გადაწყვეტილება №25058/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25058/2/2025
21 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ის“ 11.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25058/2/2025).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №007-320 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5636 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 324 236,88 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 207 863
ჯარიმა - 104 032
საურავი - 12 341,88
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასოფლო-სამეურნეო შხამქიმიკატებით და ინვენტარით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 29.01.2020 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 1.01.2021 წლიდან 1.10.2024 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენლის განმარტებით საწარმო საქმიანობას აღარ ახორციელებს 2022 წლიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ბოლო ზედნადები გაწერილია 2023 წლის ივნისში, ამ პერიოდის შემდეგ საწარმოს საქმიანობა აღარ ფიქსირდება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს არც საქონლის და არც ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. 2024 წლის 15 სექტემბრიდან საწარმოში დაწყებულია ლიკვიდაცია, ხოლო 2024 წლის 19 სექტემბრიდან გაუქმებულია დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, აგრეთვე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები.
შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №27532 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-320 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.03.2025 წლის №5636 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე დათვლილი იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, აგრეთვე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა მართლზომიერია, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
----------ის (შპს -----ის დირექტორი) აწ გარდაცვლილი ძმის -------ის მმართველობაში იყო შპს „------ი“ (ს/კ --------), რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა აგრო ბიზნესი.
აღნიშნული საზოგადოების 100% წილზე საკუთრების უფლება კომპანიის დაფუძნების პერიოდიდან დღემდე რეგისტრირებულია ----------ის მეუღლის - --------ის სახელზე, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ კომპანიაში ასრულებდა ბუღალტრის უფლებამოსილებას.
2019 წლის პერიოდში --------ს დაუდგინდა სიმსივნის დიაგნოზი, რის გამოც საჭირო გახდა მისი მკურნალობა ისრაელში. -------ის მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფინანსური სახსრების საჭიროების გათვალისწინებით, -------ის მიერ რეალიზებული იქნა ბიზნესი შპს „------ზე“, რომლის დამფუძნებელს წარმოადგენდა --------ი (პ/ნ ---------).
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ---------ს ---------მა განუმარტა, რომ შპს „--------ის“ დამფუძნებელი ჩაერთო სხვა პროექტებში, რის გამოც ვეღარ შეძლებდა აგრო ბიზნესის გაგრძელებას და ------მა ---------ს სთხოვა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „-------ის“ 100 % წილი დარეგისტრირებულიყო მის საკუთრებაში და გაეგრძელებინა საქმიანობა. ამასთან იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საქმიანობა იყო სპეციფიკური და --------ს ამ სფეროში არ ჰქონდა გამოცდილება, დახმარება უნდა გაეწია შპს „------ში“ დასაქმებულ პირს ---------ს და ------ის მეუღლეს ---------------ს.
2020 წლის 5 მაისს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „-------ის“ 100% წილი დარეგისტრირდა -------ის საკუთრებაში, 2020 წლის 13 ივნისს კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა --------ი და მის ნაცვლად დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა - --------ი.
---------ი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას -------ის და --------ის მოლაპარაკებების და იმის თაობაზე, თუ რა ფორმით ან/და რა ღირებულებით მოხდა ---------ის მიერ ბიზნესის მიყიდვა შპს „-------თვის“ ან/და შემდგომში რა შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------თვის“ 100 % წილის ასახვა მის საკუთრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ --------ის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია კომპანიის დირექტორის პოზიციაზე, კომპანიას ფაქტობრივად მართავდა და ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა --------ის მეუღლე - ------------ი.
2021 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა --------ი, ხოლო 2021 წილის დეკემბრის თვეში, როდესაც უნდა მომხდარიყო მიმდინარე წლის საქმიანობის შეჯამება -------მა -------ს განუცხადა, რომ კომპანიას აღარ ჰქონდა არანაირი აქტივი, -------ს არაფერი ეკუთვნოდა კომპანიიდან და აღარ მისულიყო სამუშაო ადგილზე, ამავე საუბარში --------ს განუცხადა, რომ თუ არ დაემორჩილებოდა მის მითითებებს გამოიძახებდა სამართალდამცველებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ---------ს მართალია ჰქონდა პროტესტის გრძნობა, თუმცა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მისი ძმა - -------ი ამ პერიოდისთვის იყო გარდაცვლილი და შპს „------ის“ 100 % წილზე საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა სწორედ მისი რესურსით, -------მა გადაწყვიტა არანაირ დავასა და დიალოგში არ შესულიყო -------ის მეუღლესთან - ------თან და 2021 წლის დეკემბრის თავიდან აღარ მისულიყო სამუშაო ადგილზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ------ის მოსაზრებით აღნიშნული კომპანიის არსებობა ატარებდა ფორმალური ხასიათს 2024 წლის 13 სექტემბერს ------მა განცხადებით მიმართა სამეწარმეო რეესტრს შპს „-----ის“ ლიკვიდაციის მოთხოვნით, რის შემდგომაც --------ს დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან და კომპანიის ფინასურ ოპერაციებთან დაკავშირებით მოითხოვეს განმარტებების მიცემა, რაზეც -------მა აუდიტის წერილობითი ფორმით აცნობა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა კომპანიის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით, ვინაიდან 2020-2021 წლის პერიოდში ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებდა ---------ი მასთან შეუთანხმებლად, ხოლო 2021 წლის შემდგომ კომპანია არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, თუ რა თქმა უნდა -------მა თვითნებურად არ მოახდინა კომპანიის რაიმე ფორმით გამოყენება და ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე წვდომის კოდი ქონდა მხოლოდ ----------ს.
აღნიშნული კოდის ცვლილებების შედეგად 2025 წლის 13 თებერვალს ელექტრონულ პორტალზე --------მა აღმოაჩინა, რომ შპს „------ის“ მიმართ გამოცემული იყო საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 324 236 ლარი, საიდანაც ძირითად გადასახადს შეადგენს 207 863 ლარი, ჯარიმას 104 032 ლარი, საურავს 12 341 ლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ --------თვის უცნობია კომპანიის ფინანსური ოპერაციების და მისი რეალობის/სისწორის შესახებ მოკლებული არის შესაძლებლობას დეტალურად იმსჯელოს დარიცხვის საფუძვლების კანონიერების შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება არსებულ დარიცხვებს და იმ პირობებშიც კი თუ იარსებებდა საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის საფუძველი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია არა კომპანიის დირექტორის არამედ ---------ის ქმედებების შედეგად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის მიმართ შემოწმებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებები არ იყო გამოწვეული მისი დირექტორის ქმედებებით და ის შესაძლოა საზოგადოების ფაქტობრივი მმართველის არამართლზომიერი ქმედებებით ყოფილიყო განპირობებული.
საქმეზე წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №------21-14 წერილით ირკვევა, რომ აუდიტორსა და გადასახადის გადამხდელს შორის მთელი შემოწმების პროცესში მიმდინარეობდა სატელეფონო საუბარი შემოწმების ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გადასამოწმებლად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილი წარმომადგენელი, -----ი, იმყოფებოდა აუდიტის დეპარტამენტში და მასთან შემმოწმებელთა ჯგუფს ჰქონდა უშუალო კომუნიკაციაც. ამასთან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საგადასახადო შემოწმების თანხობრივი შედეგები, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს სატელეფონო კავშირით დეტალურად განემარტა საგადასახადო შემოწმების შედეგები და საფუძვლები, რის შესახებაც ჩანაწერი გაკეთდა საგადასახადო შემოწმების აქტშიც.
შემოწმების პროცესში, საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად შემმოწმებლებს კომუნიკაცია ჰქონდათ -------თანც, რომელიც გადამხდელის განმარტებით კომპანიას უწევდა ბუღალტრულ მომსახურებას (ბუღალტრული პროგრამა ორისზე ასევე ხელშეკრულებებზე შემმოწმებელთათვის წვდომა უზრუნველყოფილიქნა იქნა აღნიშნული პირის მიერ).
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე დათვლილი იქნა შპს „-------ის“ შემოსავალი, აგრეთვე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, კერძოდ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. აგრეთვე საწარმო დეკლარაციაში/ გაანგარიშება თანხის შემცირების გამო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №------21-14 წერილიდან გამომდინარე, დგინდება, რომ საწარმოს დირექტორი და პირი, რომელიც საჩივარში აღნიშნულია, როგორც საზოგადოების ფაქტობრივი მმართველი, მონაწილეობდნენ შემოწმების პროცესის მიმდინარეობაში და ინფორმირებულები იყვნენ შემოწმების შესაძლო შედეგების თაობაზე. ფაქტი, რომ დირექტორს საზოგადოების რეალური მართვის შესაძლებლობა არ გააჩნდა არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს. იმავდროულად არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა შემმოწმებელთა მიერ საგადასახადო ვალდებულებების არამართლზომიერად განსაზღვრის ფაქტებს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილბის საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ბოლო ზედნადები გაწერილია 2023 წლის ივნისში, ამ პერიოდის შემდეგ საწარმოს საქმიანობა აღარ ფიქსირდება. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს არც საქონლის და არც ფულის ნაშთი არ უფიქსირდება. 2024 წლის 15 სექტემბრიდან საწარმოში დაწყებულია ლიკვიდაცია, ხოლო 2024 წლის 19 სექტემბრიდან გაუქმებულია დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების საფუძველზე დათვლილი იქნა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი, აგრეთვე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დარიცხული თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. საწარმო დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №27532 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №007-320 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5636 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილბის საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);