ბრძანება N 32679
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32679
25 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 22 მაისის და 13 დეკემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 დეკემბრის №20287/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 22 მაისის №81176/1/2023 საჩივარი და 2023 წლის 13 დეკემბრის №86021/1/2023 დაზუსტებული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №024-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
დავის საგანი:
ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №30190 და 2023 წლის 8 თებერვლის №2249 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 9 ივლისიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 აპრილის №8615 ბრძანება და ამავე თარიღის №024-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 455 428 ლარი, მათ შორის გადასახადი 290 328 ლარი, ჯარიმა 145 164 ლარი, საურავი 19 936 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 27 ივნისის №14703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14703 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 4 დეკემბრის №20287/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14703 ბრძანება პირველი დავის საგნის ნაწილში და საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები (მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია), აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14703 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტექსტილით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, პირს უფიქსირდება უმეტესად თეთრეულის, პლედის, ბალიშის და საბნის, ასევე წვრილი ტექნიკის შეძენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის გზით არარეზიდენტი მომწოდებლისგან და შემდგომ რეალიზაცია. საწარმოს არ უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება, ასევე ბოლო ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება 2022 წლის ოქტომბრის თვეში. საწარმოს ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილად უმეტესად მითითებულია ----------, ხოლო დეკლარირებული ფასნამატი განისაზღვრა 77%-ით. 2022 წლის 1 დეკემბერს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და არ გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 დეკემბრის №21-14/109678 საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს მოეთხოვა ინფორმაციის წარმოდგენა, თუმცა ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის დარღვევისათვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე, 2023 წლის 13 თებერვალს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188098 და პირს განესაზღვრა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი/აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების საფუძველზე, გაანგარიშდა/გაანალიზდა პირის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული დანართი №8-ის და დანართი №9-ის მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშებული პირის განკარგვადი თანხების ნაწილი ჩაითვალა პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად (1 070 833 ლარი), ხოლო კრედიტორული დავალიანების ნაწილი (128 185 ლარი) - უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 982 და 101-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამიად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
წარმოდგენილ საჩივრებში, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივრებში, გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვისას შემოწმებამ იხელმძღვანელა კომპანიის მიერ დღგ-ში დეკლარირებული ფასნამატით, რაც რეალურ ოდენობას ბევრად აღემატება. მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის მიზნით, დღგ-ში დეკლარირება მოხდა მაღალი ფასნამატით, ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა მომხდარიყო ზუსტი ციფრის გამოყვანა და კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა, თუმცა, ვინაიდან დაიწყო საგადასახადო შემოწმება, კორექტირებული დეკლარაციის წარდგენა ვერ მოხერხდა. შედეგად, გადამხდელს მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისთვის აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს მიწოდებული საქონლის დოკუმენტური ღირებულებიდან. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, თვითღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტური ფასნამატის ოდენობის დადგენა სახეობების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია სრული რეალიზაციის დაახლოებით 45-50%-ია, რომლითაც შესაძლებელია რეალური ფასნამატის განსაზღვრა. ასევე მიუთითებს, რომ საწარმოს გააჩნია დებიტორული დავალიანებები, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული პროდუქციის ნაწილიდან თანხა (500 000) დღეის მდგომარეობით არ არის მიღებული, რომლითაც უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია არარეზიდენტ პირებზე და სატრანსპორტო კომპანიისთვის გადახდილი თანხები. მომჩივანს საჩივრებზე დართული აქვს დოკუმენტები.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს განკარგვადი თანხის გაანგარიშება დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებულ ფასნამატზე დაყრდნობით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 27 ივნისის №14703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14703 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 4 დეკემბრის №20287/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14703 ბრძანება პირველი დავის საგნის ნაწილში და საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ); 101; 154;