გადაწყვეტილება №28046/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28046/2/2026
28 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 1.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28046/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №001-135 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 ივლისის №17020 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 13 549.55 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 7 907
ჯარიმა - 2 705
საურავი - 2 937.55
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საკვები პროდუქტებითა და სასმელებით მომსახურების გაწევა (კაფე - სწრაფი კვების რესტორანი). საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 27 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8948 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 18 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №13629 ბრძანება და №001-135 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 13 549.55 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 14 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 28 ივლისის №17020 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, ცნობები საბანკო ანგარიშების შესახებ და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. შემოწმების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და კომპანიის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე დაყრდნობით, შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციები. საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების გათვალისწინებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა 2023 წლის 17 აგვისტოს გადასცდა 100 000 ლარიან ზღვარს და აღნიშნული თარიღიდანვე განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ სულ შეადგინა 54 102 ლარი. კომპანიას უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ჩათვლის მიღების საფუძველს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 1 827 ლარი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 165-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 165-ე, 159- ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მოხვედრასთან მიმართებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი აქტიურად და სრულად თანამშრომლობდა შემოწმების განმახორციელებელ პირებთან. თუმცა, საჩივარში დასმული საკითხი მომჩივნის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ ყოფილა გაცხადებული.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხულ თანხას არ ეთანხმება, ვიანიდან კომპანია სარესტორნო მომსახურებასთან ერთად ეწეოდა დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქმიანობას. კერძოდ, საქმიანობის ადგილიდან ახდენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, რომლის ბრუნვაც შესულია საერთო ბრუნვაში, რაც საგადასახადო კოდექსის თანახმად დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ბრუნვას წარმოადგენს. შესაბამისად, არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვა. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს, მოახდინოს გადაანგარიშება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშებისა და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2026 წლის №----21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, ცნობები საბანკო ანგარიშების შესახებ და ანგარიშებიდან ამონაწერები. შემოწმების ფარგლებში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა აღნიშნულ პერიოდში კომპანიის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციები. საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების გათვალისწინებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხა 2023 წლის 17 აგვისტოს სცდება 100 000 ლარიან ზღვარს და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, საწარმოს აღნიშნულ თარიღში უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. შედეგად, დასაბეგრი 18%-იანი ბრუნვა შეადგენს სულ 54 102 ლარს. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება მიღებული ანგარიშ-ფაქტურებიც საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ჩათვლის მიღების საფუძველს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შედეგად, კომპანიას ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა 1 827 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადი შეადგენს 7 911 ლარს, ხოლო ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - 2 705 ლარს. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი აქტიურად და სრულად თანამშრომლობდა შემოწმების განმახორციელებელ პირებთან. მხარეთა შორის არსებობდა მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, საჩივარში მითითებული საკითხი გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას არ ყოფილა ნახსენები. შემოწმების შედეგად არსებული მონაცემებითა და წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდება მკაფიო გამიჯვნა, განხორციელებული რეალიზაციებიდან რომელი ექვემდებარება საგადასახადო შეღავათს (გათავისუფლებულია) და რომელი ექცევა ჩვეულებრივ დასაბეგრ ოპერაციებში. შესაბამისად, საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივნისის №001-135 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 13 549.55 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 7 907 ლარი, ჯარიმა - 2 705 ლარი და საურავი - 2 937.55 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, შესაბამის განათლების არქონის, საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნის გამო, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8948 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13629 ბრძანება და №001-135 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 13 549.55 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №17020 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ხოლო,მეორე სადავო საკითხთან მიმართებით საბჭო მიიჩნია,რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1); 168(1); 269(7); 282(1);