯები მიაკუთვნოს იმ შემოსავალს, რომლის მისაღებადაც იგი იქნა გაწეული, ხოლო თუ კონკრეტული ხარჯი გაწეულია ორივე განაკვეთით მისაღები შემოსავლის მიღებისთვის მაშინ, ხარჯები განაკვეთების მიხედვით განსაზღვროს მიღებული შემოსავლის პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა, საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ჩუქების საფუძველზე, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კონკრეტულ ხარჯები მიაკუთვნოს იმ შემოსავალს, რომლის მისაღებადაც იგი იქნა გაწეული, ხოლო თუ კოონკრეტული ხარჯი გაწეულია ორივე განაკვეთით მისაღები შემოსავლის მიღებისთვის, მაშინ ხარჯები განაკვეთების მიხედვით განსაზღვროს მიღებული შემოსავლის პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
2.გადამხდელი არ ეთანხმება რამდენიმე უძრავი ქონების რეალიზაციის სამეწარმეო საქმიანობად განხილვას, დღგ-ის განსაზღვრასა და საშემოსავლო გადასახადის 20%-იან განაკვეთს.
3.გადამხდელი არ ეთანხმება ჩუქებით გაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას.
4.მომჩივანი არ ეთანხმება ავტომობილებისა და უძარვი ქონების რეალიზაციისას საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას კონკრეტულ შემოსავლებზე ხარჯების მიკუთვნებას.
5.გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 11 თებერვალს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 16 თებერვალს. პირის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების იმპორტი და რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, რეექსპორტის რეჟიმში. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ბინების და კომერციული ფართების შეძენა/რეალიზაციები.
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები რომელთა მიხედვითაც პირს ეკუთვნოდა დღგ-ის თანხის ჩათვლა. სსკ-ის 175-ე მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ ჩათვლაში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საბაჟო დეკლარაციები. შესაბამისად, დაუკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
ამასთან, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და სსკ-ის 159-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია ავტომანქანების შეძენა და შემდეგ რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადამხდელის უფიქსირდება საცხოვრებელი და კომერციული ფართების რეალიზაცია, აღნიშნული საქმინაობების ფარგლებში მიღებული შემოსავალი სრულად არ არის დეკლარირებული და დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანების მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანებზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. ხოლო უძრავი ქონებების შედეგად მიღებული შემოსავალი და ხარჯი განისაზღვრა ხელშეკრულებების მიხედვით და დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრა 20%-იანი განაკვეთით. შესაბამისად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი. შედეგად პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ უძრავი ქონების ჩუქების საფუძველზე, დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კონკრეტული ხარჯები მიაკუთვნოს იმ შემოსავალს, რომლის მისაღებადაც იგი იქნა გაწეული, ხოლო თუ კონკრეტული ხარჯი გაწეულია ორივე განაკვეთით მისაღები შემოსავლის მიღებისთვის მაშინ, ხარჯები განაკვეთების მიხედვით განსაზღვროს მიღებული შემოსავლის პროპორციულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),148,163,164.