გადაწყვეტილება №24067/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24067/2/2024
12 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------4.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24067/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №005-119 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20499 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 145 332,41 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 78 489
დღგ - 84 470
მოგების გადასახადი - (- 5 981)
ჯარიმა - 39 826
საურავი - 27 017,41
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ქსოვილების შეძენა-რეალიზაცია. საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტით --------. რეალიზაციას ხდება საქართველოში, იჯარით აღებულ ფართიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 22.02.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია ახორციელებს საქონლის საცალო მიწოდებას იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, შეადგენს 681 361,47 ლარს. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს და შემოწმებისთვის არ წარუდგენია საქონლის მოძრაობის ცხრილი. შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთად არსებული საქონლის ფასნამატი შესაბამისი შეძენის დოკუმენტთან ვერ დაკავშირების გამო, ასევე ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი.
2021 წლის პირველი იანვრისთვის სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 202 889 ლარს, შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (1.02.2024 წლისთვის) კი 565 514 ლარს. ხოლო 1.02.2024 წლიდან ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღისთვის (22.02.2024 წელი) რეალიზებული საქონელი შეადგენს 8 885 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2024 წლის №3901 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ფაქტიურად არსებული სმფ-ების ნაშთის რაოდენობის, თვითღირებულებისა და სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა, აღნიშნული ღონისძიების შედეგად 22.02.2024 წლისთვის ჯამში სულ ფაქტობრივად არსებული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 580 039 ლარი, ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის საბაზრო ფასზე აუდირებული ფასნამატის გავრცელებით (55%).
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი 55%. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 1.01.2021 წ. – 1.02.2024 წ. პერიოდის დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 150 626 ლარი. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 469 264 ლარით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №005-119 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2024 წლის №20499 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ზემოაღნიშნულის შედეგად, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 469 264 ლარით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დადგენა, თავის მხრივ, აღნიშნულზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
წინა საჩივარში განმარტა, რომ ბრუნვა არ არის სწორად დათვლილი და არ ეთანხმება, ასევე არ ეთანხმება 55% პროცენტიან ფასნამატს, რაც არარეალურია. ფასნამატი 25-30%-ია და წინა 2 წლის მდგომარეობით ამდენიც არ იყო.
ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აწარმოებდა ბუღალტერიას ორისის პროგრამაში, გასული წლის ივლისის თვეში გაუტეხეს კუთვნილი ავტომანქანა და მოპარეს სამუშაო ლეპტოპი თავის ორისის პროგრამით და აღებული ასლებით, რაც შეუძლია დაადასტუროს გამომძიებლის მეშვეობით. აუდიტორებს განუმარტა და ექსელში ატვირთა გაყიდული საქონლის მოძრაობა და გააგზავნა, მაგრამ არ დაეთანხმნენ. შპს ------------ ფასნამატი არის საშუალოდ 25-30% მაქსიმუმ, ვინაიდან წონით ხდება უმეტესად მიღება და მეტრაჟით ხდებოდა რეალიზაცია, ვერ მოხდა მათი მხრიდან სწორად დათვლა, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მათი თხოვნა და ფასნამატი დაწეულ იქნას 25-30%-ზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა 469 264 ლარით.
მომჩივანს, შემოწმებით დადგენილი 55%-იანი ფასნამატი არარეალურად მიაჩნია და განმატავს, რომ ფასნამატი შეადგენს 20-25%-ს, შემმოწმებელს საქონლის რეალიზაციის მონაცემები მიაწოდა ექსელის ცხრილის ფორმატში. ის სამუშაო ლეპტოპი მოპარეს, სადაც ჩაწერილი იყო ბუღალტრული პროგრამა. საქონელი შეძენილია წონით და იყიდება მეტრაჟით. საქონელი უმეტესად გაყიდული აქვს დოკუმენტურად, რაც შეადგენს დაახლოებით
90%-ს. რულონის ფორმით შეფუთული საქონელი იხსნება, ვინაიდან რეალიზაციაში არ მოხვდეს ბრაკი საქონელი, რომლის რეალიზაცია თავის მხრივ ხდება ნაკლებ ფასად და შემოსავალს აფიქსირებს საკონტროლო-სალარო აპარატით. რეალიზებული საქონლის მოცულობა და ფასნამატის ოდენობა დამატებით, სწორად უნდა განსაზღვროს აუდიტის დეპარტამენტმა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, წარმოდგენილი ინფორმაციით ვერ მოხდა შეძენილი საქონელის დაკავშირება რეალიზებულთან და ვერ გაკეთდა ჩამოწერები. შეძენები განხორციელებულია წონით და რეალიზებულია მეტრაჟით. არ დგინდება რის საფუძველზე იქნა შეყვანილი მონაცემები წარმოდგენილ ექსელის ცხრილში. იყო სხვადასხვა სახის ნაჭერი და შეფუთვაში სისქიდან გამომდინარე, სხვადასხვა წონა სხვადასხვა მეტრაჟი გამოდის.
საბჭოს ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მხარეთა არგუმენტაციიის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს შეძენილი და რეალიზებული საქონელის ურთიერთკავშირის და გამოყენებული ფასნამატის ოდენობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახური 17.09.2024 წლის №20499 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს შეძენილი და რეალიზებული საქონელის ურთიერთკავშირის და გამოყენებული ფასნამატის ოდენობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო
ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს შეძენილი და რეალიზებული საქონელის ურთიერთკავშირის და გამოყენებული ფასნამატის ოდენობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);159(1);164