გადაწყვეტილება №26202/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2025
№ დოკუმენტი 26202/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26202/2/2025

08 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 22.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26202/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №056-41 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ოქტომბრის №21903 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 491 884.99 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 309 061.17

დღგ - 117 643.17

საშემოსავლო გადასახადი - 191 418

ჯარიმა - 154 530.60

საურავი - 28 293.22

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9012 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 19 დეკემბრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 20 მაისის №10105 ბრძანების („სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“) საფუძველზე განხორციელებული პროცედურის მასალებზე, ასევე, სხვა უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციასა და გადასახადის გადამხდელის შესახებ ამგვარ მონაცემებზე დაყრდნობით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები განისაზღვრა ნულის ტოლად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად, რაზეც მიყენებულ იქნა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები. კერძოდ: 19.12.2023 წლიდან 01.04.2025 წლამდე პერიოდში სულ საცალოდ რეალიზებული საქონლის შეძენის ღირებულებამ შეადგინა 1 170 503 ლარი დღგ-ის გარეშე, რაზეც შემოწმების ჯგუფის მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების (------- ბაზრობის) აუდირებული საცალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ჩანთებზე - 57,89%, ქალის ტანსაცმელზე - 47,06%; ბავშვის ტანსაცმელზე - 63,57%; ფეხსაცმელზე - 67,84%; ბავშვის ფეხსაცმელზე - 55,88%; სათამაშოებზე - 47%, ჭურჭელზე - 35%). დაანგარიშებული რეალიზებული საქონლიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 1 835 854 ლარი დღგ-ის გარეშე, საიდანაც არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალია 1 818 947 ლარი. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

საგადასახადო ორგანოს მიერ გაანალიზებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. 2025 წლის 20 მაისის №10105 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, თუმცა ვინაიდან ინვენტარიზატორების მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული ობიექტი, ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. საგადასახადო ორგანო მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით (მეთოდური მითითება) განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი წლების მიხედვით. შემოსავალმა დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 2 166 308 ლარი, საბაჟო შეძენა - 1 186 755 ლარი, გადახდილი დღგ ბიუჯეტში - 213 881 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 765 672 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივლისის №15656 ბრძანება და №056-41 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 491 884.99 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 8 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 ოქტომბრის №21903 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულებებიდან, რის მიხედვითაც საქონლის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე შეადგინა 1 186 755 ლარი. დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საცალო რეალიზაციაზე გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების (------ ბაზრობის) აუდირებული საცალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ჩანთებზე - 57.89%, ქალის ტანსაცმელზე - 47.06%, ბავშვის 4 ტანსაცმელზე - 63.57%, ფეხსაცმელზე - 67.84%, ბავშვის ფეხსაცმელზე - 55.88%, სათამაშოებზე - 47%, ჭურჭელზე - 35%). შპს „------”-ს დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით არის 1%. დოკუმენტური ფანსმატის არ ქონის გამო გამოყენებულ იქნა იდენტური კომპანიების აუდირებული საცალო ფასნამატები მსგავს საქონელთან მიმართებაში, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებულ გადამხდელთან შემოწმებისას გამოყენებულ 26%-იან ფასნამატთან დაკავშირებით, შემოწმებით გავრცელებულია საბითუმო ფასნამატი, რადგან კომპანია ვაჭრობდა საბითუმოდ და არა საცალოდ. ასევე, ვაჭრობდა განსხვავებული საქონლის სახეობით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გამოყენება. ასევე, მართლზომიერად განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა გადასახადის გადამხდელის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. მაგალითად, შპს „------“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ოქტომბრის №21903 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2025 წლის №------ წერილი, სადაც მითითებულია, რომ საწარმოს საქმიანობაა არასპეციალიზებული ვაჭრობა. კერძოდ, ახორციელებს სათამაშოების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთების (მამაკაცის, ქალის, ბავშვის), ჭურჭლის და სხვა შერეული საქონლის იმპორტს ------ და მათ ადგილობრივ ბაზარზე (----- ბაზრობის ტერიტორიაზე) საცალოდ რეალიზაციას. სულ ბიუჯეტში გადახდილი აქვს საბაჟო დღგ 215 226.60 ლარის ოდენობით. იმპორტირებული სარეალიზაციო საქონლის ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 1 186 755 ლარს. საზოგადოების მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვები შეადგენს 1 182 280 ლარს (სალარო აპარატის ჩეკების ჯამი 1 064 509 ლარია დღგ-ის გარეშე, ტერმინალებში - 0 ლარი), მიღებული საბაჟო ჩათვლა - 183 874.30 ლარი. საშემოსავლო და მოგების გადასახადის დეკლარაციები დაფუძნებიდან დღემდე წარდგენილი აქვს ნულოვანი სახით. ბოლო საბაჟო დეკლარაცია გაფორმდა 2024 წლის აგვისტოს თვეში. ბოლო ჩეკის ამორტყმა ფიქსირდება 2024 წლის 18 სექტემბერს. დღგ-ის დეკლარაციაში ბოლო ბრუნვა ფიქსირდება 2024 წლის ოქტომბრის თვეში. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით არის 1%. შესამოწმებელი პერიოდის შეძენა შემოწმებით ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ განხორციელდა. 2025 წლის 24 ივნისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188527 და საწარმოს, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეეფარდა სანქცია 400 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების (------ ბაზრობის) აუდირებული საცალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით (ჩანთებზე - 57.89%, ქალის ტანსაცმელზე - 47.06%; ბავშვის ტანსაცმელზე - 63.57%; ფეხსაცმელზე - 67.84%; ბავშვის ფეხსაცმელზე - 55.88%; სათამაშოებზე - 47%; ჭურჭელზე - 35%). იმპორტის გზით შეძენილი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 1 186 885.98 ლარს, ხოლო საინვოისო ღირებულება - 1 182 075 ლარს. საგადასახადო ორგანოს მხრიდან საცალო აუდირებული ფასნამატი გავრცელდა საქონლის საინვოისო ღირებულებიდან და არა საბაჟო ღირებულებიდან, რის მიხედვითაც მთლიანმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 1 835 854.37 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემების მიხედვით, შპს „-------“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ------ და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს ------- და ------. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ------. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. შპს „------“ და შპს „-------“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „------“ ვაჭრობს ------, ქალის და ბავშვის ტანსაცმლით, ბავშვის ფეხსაცმლით, სათამაშოებით და ჭურჭლით, ხოლო შპს „------“ - ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). გარდა ამისა, შპს „-------“-ს საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ხოლო შპს „------“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო). გამომდინარე აქედან, ორივე კომპანიაზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა არასპეციალიზებული ვაჭრობა. კერძოდ, ახორციელებს შერეული საქონლის იმპორტს. შპს-ს დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთები განისაზღვრა ნულის ტოლად, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან გამოყოფილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობა მიჩნეულ იქნა საცალო რეალიზაციად, რაზედაც მიყენებულ იქნა მსგავსი კომპანიის აუდირებული ფასნამატები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის საანგარიშო პერიოდებში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5):158(1);159(1);163(1,2):164(1);101(1);154(1)