გადაწყვეტილება №21466/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2024
№ დოკუმენტი 21466/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21466/2/2023

03 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 2.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21466/2/2023).

 

დავის საგანი:

შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75%-ის ხარჯად აღიარება და სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №059-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25635 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 457 184.91 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 931 873

დღგ - 1 377

საშემოსავლო გადასახადი - 930 496

ჯარიმა - 465 937

საურავი - 59 374.91

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა საქართველოს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა და საზღვარგარეთ გატანა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

კომპანიის დირექტორმა შემოწმების პროცესში წარადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც დაადასტურა, რომ არ აქვს ოფისი ან სასაწყობე ფართი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება პროდუქციის შეძენისთანავე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და შესაბამისად, ვერ წარადგინა სალაროში თანხების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეძენილია ფიზიკური პირებისგან სულ 10 789 140 ლარის ოდენობით, ანაზღაურება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილია თანხის ხელზე გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები ფიზიკურ პირებთან, რაც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი. ამავდროულად, შემოწმების შედეგად აღნიშნული ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილია ინფორმაცია კომპანიაზე მიწოდებული ხილის რაოდენობასა და ღირებულების დადასტურების მიზნით, თუმცა ფიზიკურმა პირებმა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ წერილებში არ დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. ამდენად, საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ხარჯად აღიარდა შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75% და ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მიხედვით.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებულია ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩა ნაშთი, რომლის სალაროდან გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში არ წარდგენილა. ამასთან, წარდგენილი ახსნა-განმარტებით სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 18 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სალდირებულად სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 3 721 985 ლარი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 5.07.2023 წლის №15955 ბრძანება და ამავე თარიღის №059-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 24.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25635 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და ვერ წარუდგინა საგადასახადო შემოწმებას სალაროში თანხების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია; სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეძენილია ფიზიკური პირებისგან სულ 10 789 140 ლარის ოდენობით, ხოლო ანაზღაურება განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორების გზით. თანხის ხელზე გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის (ნოტარიულად დამოწმებული) წარდგენა გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა; საგადასახადო შემოწმების მიერ ფიზიკური პირებისგან მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა მიწოდებული ხილის რაოდენობასა და ღირებულების დადასტურების მიზნით, მაგრამ ფიზიკურმა პირებმა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი წერილებით არ დაადასტურეს აღნიშნული ინფორმაცია; საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩა ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, მიღებული შემოსავლის და ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების თვითღირებულების გაანგარიშება №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ასევე, შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ორგანიზაციას არ აქვს ოფისი და არც სასაწყობე ფართი. სოფლის მეურნეობის ექსპორტი ხორციელდება პროდუქტის შეძენისთანავე ვინაიდან, არის მალფუჭებადი. ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტით ფიქსირდება შეძენა ფიზიკური პირებისგან სხვადასხვა რაიონებში. ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ფიზიკური პირები რომლებისგანაც ხდება შეძენა და რომელიც დაადასტურებდა, რომ ჰყიდდა პროდუქციას არიან სხვადასხვა რაიონებში. მათ მოსაძებნად 3-ჯერ ჩავიდა გორში, თუმცა ვერ მოიძია. მათ დაუკავშირდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი და პირებს, რომლებმაც დაადასტურეს რომ ჰყიდნენ პროდუქციას, თანხა არ მიათითებინეს და არც მოთხოვეს მიეთითებინათ.

ექსპორტის განხორციელებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს ტვირთის ადგილმდებარეობას, ამოწმებს შესყიდვის აქტს და დოკუმენტებს რის საფუძველზეც გაიცემა ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1) და საბაჟო დეკლარაცია. ამასთან, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა და არც მოუთხოვია სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ხარჯი.

ითხოვს, აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით განხორციელდეს დარიცხული თანხის კორექტირება, რადგან თუ ხარჯად არ ჩაითვლება შესყიდვის აქტებში მითითებული თანხა, გამოდის, რომ საზღვარგარეთ გატანილი პროდუქცია არის საკუთარ ნაკვეთზე მოკრეფილი მოსავალი, რომელიც ფაქტიურად არ გააჩნია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ორგანიზაციას არ აქვს ოფისი და არც სასაწყობე ფართი. სოფლის მეურნეობის ექსპორტი ხორციელდება პროდუქტის შეძენისთანავე ვინაიდან, არის მალფუჭებადი. ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტით ფიქსირდება შეძენა ფიზიკური პირებისგან სხვადასხვა რაიონებში. ანგარიშსწორება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ექსპორტის განხორციელებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს ტვირთის ადგილმდებარეობას, ამოწმებს შესყიდვის აქტს და დოკუმენტებს რის საფუძველზეც გაიცემა ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, წარმოშობის სერტიფიკატი (CT-1) და საბაჟო დეკლარაცია. ამასთან, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა და არც მოუთხოვია სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული ხარჯი.

მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, დირექტორმა შემოწმების პროცესში წარადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც დაადასტურა, რომ არ აქვს ოფისი ან სასაწყობე ფართი და სოფლის მეურნეობის ექსპორტი ხორციელდება პროდუქციის შეძენისთანავე, ამასთან გადამხდელის განმარტებით არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და შესაბამისად ვერ წარადგინა სალაროში თანხების მოძრაობს ამსახველი ინფორმაცია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეძენილია ფიზიკური პირებისაგან სულ 10 789 140 ლარის ოდენობით, რომლებზეც ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა გადამხდელისაგან დამატებით თანხის ხელზე გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა - კერძოდ ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები ფიზიკურ პირებთან, რაც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი (18.04.2023 წელს ელექტრონული წერილით ეთხოვა 16 პირზე, ინფორმაცია, რომელთა საერთო შეძენის წილი აჭარბებდა 7 000 000 ლარს, საბოლოო პასუხი დაბრუნებული აქვს ახსნაგანმარტების სახით 12.06.2023 წელს უარით). ამავდროულად აღნიშნული ფიზიკური პირების ნაწილთან მოხდა დაკავშირება, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიისთვის მიწოდებული ხილის რაოდენობისა და ღირებულების დადასტურების მიზნით, თუმცა წარდგენილ წერილებში არ მიუთითეს ღირებულებები და თანხები და ამდენად არ დაადასტურეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია. გადამხდელი საჩივარში, ასევე მიუთითებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები და აღნიშნული ინფორმაცია არც გამოუთხოვია საგადასახადო ორგანოს შემოწმების პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ შემოწმების პროცესში ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა არაერთხელ იქნა მოთხოვნილი, გადამხდელი სიტყვიერად ადასტურებდა, რომ სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა, საბოლოოდ ინფორმაცია წარადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათის სახით, სადაც დაადასტურა წერილობითი ფორმით, რომ ტვირთების გადამზიდავ კომპანიებთან ანგარიშსწორებას თავად არ ახორციელებს. ასევე, შემოწმების დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხების შესახებ პოზიციის წარდგენა მოთხოვნილ იქნა ელექტრონულად გაგზავნილ წერილშიც, სადაც კიდევ ერთხელ ეთხოვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. საბოლოოდ გადამხდელის მხრიდან არანაირი ინფორმაცია დამატებით არ წარდგენილა და შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შესყიდვის აქტებში მითითებული თანხის 75%-ის ხარჯად აღიარება და სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

, დირექტორმა შემოწმების პროცესში წარადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც დაადასტურა, რომ არ აქვს ოფისი ან სასაწყობე ფართი და სოფლის მეურნეობის ექსპორტი ხორციელდება პროდუქციის შეძენისთანავე, ამასთან გადამხდელის განმარტებით არ გააჩნია საბუღალტრო პროგრამა და შესაბამისად ვერ წარადგინა სალაროში თანხების მოძრაობს ამსახველი ინფორმაცია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეძენილია ფიზიკური პირებისაგან სულ 10 789 140 ლარის ოდენობით, რომლებზეც ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა გადამხდელისაგან დამატებით თანხის ხელზე გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენა - კერძოდ ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები ფიზიკურ პირებთან, რაც გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი (18.04.2023 წელს ელექტრონული წერილით ეთხოვა 16 პირზე, ინფორმაცია, რომელთა საერთო შეძენის წილი აჭარბებდა 7 000 000 ლარს, საბოლოო პასუხი დაბრუნებული აქვს ახსნაგანმარტების სახით 12.06.2023 წელს უარით). ამავდროულად აღნიშნული ფიზიკური პირების ნაწილთან მოხდა დაკავშირება, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიისთვის მიწოდებული ხილის რაოდენობისა და ღირებულების დადასტურების მიზნით, თუმცა წარდგენილ წერილებში არ მიუთითეს ღირებულებები და თანხები და ამდენად არ დაადასტურეს ზემოაღნიშნული ინფორმაცია. გადამხდელი საჩივარში, ასევე მიუთითებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული ტრანსპორტირების ხარჯები და აღნიშნული ინფორმაცია არც გამოუთხოვია საგადასახადო ორგანოს შემოწმების პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ შემოწმების პროცესში ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა არაერთხელ იქნა მოთხოვნილი, გადამხდელი სიტყვიერად ადასტურებდა, რომ სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა, საბოლოოდ ინფორმაცია წარადგინა ახსნა-განმარტებითი ბარათის სახით, სადაც დაადასტურა წერილობითი ფორმით, რომ ტვირთების გადამზიდავ კომპანიებთან ანგარიშსწორებას თავად არ ახორციელებს. ასევე, შემოწმების დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხების შესახებ პოზიციის წარდგენა მოთხოვნილ იქნა ელექტრონულად გაგზავნილ წერილშიც, სადაც კიდევ ერთხელ ეთხოვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. საბოლოოდ გადამხდელის მხრიდან არანაირი ინფორმაცია დამატებით არ წარდგენილა და შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.