ბრძანება N 14471

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 14471
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14471

23.06.2023

შპს „------------“-ის (ს/ნ ------------)

( მის.:-----------)

2023 წლის 17 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) №81070/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აპრილის №001-54 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ კომპანია კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად ბაზარზე იძიებს შეკვეთილ პროდუქციას (საშენებლო-სარემონტო მასალები, სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.). მომსახურების შესაბამისად იღებს ანაზღაურებას, რომელიც შეადგენს შეკვეთის 5%-ს (შეკვეთის რაოდენობის და ღირებულების მიუხედავად). ზემოაღნიშნულ საქონელს გადასახადის გადამხდელი შეიძენს საცალო მაღაზიებში, შესაბამისად, შემოწმებით გამოყენებული ფასნამატის ოდენობა სცდება რეალობას.

2. გადასახადის გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება შეიცავს პროდუქციის ადგილზე მიტანას, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ითხოვს ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯით შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2351 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 აპრილის №8367 ბრძანება და ამავე თარიღის №001-54 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 212 574 ლარი, მათ შორის გადასახადი 135 939 ლარი, ჯარიმა 67 865 ლარი და საურავი 8 770 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 263 874 ლარის ოდენობით. შემოწმებით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები, მესამე პირებისგან მოწოდებული ინფორმაციები. გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული საქონელი და მომსახურება სრულად ვერ დაუკავშირდა სარემონტო მომსახურებებს, აღნიშნული მომსახურების ამონაგებად გათვალისწინებული იქნა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გავრცელდა 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა). ამასთან, საანგარიშო პერიოდების ბოლოსათვის არსებული სმფ-ის ნაშთის დადგენის მიზნით, გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, რის მიხედვითაც სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის ნაშთი პერიოდების ბოლოს არ უფიქსირდება. საბოლოოდ, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. შემოწმებით ჩატარებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება შემოწმებით დადგენილ/მიღებულ შემოსავალსა და დადასტურებული ხარჯის ოდენობას შორის სხვაობა 167 657 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (გარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებისა). ამასთან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის თებერვალში ჩატარებულია სალაროს ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროს ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტოსაიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. აღნიშნულ მომსახურებაზე შემოწმებით გავრცელდა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე - 13.32%-იანი ფასნამატი (სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის დროს შემოწმებით დადგენილი ფასნამატის ოდენობა).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ სხვა მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელის შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად განხილვა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2.ითხოვს ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯით შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს მიღებული აქვს ელ. ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სურსათზე, საყოფაცხოვრებო საქონელსა და სარემონტოსაიზოლაციო მასალებზე, ხოლო გამოწერილი აქვს ელ. ანგარიშ-ფაქტურები მომსახურებაზე. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაწეულ მომსახურებებთან ნაწილობრივ დაკავშირდა მიღებული საქონელი/მომსახურება, ხოლო მიღებული საქონლის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალა რეალიზებულად. აღნიშნულ მომსახურებაზე შემოწმებით გავრცელდა 12%-იანი ფასნამატი, სხვა დარჩენილ სარემონტო-საიზოლაციო მასალებზე - 15,32%-იანი ფასნამატი, ხოლო სურსათსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე - 13.32%-იანი ფასნამატი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

61(3);73(5,9);160(ა);161(1ა);159(1ა);163(1,2);164(1);101(1);154(1ა);