ბრძანება N 16716
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16716
11 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 12 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა ი/მ „-------“ (ს/ნ -------) №81594/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 მაისის №249-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს (20%) და მის საფუძველზე დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. არამართლზომიერად თვლის სხვადასხვა სახის საქონელზე ერთიანი საშუალო ფასნამატის გავრცელებას მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. აცხადებს, რომ საქონლის თითოეულ პოზიციაზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი ფასნამატი და მთლიან რეალიზაციაში მათი ხვედრითი წილის მიხედვით გაანგარიშებულიყო მისაღები შემოსავალი.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის, შემოწმებით განსაზღვრულ ოდენობას. აცხადებს, რომ შემოსავლის დათვლისას შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ვენახის ასაკი და მოსავლის აღების პერიოდი. განმარტავს, რომ ახალაშენებული ვენახი ნაკლებ მოსავალს იძლევა და რაც უფრო მეტად ხდება ყურძნის დამწიფება, მეტად იკლებს ყურძენი წონაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1661 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 8 მაისის №10090 ბრძანება და ამავე თარიღის №249-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 58 432 ლარი, მათ შორის, გადასახადი 33 524 ლარი, ჯარიმა 16 132 ლარი, საურავი 8 776 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში აწარმოებს ვენახის ბოძებს. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ პირს არ აქვს ბუღალტრულ აღრიცხვა. მეწარმემ შემოწმებას წარმოუდგინა ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და საბანკო ამონაწერები, ასევე კალკულაციები წარმოებული ბოძების და ფასნამატის შესახებ. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაწერილი ფასნამატი ედრება მის მიერ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის რეალიზაციის ფასნამატს და შეადგენს 20 %-ს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახდის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლის დაანგარიშებისას ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელი ------- რაიონში, სოფელ ------- ფლობს 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, სადაც პირს გაშენებული აქვს 22 ჰექტარზე საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის ვენახი, ხოლო დანარჩენ მიწებზე გაშენებულია ატმის ბაღი და სიმინდის ყანები. პირმა წარმოადგინდა შესამოწმებელ პერიოდში 1 ჰექტარზე საშუალოდ მიღებული მოსავალი საქონლის სახეობის მიხედვით, ასევე საქონლის ჩაბარების (სარეალიზაციო) ფასი. გადამხდელის ინფორმაციით და შემოწმების მიერ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ატმის ბაღი არის ახალი გაშენებული და შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მოსავალი არ გააჩნდა. ამასთან ერთად, გადამხდელის განმარტებით 2021 წელს აღნიშნული ვენახები დაისეტყვა, რაც დგინდება სადაზღვეო კომპანიის დოკუმენტაციით. შემოწმების პროცესში შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაციები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, რომელიც შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაანგარიშდა გადამხდელის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს პირის ვენახი დაისეტყვა და სადაზღვევო დოკუმენტაციის მიხედვით ზარალი შეადგენდა 53%-ს, 2021 წელს პირის ერთობლივი შემოსავალმა არ გადააჭარბა 200 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, 2021 წელს პირს არ წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება 2020 წელს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 207 000 ლარს. გადასახადის გადამხდელი არ ფლობს აღნიშნულ საქმიანობაში გაწეული ხარჯის დოკუმენტებს. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, ხარჯად გათვალისწინებულ იქნა შემოსავლის 75%. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატი, რომელიც ედრება მის მიერ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის რეალიზაციის ფასნამატს და შეადგენს 20 %-ს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დასაბეგრი შემოსავალი. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დაანგარიშების ნაწილში, 2021 წელს სადაზღვევო დოკუმენტაციის საფუძველზე გათვალისწინებულ იქნა ვენახის დასეტყვით გამოწვეული ზარალი. შედეგად, პირის 2021 წლის შემოსავალმა არ გადააჭარბა 200 000 ლარს და გადამხდელს არ წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, ხოლო 2020 წლის დასაბეგრი შემოსავლის დაანგარიშებისას, გამომდინარე იქიდან, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმინობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალ აჭარბებს 200 000 ლარს, ამასთან გადამხდელი არ ფლობს აღნიშნულ საქმიანობაში გაწეული ხარჯის დოკუმენტებს, გამოსაქვითი ხარჯები დაანგარიშდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად. შედეგად, მეწარმეს განესაზღვრა 2020 წლის საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს (20%) და მის საფუძველზე დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის, შემოწმებით განსაზღვრულ ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში აწარმოებს ვენახის ბოძებს. პირს არ აქვს ბუღალტრულ აღრიცხვა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და საბანკო ამონაწერები, ასევე კალკულაციები ფასნამატის შესახებ. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაწერილი ფასნამატი ედრება მის მიერ დოკუმენტურად გაყიდული საქონლის რეალიზაციის ფასნამატს და შეადგენს 20 %-ს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახდის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
2. გადამხდელი ფლობს 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, სადაც პირს გაშენებული აქვს 22 ჰექტარზე საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნის ვენახი, ხოლო დანარჩენ მიწებზე გაშენებულია ატმის ბაღი და სიმინდის ყანები. 2021 წელს პირის ერთობლივი შემოსავალმა არ გადააჭარბა 200 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, 2021 წელს პირს არ წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. რაც შეეხება 2020 წელს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 207 000 ლარს. გადასახადის გადამხდელი არ ფლობს აღნიშნულ საქმიანობაში გაწეული ხარჯის დოკუმენტებს. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, ხარჯად გათვალისწინებულ იქნა შემოსავლის 75%. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 80; 82(1-ლ); 275; 159; 163; 164
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161