გადაწყვეტილება №23074/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23074/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 14.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23074/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №055-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:165 896,71 ლარი.
მათ შორის: დღგ - 112 361
ჯარიმა - 0.44
საურავი - 53 535,27
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდში, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 2019 წლიდან უფიქსირდება უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი და კომერციული ფართის რეალიზაცია. საცხოვრებელი ფართების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, ხოლო მის საკუთრებაში არსებობდა 2 წელზე მეტი ვადით. კომერციული ფართი (212.4 კვ.მ.) რომელიც შეიძინა 2017 წლის პირველ დეკემბერს, გაყიდა გამოსყიდვის უფლებით 2019 წლის 19 სექტემბერს 80 166 ლარად. 2021 წლის 9 აპრილს გაუქმდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, განხორციელდა ნასყიდობის ღირებულებისა და საკუთრების უფლების უკან დაბრუნება და იმავე დღეს გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ფართი მიჰყიდა ---ს 736 590 ლარად. გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება. შემოწმებით დადგინდა, რომ რეალიზებული კომერციული ფართიდან მიღებულ ნამეტ შემოსავალზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაბეგვრის ვალდებულება. შემოწმების შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №19006 ბრძანება და №055-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33616 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:
- პირველი სადავო საკითხის ნაწილში (საშემოსავლო გადასახადი) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა (დღგ-ის ნაწილში) საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისგან;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დარიცხული ჯარიმა (31 211 ლარის ოდენობით) გაუქმდა, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №055-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ 2024 წლის 13 მაისს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული (№77863/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2024 წლის 14 მაისის №44403-21-04 წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის 5 ივნისს გადასახადის გადამხდელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2022 წლის 18 ივლისის №055-8 საგადასახადო მოთხოვნისა და შემდგომი ადმინისტრაციულ ორგანოთა აქტების ბათილად ცნობა. აღნიშნული სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2023 წლის 23 ოქტომბრის №26054 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურმა, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ხელახლა განიხილა რა საქმე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა აუდიტის დეპარტამენტს, საბოლოოდ აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღარ დაერიცხა გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა-საურავი, ამასთან, საგადასახადო დავის განხილვის შედეგების საფუძველზე, 2023 წლის 26 დეკემბერს გამოსცა №055-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ერიცხება დღგ და მასთან დაკავშირებული საურავი. 2024 წლის 23 თებერვალს წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოხსნა საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული მოთხოვნები, რადგანაც ამ ნაწილში დარიცხვა გაუქმდა, ამასთან, რამდენადაც მოცემული დავის შედეგის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 დეკემბერს №005-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა ხსენებული მოთხოვნის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით (საქმე №3/4154-23), 26.12.2023 წლის №005-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ მოსაზრებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული არ ყოფილა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა (განჩინება წერილობით ჯერ არ ჩაბარებია, გამოეცხადა ზეპირად და აღნიშნულს ესწრებოდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი). აღნიშნავს, რომ 26.12.2023 წლის №005-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის გაეცნო 2024 წლის 5 თებერვალს, აღნიშნული თარიღიდან 30 კალენდარული დღის გასვლამდე, კერძოდ 2024 წლის 23 თებერვალს გამოხატა რა აღნიშნული აქტის გასაჩივრების ნება, გადასახადის გადამხდელმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გაშვებული არ არის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და ამ ნიშნით წინამდებარე საჩივარი დასაშვებია.
26.12.2023 წლის №005-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ერიცხება დღგ 112 361 ლარი, ასევე საურავი, სადავო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღიდან. ამასთან, მითითებული დარიცხვების კანონიერების საკითხი, გადასახადის გადამხდელის საჩივრების საფუძველზე, არსებითად უკვე განხილული და გადაწყვეტილია, როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე დავების განხილვის საბჭოს მიერ, შესაბამისად 2022 წლის 29 დეკემბრის №33616 ბრძანებით და 2023 წლის 7 აპრილის №18698/2/2023 გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნული ნორმების ჭრილში, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის არსებით საკითხზე არსებობს როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა კი სწორედ ამ გადაწყვეტილებათა საფუძველზეა გამოცემული.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის დამოუკიდებელი ობიექტია, ხოლო ადმინისტრაციული წესით მისი გაუსაჩივრებლობა სასამართლოს მხრიდან აღნიშნული აქტის კანონიერების შემოწმებას აბრკოლებს, შესაბამისი რისკის თავიდან აცილების მიზნით, სავარაუდო შედეგის მიუხედავად, იძულებულია თუნდაც ფორმალურად, კიდევ ერთხელ გაასაჩივროს სადავო დარიცხვები.
სადავოა 26.12.2023 წლის №005-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და მასთან დაკავშირებული საურავი, მიუთითებს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე, აღნიშნავს, რომ დარიცხვა დღგ-ში არასწორად მიაჩნია და წარმოადგენს მოსაზრებებს/პოზიციებს, სამართლებრივ საფუძვლებს.
საგადასახადო დავის ფარგლებში დავების საბჭომ და შემოსავლების სამსახურმა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დავა ხელახლა განსახილველად დაუბრუნა აუდიტის დეპარტამენტს, სწორედ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, იმ დასაბუთებით, რომ დაბეგვრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო დადებულ გარიგებათა არ ფორმალური, არამედ ნამდვილი შინაარსის მიხედვით და სწორედ ამ საფუძვლით მოეხსნა თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და მასთან დაკავშირებული ჯარიმა-საურავი.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, დღგ-ის საკითხი გარიგების (სამეურნეო ოპერაციის) ფორმალურ (ნასყიდობა) და არა ნამდვილ (უძრავი ნივთით ვალის გაქვითვა) შინაარსზე დაყრდნობით გადაწყდა, რაც ეწინააღმდეგება, მოცემულ საგადასახადო დავაზე უკვე ძალაში შესულ ადმინისტრაციულ აქტებს, დავების საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის №18698/2/2023 გადაწყვეტილებასა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ოქტომბრის №26054 ბრძანებას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ზოგადი ხასიათის ნორმაა და აქედან გამომდინარე, თანაბრად ვრცელდება არა მხოლოდ ერთ, არამედ ყველა სახეობის გადასახადზე, მათ შორის დღგ-ზე. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერების პირობებში უკანონოა მასზე საურავის დარიცხვა. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელი „მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო“ და აღნიშნული მოტივით გათავისუფლდა ჯარიმისგან მაგრამ, არა საურავისგან. რადგან მოცემულ საქმეზე დადგენილია როგორც გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, იგი ექვემდებარებოდა გათავისუფლებას არ მხოლოდ ჯარიმის, არამედ საურავისგანაც. ამდენად, დღგ-ის თანხის დარიცხვის მართლზომიერების პირობებშიც კი, გასაჩივრებული აქტი, საურავის დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობას ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილების შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ მომჩივანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც სხვა მოთხოვნებთან ერთად მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №055-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნას, ხოლო ხსენებულ სარჩელზე დატანილი სასამართლოს შტამპის თანახმად, დაზუსტებული სარჩელის წარდგენის (რეგისტრაციის) თარიღია 23.02.2024 წელი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2024 წლის №45144-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №055-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, გადასახდის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდის საშუალებით 2024 წლის 5 თებერვალს. ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №055-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 5 თებერვალს, გასაჩივრების ბოლო დღეა 6 მარტი (30-ე დღე), ხოლო ხსენებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე დაზუსტებული სარჩელი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სასამართლოში 23 თებერვალს, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს.
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33616 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:
- პირველი სადავო საკითხის ნაწილში (საშემოსავლო გადასახადი) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
- გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა (დღგ-ის ნაწილში) საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან (31 211 ლარი).
მომჩივანი სადავოდ ხდის საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №055-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს დღგ-ის ნაწილში და დაკისრებულ საურავს, წარმოადგენს არგუმენტებს, პოზიციებს დღგ-ის ნაწილში თანხების დარიცხვის მართლზომიერებაზე, მიუთითებს აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი ექვემდებარებოდა ხსენებული ნორმის შესაბამისად საურავისგან გათავისუფლებასაც.
ამგვარად, მომჩივანი საჩივარში მიუთითებს არგუმენტებს, პოზიციებს, მოთხოვნას რაც საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. საბჭო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ რეალიზებული კომერციული ფართიდან მიღებულ ნამეტ შემოსავალზე გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაბეგვრის ვალდებულება. შემოწმების შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 7.04.2023 წლის №18698/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი..
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 1, გ.