ბრძანება № 32036

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.12.2023
№ დოკუმენტი 32036
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 32036

19 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 11 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 11 ნოემბრის №84879/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №002-233 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა კვერცხით. იმ პერიოდში, როდესაც საწარმოს ახალი დაწყებული ჰქონდა საქმიანობა, ვერ მოხერხდა სარეალიზაციოდ შეძენილი მალფუჭებადი პროდუქტის (39 600 ცალი კვერცხი) დროულად რეალიზაცია. გამოსაყენებლად უვარგისი/ვადაგასული საქონლის, 10 800 ცალი კვერცხის, ჩამოწერა და გადაყრა მოხდა მხოლოდ შიდა აქტით, შესაბამისი ორგანოს ინფორმირების გარეშე. ზემოაღნიშნული ფაქტი შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 16, 21 და 27 ივნისს მიღებული კვერცხის რეალიზაცია მოახდინა ივლისის თვეში, რაც დაბეგრილ იქნა როგორც გადამხდელის, ასევე შემოწმების მიერ, შესაბამისად, დაბეგრილია ორმაგად. მომჩივანი ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დარიცხული თანხების, მათ შორის, სანქციის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №18141 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 12 ივლისიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 9 ოქტომბრის №24976 ბრძანება და 10 ოქტომბრის №002-233 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 80 446 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52 275 ლარი, ჯარიმა 26 138 ლარი და საურავი 2 033 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, შპს ,,--------“ 2022 წლის მაისის თვიდან ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრი საქონლის (კვერცხის) შეძენა/რეალიზაციას. ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს არასრული/არაზუსტი მონაცემებით, დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რის საფუძველზეც, შემოწმების მიერ, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის, გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლის თვითღირებულება (305 090 ლარის ღირებულების მალფუჭებადი საქონელი), დადგენილ იქნა დოკუმენტურად განხორციელებული რეალიზაციისას თითოეული კატეგორიის საქონლის ფასნამატი (კვერცი 0 კატეგორიაზე - 6%; 1 კატეგორიაზე - 8% და 2 კატეგორიაზე - 9%), შესაბამისად დადგენილ იქნა საცალოდ განხორციელებული რეალიზაციის ღირებულება. გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სარეალიზაციო პროდუქციის რეალური ნაშთის ღირებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის.

შესწავლილი მასალების საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს (ბრუნვა 91 025 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შპს ,,---------“ ფულადი სახსრების მოძრაობა გაანგარიშებულ იქნა ფაქტობრივად დადგენილი შემოსავლისა და დოკუმენტურად დაფიქსირებული ხარჯების ურთიერთშეპირისპირებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ფულის ინვენტარიზაციის ამსახველი ინფორმაციით, კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს

873 ლარს (25.07.2023წ). დოკუმენტური მტკიცებულება დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების შესახებ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. შემოწმებით, შესწავლილი მასალების საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით, დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით ფიქსირდება დაუდეკლარირირებელი გაცემული ხელფასი 200 ლარის ოდენობით, რაც შემოწმების მიერ დაბეგრილ იქნა შესაბამის პერიოდში და გათვალისწინებულია ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებაში.

შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და დაერიცხა 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს არასრული/არაზუსტი მონაცემებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლის თვითღირებულება, დადგენილ იქნა დოკუმენტურად განხორციელებული რეალიზაციისას თითოეულ კატეგორიის საქონლის ფასნამატი, შესაბამისად, დადგენილ იქნა საცალოდ განხორციელებული რეალიზაცია. გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სარეალიზაციო პროდუქციის რეალური ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. შესწავლილი მასალების საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ასევე, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად.

გადამხდელის პრეტენზიაზე, 2022 წლის ივლისის თვეში რეალიზებული საქონლის ორმაგად დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დეკლარირებული მონაცემების/ბრუნვის გათვალისწინებით. აგრეთვე, პირს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ჩამოწერილი ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების, მათ შორის, სანქციის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესწავლილი მასალების საფუძველზე, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით, დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.შედეგად, გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და დაერიცხა 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:7395);159(1);163(1);164(1);145(6);101(1);154(1);