ბრძანება N 18156
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18156
12 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 13 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 13 ივლისის №119182/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 ივნისის №001-128 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი შეძენილი საქონლის (გლიფოსატის, რატილი-თუთიის ფოსფიდის) სხვაობის რეალიზებულად განხილვას და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდით ვალდებულებების განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს გონივრულობის, ობიექტურობისა და სამართლიანობის პრინციპს და მაქსიმალურად უნდა ასახავდეს რეალობას. ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა ვერ მოახერხა მონაცემთა სრულად წარდგენა საგადასახადო ორგანოს მექანიკურად არ უნდა ჩაეთვალა ნაშთებს შორის სხვაობა რეალიზაციად. გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული საქონელი წარმოადგენს სპეციფიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაც ახასიათებთ ბუნებრივი კლება, აორთქლება, შენახვის ვადების გასვლა და ადვილად დაზიანებადობა. განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია აღნიშნული პროდუქციის სპეციფიკა და ყოველგვარი ტექნიკური ანალიზის გარეშე, ნაშთებს შორის სხვაობა ავტომატურად მიიჩნია რეალიზებულად. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება (მესამე პირების ჩვენებები, სატრანსპორტო დოკუმენტები, მიწოდების ფაქტები), რაც დაადასტურებდა მითითებული საქონლის ფაქტობრივ რეალიზაციას. ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული თანხები ფიზიკურად გადაეცა დირექტორს ან მოხდა მისი პირადი მიზნებისთვის გამოყენება. მხოლოდ ის გარემოება, რომ საწარმოში არ ფიქსირდება ნაღდი ფულის მოძრაობის სრული სურათი, არ წარმოადგენს ვარაუდის სამართლებრივ საფუძველს, რომ ეს ფული დირექტორმა მიიღო.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასებას შეძენის ღირებულებით და დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატით რეალიზებულად განხილვას და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ფაქტობრივი აღწერა ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად საქონლის სპეციფიკის და იდენტიფიკაციის ხარვეზის გამო. კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები წარმოადგენს სპეციფიკურ ქიმიურ პროდუქციას, რომელთა იდენტიფიცირება დასახელებების, ბრენდების, კონცენტრაციებისა და მოცულობების მიხედვით მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ ცოდნას. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ აღწერა განხორციელდა ზედაპირული ვიზუალური დათვალიერებით, რამაც გამოიწვია საქონლის არასწორი იდენტიფიკაცია და ე.წ. „გადახარისხება“ (ერთი დასახელების საქონლის მეორე დასახელებად აღრიცხვა). აგრეთვე მოხდა გაზომვის მეთოდოლოგიის დარღვევა. აღწერის პროცესში არ ყოფილა გამოყენებული შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, რაც უზრუნველყოფდა ნივთიერებების ფაქტობრივი მოცულობისა და წონის ზუსტ დადგენას (განსაკუთრებით გახსნილი ან დაზიანებული შეფუთვების შემთხვევაში). შესაბამისად, ინვენტარიზაციის აქტში დაფიქსირებული ციფრები არის მიახლოებითი. ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას საგადასახადო ორგანოს მხრიდან არ მომხდარა მატერიალურად პასუხისმგებელი პირის/გადამხდელის პოზიციისა და შენიშვნების სრულფასოვანი გათვალისწინება, რაც ეჭვქვეშ აყენებს მთლიანად აღწერის პროცესის ობიექტურობას. ვინაიდან საბოლოო ნაშთი არასანდოა, მასზე დაყრდნობით მათემატიკური სხვაობის გამოთვლა და გადამხდელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას აუდიტმა აღურიცხველ საქონელზე მექანიკურად გაავრცელა კომპანიის მიერ სხვა დოკუმენტურ ოპერაციებზე გამოყენებული საშუალო-შეწონილი ფასნამატი. აღნიშნული მიდგომა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ დასახელებული საქონელი წარმოადგენს მალფუჭებად და ადვილად დაზიანებად ნივთიერებებს. ნაშთებს შორის სხვაობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო საქონლის ბუნებრივი კლებით, აორთქლებით, ვადის გასვლით, რეალიზაციით თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ან ჩამოწერით. აუდიტის მიერ მექანიკურ სხვაობაზე თეორიული მაქსიმალური ფასნამატის დარიცხვა ხელოვნურად ზრდის საგადასახადო ტვირთს და არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის რეალურ სულისკვეთებას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საკუთარი წარმოების საქონელის არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასებას შეძენის ღირებულებით და სარეალიზაციო ღირებულებით და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ გაანგარიშების მთავარ მონაცემად აღებულია ინვენტარიზაციის შედეგები, ხოლო ძირითადი ნედლეულის - ფოსფორის აღწერა ჩატარდა მეთოდოლოგიის უხეში დარღვევით. არ მომხდარა ნივთიერების ფიზიკური აწონვა, რაც მასის დადგენის ერთადერთი უტყუარი გზაა. გამოყენებულ იქნა მოცულობის გეომეტრიული ფორმულით მიახლოებითი გამოთვლის მეთოდი. თავად პროცესში ჩართული ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული გეომეტრიული მეთოდი იწვევს გარდაუვალ ცდომილებას ±7%-ის ფარგლებში. ექსპერტი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ნივთიერების ზუსტი მოცულობისა და თვისებების დასადგენად „ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა“ არ ჩატარებულა. როდესაც საგადასახადო ბაზის გამოსათვლელი მთავარი კომპონენტი (საბოლოო ნაშთი) შეიცავს ოფიციალურად დადასტურებულ ცდომილებას და არ არის გამყარებული ინსტრუმენტული კვლევით, ამ მონაცემზე დაყრდნობით ნაპოვნი ნებისმიერი „დანაკლისი“ არასწორია და არ უნდა იქნეს გამოყენებული. ეს მიდგომა უგულებელყოფს ქიმიური წარმოების სპეციფიკას (პესტიციდები, ფოსფორი): ტექნოლოგიურ დანაკარგს, ქიმიური რეაქციის დროს მასის კლებას, წუნსა და აორთქლებას. არაპირდაპირი მეთოდით გამოთვლილ ე.წ. „არაღრიცხულ მიწოდებაზე“, რომელიც რეალურად საინვენტარიზაციო ცდომილებას წარმოადგენს, აუდიტორმა ავტომატურად და მექანიკურად გაავრცელა კომპანიის მიერ სხვა დოკუმენტურ ოპერაციებზე დაფიქსირებული საშუალოშეწონილი ფასნამატი. აღნიშნული მიდგომა ეკონომიკურად გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება ობიექტურობის პრინციპს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბიზნეს-რისკების სრული იგნორირება: დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი ასახავს იდეალურ სავაჭრო პირობებში (სეზონურად), ხარისხიანი საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას. საგადასახადო ორგანომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ ნაშთებს შორის სხვაობა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო საქონლის დაზიანებით, ვადის გასვლით ან სასაქონლო სახის დაკარგვით, რაც აღნიშნული მოცულობის საქონელ ბრუნვის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია არ ყოფილიო.
პროდუქციის სპეციფიკა: განსახილველი ნედლეული და პროდუქცია (ქიმიკატები, ფოსფორი, პესტიციდები) ხასიათდება შენახვის მკაცრი პირობებითა და ვადიანობით. პრაქტიკაში, დაზიანებული, ტექნოლოგიური წუნის მქონე ან ვადაგასული პროდუქციის (ან თუნდაც ბაზარზე ფასების მერყეობის გამო მიწოდებული საქონლის) რეალიზაცია ხდება თვითღირებულებით, ფასდაკლებით ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
სადავო სხვაობაზე იმ ფასნამატის გამოყენება, რომლის რეალობაში არსებობაც არანაირი (თუნდაც არაპირდაპირი) მტკიცებულებით არ დასტურდება, არის უკანონო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27593 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 12 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №13072 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2026 წლის 16 ივნისის №001-128 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 160 133 ლარი, მათ შორის, გადასახადი 723 880 ლარი, ჯარიმა 362 551 ლარი და საურავი 73 702 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმებით საწარმოს მიერ დეკლარირებული შემოსულობების, დოკუმენტურად დადასტურებული და გადამხდელის მიერ წარდგენილი სხვა განაცემების და გადახდების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირებული მოძრაობების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა საწარმოს ფულადი სახრების მოძრაობის ანგარიში. გათვალისწინებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკისას დაფიქსირებული და საწარმოს სალაროდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მდგომარეობით ამოღებული ნაღდი ფულის მოცულობა. ანგარიშის შედეგად, აღნიშნული მომენტისათვის დაფიქსირდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის დებულებებიდან გამომდინარე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი, რომლის გამოყენება გადამხდელის საჭიროებისათვის არ დასტურდება, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. საგადასახადო შემოწმების მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. ასევე არ არის წარდგენილი მონაცემები დებიტორების, კრედიტორების, ნაღდი ფულის მოძრაობის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების შესახებ. გადამხდელი ვერ ადასტურებს მასთან აღრიცხვის ისეთი მოწესრიგებული სისტემის არსებობას, სადაც სრულად და სწორად იქნებოდა ასახული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანი ოპერაცია. ზემოაღწერილი გარემოებების საფუძველზე, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული უფლება. მოხდა არასაკუთარი წარმოების (შეძენილი) საქონელის შეძენა-რეალიზაციის მოძრაობის შედარება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციით დადგენილი სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის მონაცემებთან. შედეგად გამოვლინდა დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული რამდენიმე სასაქონლო დასახელება (მ.შ. გლიფოსატი, რატილი-თუთიის ფოსფიდი), რომელთა მიხედვით დოკუმენტურად მიწოდებული (და დეკლარაციებში ასახული) ერთეულების რაოდენობა ნაკლებია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილ ერთეულებთან შედარებით. აღნიშნული სხვაობა, ვინაიდან ის არ ფიქსირდება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის დაფიქსირებულ ფაქტიურ ნაშთში, შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად გადამხდელის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასებით. ვინაიდან ამ თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, ის განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით არ დასტურდება მასთან აღრიცხვის ისეთი სისტემის არსებობა, სადაც სრულად და სწორად იქნებოდა ასახული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანი ოპერაცია, მ.შ. სასაქონლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან დაკავშირებით. ამიტომ, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული უფლება. შემოწმების მიერ მოხდა არასაკუთარი წარმოების (შეძენილი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის შესწავლა. თითოეული სასაქონლო დასახელების მიხედვით გაანალიზდა დოკუმენტურად დაფიქსირებული (და დეკლარაციებში სრულად ასახული) რეალიზაციის მონაცემები (რაოდენობები, ფასები, ღირებულებები), ასევე დოკუმენტურად დაფიქსირებული შეძენის შესაბამისი მონაცემები, რამაც შესაძლებელი გახადა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტურად მიწოდებული (და დეკლარირებული) რეალიზაციის შეფასება შეძენის ფასებით. გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციით აღრიცხული სმფ-ების ფაქტიური ნაშთების მონაცემები, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის (01.01.2023 წ.) სარეალიზაციო საქონლის ნაშთების თვითღირებულება აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო შემოწმებისათვის წარდგენილი მონაცემებიდან. აღნიშნულ მონაცემთა ურთიერთშეჯერების შედეგად, მოხდა არასაკუთარი წარმოების (შეძენილი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასება შეძენის ღირებულებით და შემდეგ გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატის საფუძველზე - სარეალიზაციო ღირებულებით. აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ვინაიდან მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
4. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით არ დასტურდება მასთან აღრიცხვის ისეთი სისტემის არსებობა, სადაც სრულად და სწორად იქნებოდა ასახული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანი ოპერაცია, მ.შ. საკუთარი წარმოების საქონელის გამოშვების აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამიტომ, შემოწმების მიერ ამ მიმართულებითაც ასევე იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული უფლება. შემოწმების მიერ მოხდა წარმოების პროცესში გამოყენებული მასალა/ნედლეულის და გამოშვებული მზა პროდუქციის მოძრაობის შესწავლა. თითოეული პროდუქტის მიხედვით გაანალიზდა დოკუმენტურად დაფიქსირებული (და დეკლარაციებში სრულად ასახული) რეალიზაციის მონაცემები (რაოდენობები, ფასები, ღირებულებები), ასევე დოკუმენტურად დაფიქსირებული მასალა/ნედლეულის შეძენის შესაბამისი მონაცემები. თანაფარდობა თითოეული გამოშვებული პროდუქტის სარეალიზაციო ღირებულებასა და ამისათვის წარმოებაში შესული მასალა/ნედლეულის თვითღირებულებას შორის გამოყვანილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საკალკულაციო მონაცემების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული შეძენის და რეალიზაციის ფასების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციით აღრიცხული სმფ-ების ფაქტიური ნაშთების მონაცემები. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის (01.01.2023 წ.) სარეალიზაციო საქონლის ნაშთების თვითღირებულება აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო შემოწმებისათვის წარდგენილი ღირებულებითი მონაცემებიდან მასალების და მზა პროდუქციის მიხედვით. აღნიშნულ მონაცემთა ურთიერთშეჯერების შედეგად, მოხდა საკუთარი წარმოების საქონელის არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასება შეძენის ღირებულებით და სარეალიზაციო ღირებულებით. აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ვინაიდან მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შედგა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახრების მოძრაობის ანგარიში და განისაზღვრა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ აუდიტორების გაანგარიშების ცხრილში 2023 წლის მაისის თვეში კომპანიის მიერ სავალუტო ბაზარზე შეძენილი და საბანკო ანგარიშზე შეტანილი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, 106 860,13 ლარის ოდენობით, ცხრილში ასახულია როგოც შემოსავალი („ბანკიდან სხვადახვას“ გრაფაში ასახულია „-“ ნიშნით). გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხით უნდა დაკორექტირდეს გაანგარიშება. ასევე აცხადებს, რომ ფლობს მანქანა დანადგარებს წარმოებისთვის (ქარხანა მდებარეობს -------), რომელთა შეძენა განხორციელდა დამფუძნებლისგან აღებული სესხით. აღნიშნული ფაქტი დასტურდება წინა შემოწმებისთვის მიწოდებული მონაცემებით (ბუღალტრული პროგრამით, ხელშეკრულებით და ა.შ.). მითითებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სესხის ოდენობა შეადგენდა 402 652 ლარს. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ნედლეულის ძირითადი ნაწილის შეძენა ხდება -------. ------- არსებული საბანკო შეზღუდვებიდან გამომდინარე, კრედიტორებთან ანგარიშსწორება ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელი აცხადებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ მომხდარა ------- რეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი პროდუქციის ავანსის - 163 500 აშშ დოლარის გათვალისწინება. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელს მიერ შემოწმების პროცესში არ იქნა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა. ასევე არ იქნა წარდგენილი მონაცემები დებიტორების, კრედიტორების, ნაღდი ფულის მოძრაობის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების შესახებ. გადამხდელი ვერ ადასტურებს მასთან აღრიცხვის ისეთი მოწესრიგებული სისტემის არსებობას, სადაც სრულად და სწორად იქნებოდა ასახული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანი ოპერაცია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად განხორციელდა შეძენილი საქონელის (მ.შ. გლიფოსატის, რატილი-თუთიის ფოსფიდის) შეძენარეალიზაციის მოძრაობის შედარება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტიური აღრიცხვის მონაცემებთან და გამოვლენილი სხვაობის დოკუმენტური ფასებით რეალიზებულად განხილვა. აგრეთვე, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით არ დადასტურდება მასთან აღრიცხვის ისეთი სისტემის არსებობა, სადაც სრულად და სწორად იქნებოდა ასახული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანი ოპერაცია, მ.შ. სასაქონლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის შესწავლა. კერძოდ, თითოეული სასაქონლო დასახელების მიხედვით გაანალიზდა დოკუმენტურად დაფიქსირებული რეალიზაციის მონაცემები, ასევე, დოკუმენტურად დაფიქსირებული შეძენის შესაბამისი მონაცემები, რამაც შესაძლებელი გახადა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტურად მიწოდებული (და დეკლარირებული) რეალიზაციის შეფასება შეძენის ფასებით. გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციით აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების მონაცემები, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის სარეალიზაციო საქონლის ნაშთების თვითღირებულება აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო შემოწმებისათვის წარდგენილი მონაცემებიდან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასება შეძენის ღირებულებით და გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატის საფუძველზე სარეალიზაციო ღირებულებით და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით არ დადასტურდება მასთან აღრიცხვის ისეთი სისტემის არსებობა, სადაც სრულად და სწორად იქნებოდა ასახული მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საქმიანი ოპერაცია, მ.შ. საკუთარი წარმოების საქონელის გამოშვების აღრიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა წარმოების პროცესში გამოყენებული მასალა/ნედლეულის და გამოშვებული მზა პროდუქციის მოძრაობის შესწავლა. თითოეული პროდუქტის მიხედვით გაანალიზდა დოკუმენტურად დაფიქსირებული (და დეკლარაციებში სრულად ასახული) რეალიზაციის მონაცემები (რაოდენობები, ფასები, ღირებულებები), ასევე დოკუმენტურად დაფიქსირებული მასალა/ნედლეულის შეძენის შესაბამისი მონაცემები. თანაფარდობა თითოეული გამოშვებული პროდუქტის სარეალიზაციო ღირებულებასა და ამისათვის წარმოებაში შესული მასალა/ნედლეულის თვითღირებულებას შორის გამოყვანილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი საკალკულაციო მონაცემების, აგრეთვე დოკუმენტურად დადასტურებული შეძენის და რეალიზაციის ფასების საფუძველზე. გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციით აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების მონაცემები. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის სარეალიზაციო საქონლის ნაშთების თვითღირებულება აღებულ იქნა გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო შემოწმებისათვის წარდგენილი ღირებულებითი მონაცემებიდან მასალების და მზა პროდუქციის მიხედვით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საკუთარი წარმოების საქონელის არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასება შეძენის ღირებულებით და სარეალიზაციო ღირებულებით და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოწმებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა; შეძენილი საქონლის სხვაობის რეალიზებულად განხილვა; არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასებას შეძენის ღირებულებით და დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატით რეალიზებულად განხილვა; საკუთარი წარმოების საქონელის არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასებას შეძენის ღირებულებით და სარეალიზაციო ღირებულებით და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შედგა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახრების მოძრაობის ანგარიში და განისაზღვრა სალაროს არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა შეძენილი საქონელის შეძენა/რეალიზაციის მოძრაობის შედარება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტიური აღრიცხვის მონაცემებთან და გამოვლენილი სხვაობის დოკუმენტური ფასებით რეალიზებულად განხილვა; შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასება შეძენის ღირებულებით და გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი ფასნამატის საფუძველზე სარეალიზაციო ღირებულებით. ვინაიდან ამ თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, ის განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო ანაზღაურებად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საკუთარი წარმოების საქონელის არაღრიცხული/არადეკლარირებული მიწოდების შეფასება შეძენის ღირებულებით და სარეალიზაციო ღირებულებით და აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154