გადაწყვეტილება №22524/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.04.2024
№ დოკუმენტი 22524/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22524/2/2024

17 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 10.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22524/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-430 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5046 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 925 444 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 523 552

დღგ - 825 640

მოგების გადასახადი - 82 853

საშემოსავლო გადასახადი - 615 059

ჯარიმა - 770 408

საურავი - 631 484

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:

1. საწარმოს საქმიანობაა ქალაქ თბილისში, ---------ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შემოწმების პერიოდში საწარმომ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა - ორისი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში სააღრიცხვო პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს გაფორმებული ჰქონდა ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და ასევე, ფიქსირდებოდა საკომპენსაციო თანხების მიღება, თუმცა მომჩივანს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში შესაბამისი ბინების რეალიზაცია.

საწარმოს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ფართები და ავტოსადგომები, რომლებზეც ავანსის სახით მიღებული ჰქონდა თანხები. შესაბამისად, უძრავი ქონების გასხვისების/გადაფორმების მომენტში ხორციელდებოდა რეალიზაციის თანხებისა და მიღებული ავანსის თანხების სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა. საწარმოს 2017-2018 წლების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 814 998 ლარს (აღნიშნულ პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული იყო მხოლოდ 1 ბინა), ხოლო საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2017-2018 წლებში საწარმოს ავანსის სახით მიღებული ჰქონდა 3 813 843 ლარი, რომელიც ბუღალტრულ პროგრამაში არ იყო გაშიფრული. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა, საცხოვრებელი ფართებისა და ავტოსადგომების რეალიზაციაზე 2017-2018 წლებში მიღებული ავანსის თანხებით განაშთვას (შემოწმების პერიოდში აღნიშნული ავანსის თანხების გაშიფვრა გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა). საწარმოს არ წარუდგენია 2017-2018 წლების საბანკო ამონაწერი ან/და ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების კლიენტების მიხედვით გაშიფვრის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც საწარმო ორჯერ დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161- ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული ბინების ნაწილში დაბეგვრას დაექვემდებარა მიღებული ავანსები, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული ბინების საკომპენსაციო თანხები დაექვემდებარა სრულად დაბეგვრას. ასევე, განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომების ღირებულების სრულად დღგ-ით დაბეგვრა ნასყიდობის მომენტში, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების გამოკლების გაუთვალისწინებლად (ვინაიდან არ იშიფრებოდა ავანსები კლიენტების მიხედვით). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. მომჩივანმა, ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, 2017 წლის 14 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირისგან მიიღო მიწა, რომლის სანაცვლოდ ამ ფიზიკურ პირს უნდა მიეღო 35 საცხოვრებელი ბინა, 1 კომერციული ფართი და 5 ავტოსადგომი. მშენებლობა დაიწყო 2017 წელს და არ დასრულებულა შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. გადასახადის გადამხდელს აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ ჰქონდა განხილული ბარტერად და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის არ ჰქონდა ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, მე-18 მუხლის მე10 ნაწილის, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის და შესაბამის პერიოდში მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დაკვალიფიცირდა ბარტერის სანაცვლოდ მიღებულ მიწის ნაკვეთად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით გაანგარიშდა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. საწარმოს 2020 - 2022 წლებში მიღებული და ჩათვლილი ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ჩათვლილმა თანხამ შეადგინა 118 198 ლარი. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები დაკორექტირდა, რომლის კორექტირების საგადასახადო პერიოდი იყო კორექტირებული პირველადი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პერიოდი (ავანსის პირველადი და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო პერიოდი ერთმანეთს ემთხვეოდა). კორექტირების შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის თანხამ შეადგინა 37 220 ლარი. გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება, რომელიც შეადგენდა 80 978 ლარს.

შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით,ასევე, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგის ჩასათვლელი თანხების კორექტირება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

4. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის დასაწყისში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი 78 212 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ დოკუმენტებზე (2017-2018 წლებში მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, გადახდილი (დაბეგრილი) ხელფასები და მიღებული შემოსავალი) დაყრდნობით შესწავლილია 2019 წლის საანგარიშო პერიოდის საწყისი სალაროს ნაშთის არსებობის რეალობა. დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი 2019 წლის დასაწყისისთვის უნდა ყოფილიყო 1 805 011 ლარის ოდენობით. სალაროს ნაშთის გამოყვანისას გამოყენებულია ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების შესახებ ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების ჯამურ მონაცემი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში არსებულ სალაროს საწყის ნაშთსა და შემოწმებით გაანგარიშებულ საწყის ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

5. საწარმოს მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს რეალიზებულია ბინები ფ.პ. ----------ზე (პ/ნ ------------). რეალიზებული ბინების საბაზრო ფასმა ჯამში შეადგინა 469 505 ლარი. ბინების რეალიზაციის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „-------ის“ 50% წილი -------მა მიყიდა ფ.პ.------------ს (პ/ნ ---------------), ხოლო აღნიშნული წილის ღირებულების სანაცვლოდ ------------მა აიღო ვალდებულება, რომ შპს „--------ის“ მიერ ხსენებული ბინების რეალიზაციის თანხას გადაიხდიდა 2025 წლის პირველ იანვრამდე.

შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი რეალიზებული ბინების თანხა დაკვალიფიცირდა დამქირავებლის მიერ დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი სახელფასო განაცემად. ასევე, ბინის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33117 ბრძანება და №007-385 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისათვის იხელმძღვანელოს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2017-2018 წლების საბანკო ამონაწერები და რეესტრები ბუღალტრული პროგრამიდან. წარდგენილი ინფორმაციით გაიშიფრა 2017- 2018 წლებში მიღებული ავანსის თანხები. შედეგად დაკორექტირდა შესამოწმებელ პერიოდში ის ნაწილი თანხები, რომელიც შემოწმების მიერ დაბეგრილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში, მაგრამ გადასახადის გადამხდელს მიღებული და დაბეგრილი ჰქონდა ავანსის თანხები ხანდაზმულ პერიოდში. შესაბამისად, შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით არ წარმოუდგენია სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას დაექვემდებარა სულ 248 478 ლარი, მათ შორის გადასახადი 165 878 ლარი და ჯარიმა 82 600 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 ოქტომბრის №007-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, დაედგინა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველეყო საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირებულა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 28.12.2023 წლის №007-430 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. კერძოდ, საწარმოს 2017-2018 წლების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 814 998 ლარს, რაც ბინის მყიდველების მიხედვით გაშიფრა გადასახადის გადამხდელმა წინა გადაანგარიშების დასკვნის შედგენის პროცესში და რომლის ნაწილიც განაშთული/შემცირებული იქნა 1.01.2019-1.04.2022 წლების ბინების საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას. საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საწარმოს 2017-2018 წლებში მიღებული აქვს ავანსის სახით 3 813 843 ლარი, რაც დაფიქსირებული იყო ნაშთად 1.01.2019 წლისთვის. ვინაიდან საწარმოს მიერ 2017-2018 წლების პერიოდში დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 1 814 998 ლარი, ხანდაზმულ პერიოდში მიღებულ ავანსად შემოწმების მიერ დაფიქსირდა დღგ-ის დეკლარაციებში დაბეგრილი აღნიშნული თანხა, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში ბინების საბოლოო ნასყიდობისას მიღებულად და დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმებისას დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის განსაზღვრის ნორმები. აუდიტორების მიერ სალაროს ნაშთის 1 805 011 ლარამდე გაზრდა აბსურდულია. შემმოწმებლის მცდელობაა, რომ ხანდაზმულ პერიოდში არსებული საგადასახადო ვალდებულებები გადმოიტანოს 2019 წელს და კომპანიას დააკისროს არარეალური ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს მათ შორის გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინ ფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა შეუსაბამობები, საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს მის მიერ დადგენილ მონაცემებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, გავლენას არ ახდენს შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე და აღნიშნული საფუძვლით ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე, „შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისათვის იხელმძღვანელოს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული ბრძანებით ცალსახად არის დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, რასაც აუდიტის დეპარტამენტმა, განმეორებითი დავალების მიუხედავად ისევ არ განახორციელა. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა, ზეპირი მოსმენის გარეშე თავისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2017-2018 წლების საბანკო ამონაწერები და რეესტრები ბუღალტრული პროგრამიდან. წარმოდგენილი ინფორმაციით გაიშიფრა 2017- 2018 წლებში მიღებული ავანსის თანხები. შედეგად დაკორექტირდა შესამოწმებელ პერიოდში ის ნაწილი თანხები, რომელიც შემოწმების მიერ დაბეგრილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების მომენტში, მაგრამ გადასახადის გადამხდელს მიღებული და დაბეგრილი ჰქონდა ავანსის თანხები ხანდაზმულ პერიოდში. შესაბამისად შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით არ წარმოუდგენია სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ დაკორექტირდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებას დაექვემდებარა სულ 248 478 ლარი, მათ შორის გადასახადი 165 878 ლარი და ჯარიმა 82 600 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 ოქტომბრის №007-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, საწარმოს 2017-2018 წლების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 814 998 ლარს, რაც ბინის მყიდველების მიხედვით გაშიფრა გადასახადის გადამხდელმა წინა გადაანგარიშების დასკვნის შედგენის პროცესში და რომლის ნაწილიც განაშთული/შემცირებული იქნა 1.01.2019-1.04.2022 წლების ბინების საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით 2017-2018 წლებში მიღებული აქვს ავანსის სახით 3 813 843 ლარი, რაც დაფიქსირებული იყო ნაშთად 1.01.2019 წლისთვის. ვინაიდან საწარმოს მიერ 2017-2018 წლების პერიოდში დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 1 814 998 ლარი, ხანდაზმულ პერიოდში მიღებულ ავანსად შემოწმების მიერ დაფიქსირდა დღგ-ის დეკლარაციებში დაბეგრილი აღნიშნული თანხა, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში ბინების საბოლოო ნასყიდობისას მიღებულად და დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე, მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანებით ცალსახად არის დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, რაც აუდიტის დეპარტამენტმა, განმეორებითი დავალების მიუხედავად ისევ არ განახორციელა. სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა, ზეპირი მოსმენის გარეშე თავისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლა, გაანალიზება არ მომხდარა და შემოსავლების სამსახურმა თავისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5046 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33117 ბრძანება და №007-385 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2017-2018 წლების საბანკო ამონაწერები და რეესტრები ბუღალტრული პროგრამიდან. წარდგენილი ინფორმაციით გაიშიფრა 2017- 2018 წლებში მიღებული ავანსის თანხები. შედეგად დაკორექტირდა შესამოწმებელ პერიოდში ის ნაწილი თანხები, შესაბამისად, შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 ოქტომბრის №007-296 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, დაედგინა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველეყო საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.12.2023 წლის №31511 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირებულა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 28.12.2023 წლის №007-430 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5046 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლა, გაანალიზება არ მომხდარა და შემოსავლების სამსახურმა თავისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101(1); 154(1 „ა“); 302(6);