გადაწყვეტილება №22729/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2024
№ დოკუმენტი 22729/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 22729/2/2024

04 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22729/2/2024).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №081-192 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 დეკემბრის №30345 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 218 597 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 134 278

დღგ - 74 278

საშემოსავლო გადასახადი - 60 000

ჯარიმა - 71 986

საურავი - 12 333

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ვაჭრობა, ძირითადად ხილით და ბოსტნეულით. ასევე, უფიქსირდება უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების და რძის პროდუქტების შეძენა და რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №10078 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 15 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს 2021 წლის იანვარში განხორციელებული აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაცია. შემოწმების პროცესში კომპანიის უფლებამოსილ პირთან დაკავშირება ვერ მოხერხდა (საწარმოს მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის). შესაბამისად, არ არის წარდგენილი

ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. შედეგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, კომპანიის დოკუმენტური რეალიზაციიდან გამომდინარე გაანგარიშდა კონკრეტული დასახელების საქონლის ფასნამატები, ხოლო საქონელზე, რომელზეც დოკუმენტური რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა, გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო ფასნამატი. დანარჩენი საქონლის თვითღირებულებაზე, რომელთა დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდებოდა, კონკრეტული ჯგუფის/კატეგორიის შესაბამისად, გავრცელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 671 349 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა - 412 661 ლარი, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომლის შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი - 240 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). შემოწმებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით დადგენილი შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №23230 ბრძანება და №081-192 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 218 597 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 დეკემბრის №30345 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 7.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.03.2024 წლის №21807/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო ითხოვს დავის განახლებას. 240 000 ლარი დირექტორის ხელფასად გაცემა - საიდან ამხელა თანხა, როდესაც საწარმოს ჰქონდა ბრუნვა დღგ-ის გარეშე 580 000 ლარი. მალფუჭებად საქონელზე ამხელა ფასნამატი საიდან. არ ეთანხმება დარიცხვას, არასწორია. ითხოვს მოხდეს თავიდან გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, თუმცა ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დავის განახლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №23230 ბრძანება და №081-192 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 218 597 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 დეკემბრის №30345 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 7.01.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 7.03.2024 წლის №21807/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დავის განახლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;299(7);