გადაწყვეტილება №21395/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 21395/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21395/2/2023

20 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21395/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21782 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №002-247 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27245 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:1 334 348 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 639 282

დღგ - 531 638

მოგების გადასახადი - 105 242

საშემოსავლო გადასახადი - 1 509

ქონების გადასახადი - 893

ჯარიმა - 359 533

საურავი - 335 533

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ძირითადი სახეა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ხოლო დამატებითი - ბეტონის წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მზარდი ნაშთები. ასევე, ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისაგან აღებული აქვს სესხები. „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, სარგებლის განაკვეთად ჩაითვალა 20%. აღნიშნული ნაპატიები პროცენტები განხილულ იქნა სარგებლად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

2. კომპანია დაფუძნებულია 2018 წლის 10 აგვისტოს, ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. მრავალფუნქციური შენობების მშენებლობა მიმდინარეობს -------ში, ორ ობიექტზე: --------ს ქუჩა №----ში (ს/კ ------) და ------ ქუჩა №---ში (ს/ნ -------). დამატებით, გადასახადის გადამხდელი ეწევა სამშენებლო მასალების და ბეტონის რეალიზაციას, ასევე აღენიშნება ბეტონმზიდის იჯარის და ტრანსპორტირების მომსახურებები. გარდა ამისა, მშენებლობასთან დაკავშირებულ მომსახურებებს უწევს ურთიერთდამოკიდებულ პირს შპს „-------ს“. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება/ხელშეკრულებები და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები, განვადებით ნასყიდობები, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობები და სხვადასხვა ვალდებულებით დატვირთული ფართები. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა წარდგენილია ჯამში 5 084 179 ლარი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 7 517 299 ლარი. აღნიშნული ბრუნვა შედგება სამშენებლო საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისგან, ასევე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფართებისთვის მიღებული ავანსებისგან, გარდა 2019 და 2020 წლებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება გადაცემულ ბინებზე, ამ მომენტის შემდგომ მიღებული ავანსებისა. შესამოწმებელ პერიოდში, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა განხილული იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება - მიწოდების კორექტირების გარემოებად. ამასთანავე, ისეთი შემთხვევები, როდესაც შესამოწმებელ პერიოდშივე განხორციელდა ქონების დაბრუნება/გამოსყიდვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაარსებითობიდან გამომდინარე არ იქნა მხედველობაში მიღებული. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №333114 ბრძანება და №002-260 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.04.2023 წლის №8477 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.06.2023 წლის №19654/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს 23.06.2023 წლის №19654/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი პირველ და მე-2 სადავო საკითხების ნაწილში და 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, პირველ სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 107 138 ლარით, დასკვნის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №002-247 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27245 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოსავლების სამსხურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანების შესაბამისად, დამატებით იქნა შესწავლილი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები, რის შედეგადაც, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში უპროცენტო სესხად განხილული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა ხელფასად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას, მისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე (ფულადი სახსრების მოძიებისთვის), ხშირად უხდებოდა საცხოვრებელი ბინების გამოყენება სესხის უზრუნველყოფის საგნად. ასეთ შემთხვევაში, კერძო პირებთან (მ.შ კერძო იპოთეკარებთან) ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულება ბინების გადაცემაზე და სანაცვლოდ კომპანია იღებდა ფულად სახსრებს (სესხს), რომელიც უნდა დაეფარა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირებზე (კრედიტორებზე) საცხოვრებელი ბინების რეგისტრაცია ხდებოდა შეზღუდული უფლებით, რაც გულისხმობდა იმას, რომ მათ არ ჰქონდათ აღნიშნული ქონების განკარგვის უფლება. თუ, კომპანია დათქმულ ვადაში არ შეასრულებდა ვალდებულებას (დააბრუნებდა თანხას) მხოლოდ ამის შემდეგ მოეხსნებოდა შეზღუდვა მათზე გადაცემულ ქონებას. დათქმულ ვადაში სასესხო დავალიანების დაფარვის შემდეგ, კომპანია ავტომატურად იბრუნებდა აღნიშნულ ბინებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ხელშეკრულებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მასში შეტანილი ყველა ცვლილება ასევე ექვემდებარებოდა რეგისტრაციას (უფლების შეზღუდვის მოხსნაც და მისი უკან დაბრუნებაც), შესამოწმებელ პერიოდში მოხვდა ამ პირობით გასხვისებული ბინები, სანაცვლოდ მიღებული თანხების გადახდა გარკვეულ საპროცენტო თანხებთან ერთად დღესაც მიმდინარეობს. ამ ნაწილში გასაჩივრებული დღგ-ის თანხა შეადგენს 162 372 ლარს. (კრედიტორები: ------- (------) 28 400 ლარი, ------- (------) 160 000 ლარი, ------- (------ 236 000 ლარი, -------- (-------) 30 000 ლარი, ------- (-------) 25 000 ლარი, ------- (------) 90 000 ლარი, ------- (------) 73 588 ლარი, ------- (------) 76 000 ლარი, ------- (-------) 56 775 ლარი, -------- (-------) 143 000 ლარი, ------- (-------) 60 380 ლარი).

კატეგორიულად არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს და მიაჩნია, რომ არასწორად და უსაფუძვლოდ იქნა გაზრდილი, რამაც დამატებით გამოიწვია დღგ-ის თანხის დარიცხვა 369 266 ლარით. ჯამში, არასწორად დარიცხული დღგ-ის თანხა შეადგენს 531 638 ლარს.

შემოწმების აქტის მე-5 საკითხის მიხედვით, კომპანიის მიერ შეძენილი გარკვეული რაოდენობის მასალები მიჩნეული იქნა არაეკონომიკურ ხარჯად, მასზე მიღებული ჩათვლა გაუქმდა, ხოლო მთლიანი თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესყიდული მასალების ნაწილში, ეკონომიკური საქმიანობისთვის შეძენილად მიჩნეულ იქნა მხოლოდ ის მასალები, რომლებიც მიტანილ იქნა -------ს ქუჩა №---ში (-------ს პროექტი) და ------- ქუჩა №---ში (-------ს პროექტი). მაგრამ ამ პროექტების გარდა, კომპანია ახორციელებდა -------ში (------ს ქუჩაზე) პროექტს (სამშენებლო მომსახურებას უწევდა შპს ------ს), -------ში -------ს ქუჩაზე და „-------ს მეურნეობა“ -------ს ქუჩაზე, ამზადებდა ბეტონს და ახორციელებდა მის მიწოდებას, ან ხდებოდა ქვეკონტრაქტორების ცეხებში მასალების მიტანა შემდგომი მზა ნაწარმის მისაღებად. ასევე ხდებოდა მეტალო-პლასმასის ნაწარმის მიტანა ფანჯრების და ვიტრაჟების დასამზადებლად, ან რკინის ნაწარმი მოაჯირეების და რკინის სხვა ნამზადების გასაკეთებლად. არის შემთხვევები, როდესაც მასალების შეძენის სასაქონლო ზედნადებში საერთოდ არ არის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებული, მაგალითად: კომპანია ფ/პ --------გან აქტიურად იძენდა მშენებლობისთვის საჭირო მასალებს, კერძოდ ცემენტს, რომელსაც შემდგომ იყენებდა ბეტონის საწარმოებლად. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას სხვადასხვა დროს ქონდა აღებული იჯარით საოფისე ფართები (ასევე კომერციული ოფისები კლიენტებთან ურთიერთობისათვის). ამ ოფისების რემონტებზე და ადმინისტრაციული მიზნით ასევე ხდებოდა საქონლის შეძენა და ბუნებრივია ეს არ უნდა ქმნიდეს დღგ-ის ჩათვლის გაუქმების და მათი როგორც უსაფუძვლო ხარჯის სახით მოგების გადასახადით დაბეგვრის საფუძველს. რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სასაქონლო ზედნადებებში არასრულად არის მითითებული მისამართი, შეიძლება მასში ეწეროს მხოლოდ -------, ან -------, ან -------. აქვე აღნიშნავს, რომ ამ მისამართების გარდა კომპანია სხვა მისამართებზეც ახორციელებდა და ახორციელებს მცირე მასშტაბის სხვადასხვა პროექტებს. ზოგი მათგანი დღესაც მიმდინარეობს. ჯამში, არასწორად დარიცხული მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 105 242 ლარს.

ხარჯებიდან არასამართლიანად იქნა ამოღებული რიგი მასალების თანხები, რომელსაც კომპანია იყენებდა და დღესაც იყენებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. არის კონკრეტული მაგალითიც, შემოწმების შედეგად კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი, 2020 წლის სექტემბრის თვეში, გაზრდილია 17 500 ლარით. აღნიშნული თანხა კომპანიამ მიიღო ფ/პ -------გან, რომელსაც გაუწია სამშენებლო მომსახურება, კერძოდ აუშენა სახლი ------ში. აღნიშნული თანხა დაიბეგრა დღგ-ით. რატომღაც შემმოწმებელმა აღნიშნულ მისამართზე მიტანილი მასალები, არ ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ხარჯად, მასალის შეძენაზე გაკეთებული ჩათვლა გააუქმა და ასევე, დაბეგრა მოგების გადასახადით.

ითხოვთ დღგ-ის თანხის შემცირებას 531 638 ლარით და დარიცხული მოგების თანხის შემცირებას 105 242 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 23.06.2023 წლის №19654/2/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 107 138 ლარით. აღნიშნული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად, დამატებით იქნა შესწავლილი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნული მეთოდური მითითების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში უპროცენტო სესხად განხილული ფულადი სახსრების დაკვალიფიცირება უნდა მომხდარიყო ხელფასად, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს აღარ უფიქსირდება სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

ამგვარად ირკვევა, რომ 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში უპროცენტო სესხად განხილული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა ხელფასად და შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27245 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს შემოწმებით სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში თანხების დარიცხვის არამართლზომიერებაზე, მაგრამ არ უთითებს თუ რა ნაწილში მიიჩნევს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანების აღსრულებას ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ. ამგვარად, სადავო გარემოებად მიუთითებს ფაქტობრივი გარემოებებს, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და შესაბამისად ასახვას ვერ პოვებდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანების აღსრულების საკითხი, კერძოდ, რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21782 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირებზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების მზარდი ნაშთები. ასევე, ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისაგან აღებული აქვს სესხები. გაანგარიშდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობა, საკასო ხარჯისა და საკასო შემოსავლების 10%-ის გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნულ თანხებსა და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად და შესაბამისად კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად. სარგებლის განაკვეთად ჩაითვალა 20%. აღნიშნული ნაპატიები პროცენტები განხილულ იქნა სარგებლად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

2. კომპანია დაფუძნებულია 2018 წლის 10 აგვისტოს, ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. მრავალფუნქციური შენობების მშენებლობა მიმდინარეობს ორ ობიექტზე. დამატებით, გადასახადის გადამხდელი ეწევა სამშენებლო მასალების და ბეტონის რეალიზაციას, ასევე აღენიშნება ბეტონმზიდის იჯარის და ტრანსპორტირების მომსახურებები. გარდა ამისა, მშენებლობასთან დაკავშირებულ მომსახურებებს უწევს ურთიერთდამოკიდებულ პირს. შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული განცხადება/ხელშეკრულებები და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები, განვადებით ნასყიდობები, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობები და სხვადასხვა ვალდებულებით დატვირთული ფართები. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა წარდგენილია ჯამში 5 084 179 ლარი. შემოწმებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 7 517 299 ლარი. აღნიშნული ბრუნვა შედგება სამშენებლო საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისგან, ასევე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფართებისთვის მიღებული ავანსებისგან, გარდა 2019 და 2020 წლებში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება გადაცემულ ბინებზე, ამ მომენტის შემდგომ მიღებული ავანსებისა. შესამოწმებელ პერიოდში, შეზღუდული საკუთრების უფლებით ქონების გადაცემა განხილული იქნა მიწოდებად, ხოლო გამოსყიდვის უფლების გამოყენება - მიწოდების კორექტირების გარემოებად. ამასთანავე, ისეთი შემთხვევები, როდესაც შესამოწმებელ პერიოდშივე განხორციელდა ქონების დაბრუნება/გამოსყიდვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაარსებითობიდან გამომდინარე არ იქნა მხედველობაში მიღებული. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21782 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").