გადაწყვეტილება №24510/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24510/2/2024
06 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“- ის 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24510/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 აგვისტოს №007-220 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ნოემბრის №24048 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 758 441.35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 386 140
დღგ - 143 373
საშემოსავლო გადასახადი - 242 767
ჯარიმა - 193 070
საურავი - 179 231.35
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა ქ. თბილისში. საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს და შემდგომ არადოკუმენტურ რეალიზაციას.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15612 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 26 მარტიდან 2024 წლის 1 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების პერიოდში დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, მაგრამ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ მოხერხდა საწარმოს ადგილმდებარეობის მოძიება. შესაბამისად, ვერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით საქონლის რეალიზაციის აუდირებული ფასნამატი (საშუალო ფასნამატი 51%), რომლის მიხედვითაც გაანგარიშდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები, რაც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, საწარმოს დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ უფიქსირდებოდა. შესაბამისად, შემოწმებით მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 აგვისტოს №18653 ბრძანება და №007-220 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 758 441,35 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 22 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 13 ნოემბრის №24048 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ მიუწოდებია კანონმდებლობით დადგენილი წესით ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით მოძიებული აუდირებული ფასნამატის 51%-ის გამოყენება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ხელმძღვანელი სრულყოფილად ვერ ფლობს ქართულ ენას, არ იცის საქართველოს საგადასახადო კოდექსი და ვერ ფლობს და უცნობია მისთვის შემოსავლების სამსახურის საიტის (RS.GE) გამოყენება. შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობის საკითხები (საბიუჯეტო ვალდებულებები, დეკლარირება და აღრიცხვა) საწარმოს მინდობილი ჰქონდა ლილოს ბაზრობაზე მომუშავე ბუღალტერზე. კომპანიის ხელმძღვანელი დარწმუნებული იყო, რომ ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
საწარმოს ხელმძღვანელმა მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბრის თვის ბოლოს შეიტყო შემოსავლების სამსახურის დოკუმენტაციის არსებობის შესახებ. კომპანიის ხელმძღვანელს დასჭირდა სპეციალისტების მოწვევა, რომ გარკვეულიყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტების არსში და შინაარსში. მოწვეულ იურისტებსაც კი გაუჭირდათ საწარმოს ხელმძღვანელისთვის აეხსნათ დამატებით დარიცხული თანხების წარმოშობის მიზეზები, რადგან შემოწმების აქტში (ტექსტობრივ ნაწილში) არ იყო არგუმენტირებულად დასაბუთებული დამატებით დარიცხული თანხების მიღების კალკულაცია/გაანგარიშება, რამაც დარიცხული თანხების მიმართ როგორც ხელმძღვანელობაში და ასევე მოწვეულ სპეციალისტებშიც გამოიწვია გაუგებრობა და ბუნდოვანება. საბოლოოდ, ვარაუდის დონეზე გაირკვა დამატებით დარიცხული თანხების წარმოქმნის მიზეზები. კერძოდ, საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების აქტში გარკვევით არ იკითხება/არ ჩანს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი/განსაზღვრული ზუსტი ფასნამატის ოდენობა, რომელიც მომჩივნის აზრით და გაანგარიშებით უნდა მერყეობდეს 65-75%-ის ფარგლებში.
შემოწმების აქტში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით აღებული 65-75%-იანი ფასნამატი ლილოს ბაზრობის ტერიტორიისთვის შეუსაბამოა, რადგან აღნიშნული ფასნამატი შესაბამისობაშია მხოლოდ ქალაქის ცენტრში არსებული ძვირადღირებული მაღაზიებისთვის, რომელიც განლაგებულია ვაკესაბურთალოს რაიონში.
კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, საწარმოს მიერ იმპორტირებული ტანსაცმლის საბითუმო ვაჭრობა/რეალიზაცია რეალურად ხორციელდებოდა 15-20%-იანი ფასნამატის ფარგლებში, ხოლო მოდიდან გასვლის, სეზონის დასრულების დროს 3-5%-ის ფარგლებში, საქონლის ჩაწოლის საფრთხის თავიდან აცილების შემთხვევაში კი ხდებოდა იმპორტირებული ტანსაცმლის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალი ფასებით. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მომწოდებელი საქონლის იმავე ფასებში დაბრუნებაზე უარს აცხადებდა. ტანსაცმლით ვაჭრობა წარმოადგენს ვაჭრობის სპეციფიკურ სფეროს, რადგან თანამედროვე მოდის სწრაფი ცვლილებების პირობებში ძალიან დიდი რისკია საქონლის (ტანსაცმელი) ჩაწოლის შემთხვევები. ასევე, მნიშვნელოვანია ტანსაცმლის შენახვის რთული და სპეციფიკური პირობების დაცვა. შემოწმების აქტში ტანსაცმლით ვაჭრობის ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი ნიუანსები საერთოდ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და მოხდეს ლილოს ბაზრობის ტერიტორიისთვის შესაბამისი 15-20%-იანი ფასნამატით გადაანგარიშება. ასევე, კომპანიის მიერ იმპორტის დროს გადახდილი დღგ-ს თანხის - 297 409 ლარის ჩათვლა განხორციელდეს აღნიშნული ფასნამატის გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
- საწარმო ახორციელებს არადოკუმენტურ რეალიზაციას;
- შემოწმების პროცესში დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, თუმცა ვერ მოხერხდა კომპანიის ადგილმდებარეობის მოძიება;
- შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ნაწილი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად;
- მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩია, რომ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და მართებულად გავრცელდა მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით მოძიებული აუდირებული ფასნამატი (51%). ამასთან, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, მართლზომიერად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №15611 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 ივლისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №18653 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №007-220 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 758 441 ლარი .
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმო ახორციელებდა საქონლის იმპორტს და შემდგომ არადოკუმენტურ რეალიზაციას. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების პერიოდში დაინიშნა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, მაგრამ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ მოხერხდა გადასახადის გადამხდელის ადგილმდებარეობის მოძიება, შესაბამისად ვერ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით საქონლის რეალიზაციის აუდირებული ფასნამატი (საშუალო ფასნამატი 51%), რომლის მიხედვითაც გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები, რაც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, საწარმოს დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ უფიქსირდებოდა, შესაბამისად, შემოწმებით მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №24048 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 ს „ა“. „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);