გადაწყვეტილება №22773/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.09.2024
№ დოკუმენტი 22773/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22773/2/2024

05 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 4.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22773/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის №068-28 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3263 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 365 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 28 117

დღგ - 2 697

საშემოსავლო გადასახადი - 25 420

ჯარიმა - 14 075

საურავი - 3 173

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 18.12.2023 წლის №31823 ბრძანება და №068-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.02.2024 წლის №3263 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22417 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნდა სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად გაანალიზდა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები (ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე იმ შემთხვევებზე, რა დროსაც არ იყო წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტი და დგინდებოდა, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული იყო, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 გათვალისწინებით, ხარჯებში ასახვას დაექვემდებარა იმავე საქონლის დოკუმენტურად შეძენის ღირებულების 75%), რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას შემოწმების ბოლოსთვის სალაროში ნაშთად უნდა ერიცხებოდეს 98 682 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების ბოლოსთვის კომპანიას სალაროში არ გააჩნდა ფულადი ნაშთი, აღნიშნული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სახელფასო სარგებლად, რაც საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე და 154-ე მუხლებიდან გამომდინარე, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

გამოვლინდა შემთხვევები, რომელთა დროსაც რეალიზებული საქონლის შეძენა არ დასტურდებოდა დოკუმენტურად, რაზეც ხარჯების განსაზღვრის კუთხით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და ხარჯებში ასახვას დაექვემდებარა იმავე საქონლის დოკუმენტურად შეძენის ღირებულების 75% სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ის გათვალისწინებით. ასევე ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. შედეგად შემოწმების მიერ გაანალიზდა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები, გაანგარიშდა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვინაიდან ერთ-ერთ რეალიზებული საქონლის კერძოდ (საქონლის ხორცი გაუყინავი) შეძენა არ დასტურდება დოკუმენტურად, შემოწმებისას აუდიტორმა გამოიყენა დარიცხვის არაპირდაპირი მეთოდი და ხარჯად აღიარა რეალიზებული საქონლის თანხიდან 75%, რის გამოც ორგანიზაციას გამოუვიდა საკმაოდ დიდი მოგება რეალურთან შედარებით და დაერიცხა არარეალური გადასახადი საშემოსავლო გადასახადის სახით.

ხელშეკრულებები გაფორმებული ჰქონდა საბავშვო ბაღებთან ტენდერების მეშვეობით და სარეალიზაციო ფასი დადგენილი იყო ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად დაეს ფასი მთელი წლის განმავლობაში არ იცვლებოდა მიუხედავად იმისა საქონლის შესყიდვის ფასი გაიზრდებოდა თუ შემცირდებოდა. ამის გამო იყო ხშირი შემთხვევა როდესაც შესყიდვის ფასი მეტი იყო ვიდრე სარეალიზაციო ფასი. აუდიტორს შეეძლო განესაზღვრა სადავო საქონლის ფასი პერიოდების მიხედვით და გაიანგარიშა ხარჯი რეალურთან მიახლოებით, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა პერიოდში „საქონლის ხორცი გაუყინავის“ რამდენიმე შეძენა დასტურდება დოკუმენტურად, რაზედაც სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც ნათლად ჩანს თუ რა ფასი იყო იმ პერიოდში კონკრეტულ საქონელზე. ამის გათვალისწინებით გამოჩნდება, რომ კომპანიისთვის შემოწმების პერიოდში ამხელა მოგება არარეალურია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად გაანალიზდა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები (ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე იმ შემთხვევებზე, რა დროსაც არ იყო წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტი და დგინდებოდა, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული იყო, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 გათვალისწინებით, ხარჯებში ასახვას დაექვემდებარა იმავე საქონლის დოკუმენტურად შეძენის ღირებულების 75%), რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას შემოწმების ბოლოსთვის სალაროში ნაშთად უნდა ერიცხებოდეს 98 682 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების ბოლოსთვის კომპანიას სალაროში არ გააჩნდა ფულადი ნაშთი, აღნიშნული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სარგებლად.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს შემოწმებისას გაანგარიშებული ფულის ნაშთი სალაროში არ გააჩნდა, აღნიშნული ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისათვის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან (საქონლის შეძენა ხდება მხოლოდ იმ კონკრეტული რაოდენობით რა რაოდენობის შეკვეთაც არის მიღებული) გამომდინარე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები კომპანიას არ გააჩნია არც შემოწმების დასაწყისში და არც შემოწმების ბოლოსთვის. შემოწმების შედეგად გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის (შეძენა/რეალიზაცია) შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რამოდენიმე შემთხვევაში რჩება სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი სახის შემთხვევები განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რამოდენიმე შემთხვევაში რჩება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია. შემოწმებით აღნიშნული ნაშთი განხილულ იქნა მიწოდებად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია დღგ-ის დარიცხვა, კონკრეტულად 2022 წლის ივნისის თვეში დასაბეგრი ბრუნვაა 4460 ლარი, ხოლო შემოწმების შედეგად დადგინდა რომ არის 8661 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რამოდენიმე შემთხვევაში რჩება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასეთი სახის შემთხვევები განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტის გათვალისწინების, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დარჩა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც საწარმოს ფაქტობრივად არ გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებად ჩათვლა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად გაანალიზდა კომპანიის შემოსავლები და ხარჯები (ხარჯების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ასევე იმ შემთხვევებზე, რა დროსაც არ იყო წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტი და დგინდებოდა, რომ აღნიშნული საქონელი რეალიზებული იყო, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 გათვალისწინებით, ხარჯებში ასახვას დაექვემდებარა იმავე საქონლის დოკუმენტურად შეძენის ღირებულების 75%), რის შედეგადაც დადგინდა, რომ კომპანიას შემოწმების ბოლოსთვის სალაროში ნაშთად უნდა ერიცხებოდეს 98 682 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების ბოლოსთვის კომპანიას სალაროში არ გააჩნდა ფულადი ნაშთი, აღნიშნული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სარგებლად.

2. შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რამოდენიმე შემთხვევაში რჩება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, რომელიც ფაქტობრივად არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასეთი სახის შემთხვევები განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.