გადაწყვეტილება №19745/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 19745/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19745/2/2023

23.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 17.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19745/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №004-50 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9402 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 167 569,3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 103 638

დღგ - 47 408

საშემოსავლო გადასახადი - 56 230

ჯარიმა - 52 414

საურავი - 11 517,3

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა თუნუქის ფურცლებით ფიტინგების (სანიაღვრე მილების, მუხლების, სავენტილაციო ქუდების და სხვა) წარმოება, რეალიზაცია და მონტაჟი.

აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 11.11.2022 წლიდან 8.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:

კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ან სხვა რაიმე ფორმით. არ აღრიცხავს შემოსავალს და ხარჯს და არ გააჩნია მზა პროდუქციის კალკულაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არ აქვს სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კომპანიის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშფაქტურების) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს 15 ერთეული სასაქონლო ზედნადები. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაიშიფრა რეალიზაციისას კონკრეტული მზა პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულის/მასალების ოდენობა. დადგინდა მზა პროდუქციის თვითღირებულება. წარმოების ფასნამატის დასადგენად რეალიზაციის ერთეულის ფასი შეუპირისპირდა გაშიფრული რპთ-ის ერთეულის ფასს და დადგინდა წარმოების ფასნამატი 109%, რომელიც გავრცელდა შეძენილ ნედლეულზე/მასალაზე (საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით) და დაანგარიშდა კომპანიის შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

გადასახადის გადამხდელის განმარტების საფუძველზე, ყველა შეძენა ჩაითვალა გადახდილად, ხოლო, ყველა რეალიზაცია ანაზღაურებულად. ასევე, აღნიშნულ გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებული პირისათვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №004-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9402 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლიდან ასრულებს კრინის თუნუქის დამუშავების სამუშაოებს. დაარსების დღიდან იგი იძენს პროდუქციას და აწარმოებს. აღნიშნულ ორგანიზაციას გააჩნდა როგორც ნაშთები, ასევე დაბეგრილი თანხის ოდენობა, რომელიც გატანილი იყო დამფუძნებლის მიერ. ამ კომპანიიდან ყოველი გატანილი ლარი არის ურთიერთდამოკიდებული პირის. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატის ოდენობას 109%-ს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შედეგად, გამოყენებული მზა პროდუქციის კალკულაცია, თვითღირებულება და შესაბამისად ფასნამატიც გამოყვანილია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისივე ახსნა-განმარტების საფუძველზე. გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9402 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული ან სხვა რაიმე ფორმით. არ აღრიცხავს შემოსავალს და ხარჯს და არ გააჩნია მზა პროდუქციის კალკულაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არ აქვს სრულყოფილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კომპანიის შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №004-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9402 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9402 ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73, 158(1), 159(1), 163(1)(2), 164(1), 154(1"ა"), 101(1).