ბრძანება N 11421

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2026
№ დოკუმენტი 11421
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11421

25 მაისი 2026

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2026 წლის 30 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2026 წლის 30 აპრილის №102069/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 მარტის №081-49 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებს დღგ-ისა და მოგების გადასახადში. განმარტავს, რომ ანგარიშვალდებული პირი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სათანადოდ ვერ ერკვევა ქართულ კანონმდებლობაში. ამასთან, მიუთითებს, რომ არ ჰქონის რეალიზაციის დამალვის მცდელობა, კერძოდ, იყენებდა საკონტროლო-სალარო აპარატსა და პოსტერმინალს, ასევე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში საშუალებას აძლევდა თანხა ჩაერიცხა საბანკო ანგარიშზე, მოთხოვნის შემთხვევაში წერდა სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახდო ანგარიშფაქტურებს. აღნიშნავს, რომ მაღაზიაში აქვს სასაწყობე პროგრამა, რომლის საშუალებითაც ახდენს როგორც საქონლის რეალიზაციის ისე სმფ-ების ნაშთის კონტროლს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომჩვანი იმედოვნებდა, რომ ვინაიდან პროგრამა სრულად იყო ელექტრონული, მისი ბუღალტერი, რომელიც იმყოფებოდა უცხოეთში, აკონტროლებდა რეალიზაციებს და შესაბამისად, ადეკლარირებდა მას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა წარდგენილი იყო მხოლოდ ნულოვანი ფორმის დეკლარაციები, რის გამოც ბუღალტრულად ერიცხებოდა ჭარბი სმფ-ები. მიუთითებს, რომ აღნიშნული შესახებ მისთის ცნობილი გახდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. შედეგად, მყისიერად დააზუსტა დეკლარაციები და კუთვნილი გადასახადი გადაიხადა ბიუჯეტში. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დარიცხული თანხებით, ორჯერ განხორციელდა ერთი და იგივე ოპერაციის დაბეგვრა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს შემოწმების მიერ დარიცხული გადასახადებისა და შესაბამისი სანქციის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ნოემბრის №24744 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 23 მარტის №6190 ბრძანება და ამავე თარიღის №081-49 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 299 753 ლარი, მათ შორის, გადასახადი 147 884 ლარი, ჯარიმა 129 047 ლარი, საურავი 22 822 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს ,,--------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 30 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 21 აპრილს. საწარმოს დამფუძნებლები არიან ,,--------“–50%-იანი წილით და ,,--------“-50 %-იანი წილით, ხოლო დირექტორია ,,--------“. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ალკოჰოლიანი სასმელებით ვაჭრობა (ძირითადად, ჩამოსასხმელი და ბოთლის ლუდით ვაჭრობა). რომელსაც ქალაქ „-------“-ში, „-------“-ში იჯარით აღებულ კომერციულ ფართში ახორციელებს. გადასახადის გადამხდელს სარეალიზაციო საქონელი სრულად ადგილობრივ ბაზარზე აქვს შეძენილი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ პირისგან ორჯერ იქნა გამოთხოვილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე დაბეგვრასთან დაკავშირებული გარკვეული სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა გადამხდელს შესაბამისი ინფორმაცია არ მოუწოდებია, რის გამოც გამოწერილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, №189511, №189513 გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა პირველად 400 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 1000 ლარით. მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაწოდა ნაწილობრივი ინფორმაცია, კერძოდ, ბანკის ამონაწერი 2025 წლის პირველი ოქტომბრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგის საბოლოო ნაშთისა და სალაროში არსებული ნაღდი თანხის შესახებ. გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო პროგრამა არ აქვს სრულყოფილად გამართული რის გამოც მისი მოწოდება არ მომხდარა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №24813 ბრძანებით ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა დანაკლისი პირველადი ღირებულებით 485 163 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ინვენტარიზაციის ფასნამატი 45%) – 829 702 ლარის ოდენობით. ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილია ოქმი. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგებს და თავდაპირველად გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, ხოლო დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, სადაც ასევე არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად გასაჩივრებულია სასამართლოში, რომლის შედეგებიც ჯერ არ არის ცნობილი. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციას და არ აღიარებს დანაკლისს რადგან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის განსაზღვრის პროცედურის ბრძანების გაცნობის დღესვე თავად დააკორექტირა 2024 წლის იანვრიდან-ნოემბრის ჩათვლით დღგ-ის დეკლარაციები, სადაც 48%-იანი ფასნამატით დაირიცხა გადასახდელი 101 410 ლარის დღგ. მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტებისა, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ნოემბრის №24744 ბრძანებით ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმებით გადამხდელს არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად დანაკლისის თანხა 703 137 ლარი, გამოვლენის მომენტში (2025 წლის ივლისი) დაიბეგრება დღგ-ით. ასევე შემოწმებით დამუშავდა 2024-2025 წლის საანგარიშო პერიოდები, გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისა და 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულების გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №24813 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 45%. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 160-ე, 1601 ,163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 გადასახადის გადამხდელს ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისთან მიმართებაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება, ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის გამოვლენის შემდგომ დააზუსტა დეკლარაციები და კუთვნილი გადასახადი გადაიხადა ბიუჯეტში, შემოწმების მიერ დარიცხული თანხებით კი ერთი და იგივე ოპერაციის ორჯერ დაბეგვრა განხორციელდა, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ერთსა და იმავე თანხაზე საგადასახადო ვალდებულების ორჯერ დარიცხვის თავიდან აცილების მიზნით, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ თვითდეკლარირებული თანხები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებს დღგ-ისა და მოგების გადასახადში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 30 სექტემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 21 აპრილს. გადამხდელის საქმიანობის სახეა ალკოჰოლიანი სასმელებით ვაჭრობა.

გადამხდელს გამოუვლინდა დანაკლისი პირველადი ღირებულებით 485 163 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით.

გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციას და არ აღიარებს დანაკლისს რადგან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის განსაზღვრის პროცედურის ბრძანების გაცნობის დღესვე თავად დააკორექტირა 2024 წლის იანვრიდან-ნოემბრის ჩათვლით დღგ-ის დეკლარაციები, სადაც 48%-იანი ფასნამატით დაირიცხა გადასახდელი 101 410 ლარის დღგ.

გაანგარიშებული იქნა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისა და 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ღირებულების გათვალისწინებით შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 45%. შედეგად,სსკ-ის 136-ე, 73-ე, 160-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

გადამხდელს ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისთან მიმართებაში, სსკ-ის 983 მუხლის გათვალისწინებით დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),983,158,159,163,286(9).