ბრძანება N 26360

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 07.09.2020
№ დოკუმენტი 26360
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 26360

07/09/2020

შპს -----------------------

(მის.: ქ. --------------------)

2020 წლის 10 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 10 აპრილის №50496/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 5 მარტის №006-107 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ს ჩასათვლელი თანხების შემცირებას. აღნიშნავს, რომ აუდიტორები ახორციელებენ ბასს 16-ის, 55-ე მუხლის არასწორ ინტერპრეტაციას. განმარტავს, რომ საწარმოს იჯარით გაცემული არ ჰქონია 2019 წლის 29 ივნისიდან 2019 წლის 3 ივლისამდე ქონება, რაც დასტურდება იმ ფაქტით რომ ურთიერთდაკავშირებული კომპანიის შპს ----- ს პორტალზე არცერთი დადასტურებული სასაქონლო ზედნადები არ არის ატვირთული მოცემულ პერიოდში. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს განზრახვას თავიდან წარმოადგენდა მოცემული ფართის შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდვა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე შეეძლო მიეღო დღგ-ის ჩათვლა. შემდგომ საწარმოს ხელმძღვანელობამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, მისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობიდან ძირითად საშუალებად გადატანის გზით, 2019 წლის 3 ივლისს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, №996-ე ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის, №11113 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ უფლება ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის 2019 წლის 2 ივლისს არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე მიეღო დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება არამართლზომიერია და ექვემდებარება გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 13 სექტემბრის №31607 ბრძანების საფუძველზე შპს ----- ს ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 12 თებერვალს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 2 მარტს გამოსცა №6222 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2020 წლის 5 მარტის №006-107 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 109 855 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 73 224 ლარი, ჯარიმა 36 612 ლარი, საურავი 19 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელმა 2019 წლის 29 ივნისს ფ/პ ------- გან შეისყიდა ორ საკადასტრო კოდზე განთავსებული საოფისე ფართი ( ---------- და ---------- ). ქონების შესყიდვის ჯამური ღირებულება შეადგენს 480 024 ლარს, აღნიშნული ფართის შესაძენად საწარმომ ----- ს ბანკისგან აიღო სესხი. ამჟამად გადამხდელი ახორციელებს შეძენილი საოფისე ფართის გაქირავებას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი შესამოწმებელი პერიოდის (2019 წლის ივლისის) დღგ-ის დეკლარაციაში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 932 ლარს, ხოლო ჩასათვლელი თანხა 73 224 ლარს. საწარმო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 2 ივლისს და ხელშეკრულებით აღნიშნული ფართები იჯარით გადასცა 2019 წლის 3 ივლისს ურთიერთდამოკიდებულ იურიდიულ პირს - შპს ----- ს. შემოწმებით დადგინდა, რომ 2019 წლის 29 ივნისამდეც აღნიშნულ ფართში შპს ----- ფუნქციონირებდა, რასაც ადასტურებს მის სახელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის და ბასს 16-ის შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელის მიერ უძრავი ქონების შეძენის მომენტისთვის, (2019 წლის 29 ივნისს) აქტივი მზად იყო გასაქირავებლად, შემოწმებით აღნიშნული ფართების ექსპლუატაციაში მიღების მომენტად მიჩნეულ იქნა 2019 წლის 29 ივნისი. ამასთან, ვინაიდან საწარმო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა შემდგომ საანგარიშო პერიოდში, კერძოდ 2 ივლისს დღგ-ის თანხა არ დაექვემდებარება ჩათვლას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ" ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ:

ა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე ჩათვლა განხორციელდება ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;

ბ) ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს განზრახვას თავიდან წარმოადგენდა საოფისე ფართის შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდვა, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე შეეძლო მიეღო დღგ-ის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერებით აღნიშნული უძრავი ქონება აღრიცხულია როგორც ასაქონლო-მატერიალური მარაგი და იჯარის გადაცემის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა აღნიშნულის კვალიფიკაციის ცვლილება და განხილულ იქნა ძირითად საშუალებად და შესაბამისად იქნა აღრიცხული საბუღალტრო ჩანაწერებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო- მატერიალურ მარაგად აღრიცხული უძრავი ქონების ძირითად საშუალებად კვალიფიკაცია აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის საანგარიშო მომენტიდანვე დაუსაბუთებელია და აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შეძენის მომენტისათვის საოფისე ფართი წარმოადგენდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, კერძოდ საქონელს, რომელზეც გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის შეეძლო მიეღო დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახაო ორგანოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილების საფუძველზე დარიცხული თანხები არამართლზომიერია და უნდა გაუქმდეს, კერძოდ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ძირითად საშუალებად განხილვის და აღნიშნულის მიხედვით დღგ-ს ჩასათვლელი თანხების გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----------- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ძირითად საშუალებად განხილვის და აღნიშნულის მიხედვით დღგ-ს ჩასათვლელი თანხების გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ს ჩასათვლელი თანხების შემცირებას. აღნიშნავს, რომ საწარმოს განზრახვას თავიდან წარმოადგენდა ფართის შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდვა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სმფ-ს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის ნაშთზე შეეძლო დღგ-ის ჩათვლა. შემდგომ შეცვალა გადაწყვეტილება და ფართი განხილულ იქნა ძირითად საშუალებად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელმა შეისყიდულ საოფისე ფართზე განახორციელა დღგ-ს ჩათვლა. საწარმო ახორციელებს ფართის გაქირავებას. შემოწმებით აღნიშნული ფართების ექსპლუატაციაში მიღების მომენტად მიჩნეულ იქნა 2019 წლის 29 ივნისი. ხოლო საწარმო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა შემდგომ საანგარიშო პერიოდში, კერძოდ 2 ივლისს, შედეგად დღგ-ის თანხა არ დაექვემდებარება ჩათვლას, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახაო ორგანოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილების საფუძველზე დარიცხული თანხები არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, სმფ-ების ძირითად საშუალებად განხილვის და აღნიშნულის მიხედვით დღგ-ს ჩასათვლელი თანხების გაუქმების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“)

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 174

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება 72(3) მუხლი

ბასს 16