ბრძანება N 9899
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9899
04.05.2023
შპს „------------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------------)
2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ---------) 2022 წლის 28 დეკემბრის №77680/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №002-217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2019 წლამდე წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების, საწესდებო კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით, საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად დაბეგვრას და ითხოვს აღნიშნულის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას. განმარტავს, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე 2019 წლამდე ბინების მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანება სრულად დაიფარა შესაბამის პერიოდში და მიღებული თანხები, ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, განაწილდა დივიდენდად. მიუთითებს უძრავი ქონების დამფუძნებლებზე მიწოდების ხელშეკრულებებზე, სადაც მითითებულია ვალდებულების დაფარვის ვადები და პირობები, სალაროს შემოსავლის ორდერები, რაც ადასტურებს დამფუძნებელი ფიზიკური პირებისგან ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულებების დაფარვას. ასევე, მიუთითებს დამფუძნებელთა კრების ოქმებზე დივიდენდის გატანის შესახებ და სალაროს გასავლის ორდერებზე, რითაც დასტურდება დივიდენდების გატანა 2019 წლამდე პერიოდში. აცხადებს, რომ ხანდაზმულ პერიოდში (2019 წლამდე) გაცემულ თანხებზე გადასახდელი გადასახადების მიმდინარე პერიოდში გადმოტანით, შემოწმება უხეშად არღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ხანდაზმული პერიოდის დივიდენდების შესამოწმებელ პერიოდში ხელფასად გადაკვალიფიცირების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი შეცდომაზე მითითებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის №17256 ბრძანების საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 2 დეკემბრის №30379 ბრძანება და ამავე თარიღის №002-217 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 601 026 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 291 899 ლარი, ჯარიმა 155 168 ლარი და საურავი 153 959 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ------------ (ს/ნ ---------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2008 წლის 8 მაისს, რომლის საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა - რეალიზაცია.
საწარმოს აშენებული აქვს რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი --------ში ------------ ქ. ----- ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი -------------). მშენებლობა დასრულებულია და ნაგებობა შესულია ექსპლუატაციაში, საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია დაწყებულია 2017 წლიდან, რომლის ძირითადი ნაწილი რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდამდე. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ინფო ბუღალტერიაში. შემოწმებით შესწავლილ იქნა საჯარო და სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ხელშეკრულებები და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. აღნიშნული ოპერაციები ასახულია როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ბუღალტერიაში (ინფო ბუღალტერია), რაც დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში დღგ-ით. შემოწმებით ირკვევა, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე რეალიზებულია ბინები, რომელთა ღირებულება კომპანიას უფიქსირდება დებიტორულ დავალიანებად სულ 1 446 900 ლარი. მათ შორის, 990 300 ლარი წარმოშობილია შესამოწმებელი პერიოდამდე (2018 წლიდან), ხოლო 456 600 ლარი შესამოწმებელ პერიოდში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტებებისა და კრების ოქმების თანახმად, ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირებულ იქნა კომპანიის მიერ განაწილებულ მოგებად და შესაბამისად, გაცემულ დივიდენდებად. ასევე, დებიტორული დავალიანების ნაწილი განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე 2019 წლამდე ბინების მიწოდებით წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების შესაბამის პერიოდში სრულად დაფარვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, როგორც შესამოწმებელ პერიოდამდე, ასევე შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, აღნიშნული ოპერაციები ასახულია როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ბუღალტერიაში (ინფო ბუღალტერია), რაც დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში დღგ-ით, თუმცა აღნიშნული თანხები გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამასა და ხელმოწერილ ბრუნვით უწყისებში დაფიქსირებულია, როგორც დებიტორული დავალიანება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის გაცნობის შემდეგ, კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა კრების ოქმები აღნიშნული დებიტორული თანხის დივიდენდებად განაწილების შესახებ, ნაწილის შესამოწმებელ პერიოდში, ნაწილის კი ხანდაზმულ პერიოდში, თუმცა გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დივიდენდების გაცემა არ დასტურდება არც საბანკო ამონაწერებში და არც თავდაპირველად შემოწმებისათვის წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში. ამასთან, აღნიშნული თანხები გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოწმების მიერ საწარმოს დებიტორული დავალიანების ნაშთი 1 446 900 ლარი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი, 456 600 ლარი ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით. განსახილველი დებიტორული დავალიანების დარჩენილი თანხა, 805 300 ლარი (საწესდებო კაპიტალში არსებული თანხის, 185 000 ლარის გათვალისწინებით) შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2019 წლამდე წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების, საწესდებო კაპიტალში არსებული თანხების გათვალისწინებით, საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად დაბეგვრას და ითხოვს აღნიშნულის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი შეცდომაზე მითითებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები და ავტოფარეხები დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. აღნიშნული ოპერაციები ასახულია როგორც საჯარო რეესტრში, ასევე ბუღალტერიაში (ინფო ბუღალტერია), რაც დაბეგრილია შესაბამის პერიოდებში დღგ-ით. შემოწმებით ირკვევა, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე რეალიზებულია ბინები, რომელთა ღირებულება კომპანიას უფიქსირდება დებიტორულ დავალიანებად სულ 1 446 900 ლარი. მათ შორის, 990 300 ლარი წარმოშობილია შესამოწმებელი პერიოდამდე (2018 წლიდან), ხოლო 456 600 ლარი შესამოწმებელ პერიოდში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტებებისა და კრების ოქმების თანახმად, ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირებულ იქნა კომპანიის მიერ განაწილებულ მოგებად და შესაბამისად, გაცემულ დივიდენდებად. ასევე, დებიტორული დავალიანების ნაწილი განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19(1), 61(3), 73, 101(1), 154(1), 269, 270, 275.