ბრძანება N 13445

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.06.2025
№ დოკუმენტი 13445
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13445

25 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 28 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 ივნისის (ოქმი №46) და 12 ივნისის (ოქმი №48) სხდომებზე განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 28 მაისის №95939/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №024-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს და განმარტავს, რომ დარიცხული თანხები არასწორად არის დათვლილი, ასევე, არ არის გათვალისწინებული დარიცხვასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. აღნიშნულის მიზეზად კი კომპანიის წარმომადგენლებსა და შემოწმებას შორის საკმარისი კომუნიკაციის არარსებობას ასახელებს. გადამხდელისთვის გაუგებარია რომელი თანხები და რატომ ჩათვალა შემოწმებამ დასაბეგრად. მიუთითებს, რომ მათი მხრიდან მოხდა მოთხოვნილი ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა და ვარაუდობს, რომ არასწორი დარიცხვა შესაძლო წარმოადგენდეს შემოწმების მიერ დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას.

ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებას მხედველობაში უნდა მიიღოს დამფუძნებლის შენატანები კაპიტალში, რასთან დაკავშირებითაც წარმოადგენს მტკიცებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 თებერვლის №2120, 11 თებერვლის №2342 და 20 თებერვლის №3085 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 22 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 25 აპრილის №7560 ბრძანება და ამავე თარიღის №024-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 121 021 ლარი, მათ შორის, გადასახადი 69 869 ლარი, ჯარიმა 38 645 ლარი, საურავი 12 507 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

● გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ამონაწერში უფიქსირდება თანხის გატანა 231 177 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა აღნიშნული თანხების გამოყენების მიზნობრიობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, თუმცა გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა ხარჯთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით, შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე, გაცემულია 392 412 ლარი. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა დოკუმენტაცია თანხების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულ საკითხზე წარმოადგინა 381 740 ლარის შესყიდვის აქტები, რითიც აღნიშნავდა რომ მის მიერ შეძენილია ლითონის მილები, დახერხილი ფიცრები და ხის კოჭები. შემოწმების მიერ აღნიშნული შესყიდვის აქტები გადამოწმებულია მეორე მხარეებთან და მათ მიერ მასალების გაყიდვა დასტურდება. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებით გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით არ წარმოადგენდა ხარჯის დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით, შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმო სრულად არ ადეკლარირებს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილ თანხებს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით, შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ამონაწერში უფიქსირდება თანხის გატანა. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა აღნიშნული თანხების გამოყენების მიზნობრიობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ხარჯთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმო სრულად არ ადეკლარირებს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილ თანხებს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოწმებამ მხედველობაში უნდა მიიღოს დამფუძნებლის შენატანები კაპიტალში, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს მტკიცებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −

იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −

იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −

იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −

იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს.

2. ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ამონაწერში უფიქსირდება თანხის გატანა. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა აღნიშნული თანხების გამოყენების მიზნობრიობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა ხარჯთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ აღნიშნული ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმო სრულად არ ადეკლარირებს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილ თანხებს.

შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალში განხორციელებული შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 269(7)