ბრძანება N 24664

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2025
№ დოკუმენტი 24664
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24664

07 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ის“ (ს/ნ --------------)

(მის.: ----------------------------------)

2025 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ --------------) 2025 წლის 9 ოქტომბრის №-----/1/2025 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 სექტემბრის №007-248 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიას წარმოდგენილი აქვს ბუღალტრული პროგრამა, სადაც სრულად აქვს ასახული შესყიდვები, რეალიზაციები, ხარჯები და სხვა სამეურნეო ოპერაციები. აცხადებს, რომ სმფ-ების დაჯგუფება და ფასნამატის გაანგარიშების მეთოდი შეუსაბამოა რეალობასთან. მიუთითებს, რომ რეალიზაციებზე არასწორად არის დათვლილი და გავრცელებული შეძენილი საქონლის თვითღირებულებები. აღნიშნავს, რომ კომპანიის კლიენტებს წარმოადგენენ საბითუმო მოვაჭრეები, რაც დასტურდება დოკუმენტურად და ასახულია სასაქონლო ზედნადებებშიც. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ განსაზღვრული დაბალი მარჟა განპირობებულია კომერციული გადაწყვეტილებით, კერძოდ, სხვა ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის. აცხადებს, რომ კომპანიის რეალური ფასნამატი წარმოადგენს საშუალოდ 15%-ს, ხოლო შემოწმებამ დაადგინა 54%-იანი ფასნამატი, რაც არ შეესაბამება რეალობას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის განსაზღვრას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ სალაროში უძრავი ფულის ნაშთის არსებობა უკავშირდება კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, ხოლო სალაროში ფულის ნაშთის არსებობის შეზღუდვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12958 და 2 სექტემბრის №19405 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 2 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 სექტემბრის №19869 ბრძანება და ამავე თარიღის №007-248 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 293 674 ლარი, მათ შორის, გადასახადი 686 866 ლარი, ჯარიმა 441 132 ლარი, საურავი 165 676 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ---- ბაზრობის ტერიტორიაზე ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით ვაჭრობა. გადამხდელი ახორციელებს საქონლის იმპორტს ----დან. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში, წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც მონაცემები შეყვანილია ჯამურად, კერძოდ, ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზაციის შემთხვევაში რომელი საქონელი გაიყიდა და რომელი ჩამოიწერა. ამასთან, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების შესწავლით გაირკვა, რომ ძირითად შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით საქონლის რეალიზაციისას არ ხდება საკონტროლო-სალარო აპარატით სარგებლობა, ხოლო ჩეკები ძირითადად გამოწერილია დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციებზე, რომელიც დეკლარირებული შემოსავლის 14%-ს შეადგენს. დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი, თუმცა, შემოსავლის დოკუმენტებში მითითებულია გაყიდული საქონლის ზოგადი დასახელებები რაც ხარჯის დოკუმენტებით შეძენილია სხვადასხვა ფასად, შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დადგინდა კონკრეტულად რომელი საქონელი რა თვითღირებულებით გაიყიდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ვერ განისაზღვრა საქონლის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ დამუშავდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები. ამასთან, დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ების საწყისი ნაშთი არ ერიცხება, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი ნაშთით. გადამხდელის დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სხვა საქონელი), შესაბამისი ჯგუფის მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები. ასევე, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

. გადასახდის გადამხდელს სალაროში უფიქსირდება უძრავი ფულის ნაშთი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული დავალიანების ნაშთი არ ერიცხება, შესაბამისად, კრედიტორული დავალიანებების ნაშთების, შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით,გაანგარიშდა სალაროში ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, რომლითაც გაირკვა, რომ გადამხდელს სალაროში უფიქსირდება უძრავი ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, პერიოდების მიხედვით გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლის და ხარჯის მეათედი), დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის, რომლის მიხედვით არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთსა და 2022 წლის ივლისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები შეყვანილია ჯამურად, შესაბამისად, ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზაციის შემთხვევაში რომელი საქონელი გაიყიდა და რომელი ჩამოიწერა. საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები ძირითადად გამოწერილია დოკუმენტურ (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციებზე, რომელიც დეკლარირებული შემოსავლის 14%-ს შეადგენს, დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი, თუმცა, შემოსავლის დოკუმენტებში მითითებულია გაყიდული საქონლის ზოგადი დასახელებები რაც ხარჯის დოკუმენტებით შეძენილია სხვადასხვა ფასად, შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დადგინდა კონკრეტულად რომელი საქონელი რა თვითღირებულებით გაიყიდა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად, შესაბამისი ჯგუფის მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები. ასევე, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და სალაროს არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთსა და 2022 წლის ივლისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა, მათი ჯგუფებად დაყოფა, შესაბამისი ჯგუფის მიხედვით დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას,გაანგარიშებულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ამასთან, ასევე არ ეთანხმება ფულის ნაშთის განსაზღვრას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12958 და №19405 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №19869 ბრძანება და №007-248 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 293 674 ლარი, მათ შორის, გადასახადი 686 866 ლარი, ჯარიმა 441 132 ლარი, საურავი 165 676 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამში მონაცემები შეყვანილია ჯამურად, შესაბამისად ვერ იდენტიფიცირდება კონკრეტული რეალიზაციის შემთხვევაში რომელი საქონელი გაიყიდა და რომელი ჩამოიწერა.საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები ძირითადად გამოწერილია დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზაციებზე, რომელიც დეკლარირებული შემოსავლის 14%-ს შეადგენს. დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი, თუმცა, შემოსავლის დოკუმენტებში მითითებულია გაყიდული საქონლის ზოგადი დასახელებები რაც ხარჯის დოკუმენტებით შეძენილია სხვადასხვა ფასად, შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დადგინდა კონკრეტულად რომელი საქონელი რა თვითღირებულებით გაიყიდა.შედეგად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადამხდელის დოკუმენტურად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად, შესაბამისი ჯგუფის მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები. ასევე, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და სალაროს არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2022 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთსა და 2022 წლის ივლისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“9 „ბ“ ); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1„ა“ ); 163(1.2); 164(1);