ბრძანება N 24554
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24554
05 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ „------“)
(ფაქტ. მის: „------“ )
2023 წლის 30 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ „------“) 2023 წლის 30 მაისის №81368/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №001-75 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად მიჩნევას და დღგ-ს დარიცხვას. აცხადებს, რომ აღნიშნულ საქონელზე არ არის განადგურების აქტები, რადგან მათ შედგენილი აქვთ შეფასების აქტები, რომელთა მიხედვით გაფუჭების ზღვარზე არსებული საქონელი გაყიდულია შესაძლო სარეალიზაციო ფასად. გადამხდელის აზრით კითხვას ბადებს შემდეგი, 2021 წელში 14%-იანი ფასნამატით რეალიზაცია თანხვედრაშია შემოწმებით დადგენილთან და შემდგომ პერიოდზე შემოწმების მიერ გამოყენებულია 80-100% ფასნამატი. მიიჩნევს, რომ მათ საქმიანობაში აღნიშნული ფასნამატი არარეალურია, ხოლო ის ფაქტი, რომ სარეალიზაციოდ არსებული საქონელი ხშირ შემთხვევაში მალფუჭებადია, ჩვეულებრივი რეალობაა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ თანხის მიღების არანაირი მტკიცებულება ან განმარტება არ არსებობს, რომელიც თან ერთვის შემოწმების მასალებს. გადამხდელის აზრით, დარიცხვა განპირობებულია გაფუჭებულ საქონლად მიჩნეული 5 883 205 ლარის თვითღირებულების საქონლის რეალიზაციაში 12 712 142 ლარად ჩართვით და დღგ-ით დაბეგვრით. რაც შემდეგ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მიუთითებს, რომ აღნიშნული დარიცხვები რეალობასთან ახლოს არ არის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №13150 და 21 ივნისის №15694 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ - ის “ (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 6 აპრილიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 მაისის №9882 ბრძანება და 5 მაისის №001-75 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 7 281 593 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 624 019 ლარი, ჯარიმა 2 312 010 ლარი, საურავი 345 564 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის შეძენა (ძირითადად იმპორტი) და შემდგომ რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად, ასევე, დოკუმენტების გარეშე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა. მასში დაფიქსირებულია 5 883.205.17 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის ჩამოწერა, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს გაფუჭებულ პროდუქციას. აღნიშნულ ფაქტზე განადგურების აქტები არაა შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული პროგრამა შედგენილია შემოწმების მიმდინარეობისას. საწყის ეტაპზე შპს „-------“ არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული უზუსტობებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონლად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ საქონლის რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს დადეკლარირებული დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
2. საწარმოს მიერ გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი პროდუქცია დაკვალიფიცირდა, როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის, საბაჟოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ ჰქონდა კვალიფიკაცია.
შესაბამისად, პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება 5 883.205.17 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის ჩამოწერა, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენდა გაფუჭებულ პროდუქციას. თუმცა აღნიშნულ ფაქტზე სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერა არ განხორციელებულა დადგენილი წესის შესაბამისად. შემოწმების მიერ დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად და მასზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი.
არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების და ხარჯების მიხედვით, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ინფორმაციის, საბაჟოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა განკარგვადი თანხა, რომელიც პერიოდის ბოლოსთვის შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 08 ივლისის N22708 ბრძნების მიხედვით განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის) სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- - ის “ (ს/ნ „------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად მიჩნევას და დღგ-ს დარიცხვას.მიიჩნევს, რომ მათ საქმიანობაში აღნიშნული ფასნამატი არარეალურია, ხოლო ის ფაქტი, რომ სარეალიზაციოდ არსებული საქონელი ხშირ შემთხვევაში მალფუჭებადია, ჩვეულებრივი რეალობაა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწყის ეტაპზე მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონლად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ საქონლის რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს დადეკლარირებული დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
2. საწარმოს მიერ გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი პროდუქცია დაკვალიფიცირდა, როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით.პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,145(7),159,160,163,164,275,279