ბრძანება N 5427

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2024
№ დოკუმენტი 5427
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5427

13 მარტი 2024

ბრძანება

შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")

(მის.:"------")

2024 წლის 12 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 12 თებერვლის №22218/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის №068-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. განმარტავს, რომ კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი ტრანსპორტი და გადაზიდვები ხორციელდებოდა დაქირავებული ავტომანქანით, რომლის საწვავს და სარემონტო ხარჯებსაც კომპანია ანაზღაურებდა. მართალია არ არსებობს საწვავის ხარჯვის შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა საწვავის გარეშე ავტომანქანა ვერ გადაადგილდებოდა. ზედნადებებით მიღებული და გაყიდული საქონლი მოძრაობიდან ჩანს ტრანსპორტირების დაწყება და დასრულების ადგილი. მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი კომპანია ანაზღაურებდა ყველა ხარჯს. მიუხედავად იმისა, რომ 16 302.85 ლარის გახარჯვის დოკუმენი არ არსებობდა შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს შემოწმების პროცესში გადაგზავნილი ახსნა-განმარტება.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი დეკემბრის №29926 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 10 მაისიდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 9 თებერვლის №2618 ბრძანება და ამავე თარიღის №068-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 6 788 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 325 ლარი, ჯარიმა 2 263 ლარი, საურავი 200 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ცნობები, საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომ საქმიანობა არ განუხორციელებია 2023 წლის სექტემბრის თვიდან. ამდენად, გადამხდელს დაწყებული აქვს ლიკვიდაციის პროცესი 2023 წლის ნოემბრის თვიდან და მიმართული აქვს შესაბამისი განაცხადით საჯარო რეესტრისთვისაც. გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ კრედიტორები და არ არის ფიქსირებული საკუთრებაში რაიმე ქონება. შემოწმებით შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი - დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითი ბარათები, საბანკო ამონაწერები, რომლითაც დადგინდა, რომ გადამხდელს ლიკვიდაციის დაწყებამდე უფიქსირდება სალაროში ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა, ამდენად სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა სულ 15 639 ლარი. აღნიშნული ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზა 5 250 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები და აღნიშნული განისაზღვრა 7 125 ლარის ოდენობით. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილი აქვს იჯარით აღებული მანქანებისათვის საწვავი, თუმცა აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები შედგენილი არ არის, აღნიშნული ფიქსირდება მხოლოდ საბანკო ამონაწერებში უნაღდო ანგარიშსწორებისას. თანხა სულ შეადგენს 920 ლარს. ავტო-მანქანების სანომრე მონაცემები ნაწილობრივ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებშიც გაადაზიდვისას. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტებაც თუმცა დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩაეთვალა ბანკით გადახდილი თანხის 25%. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადამხდელს ლიკვიდაციის დაწყებამდე უფიქსირდება სალაროში ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა, შემოწმებით აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსხვავდება შემოწმების მიერ დადგენილისგან. გარდა ამისა, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილი აქვს იჯარით აღებული მანქანებისათვის საწვავი, თუმცა აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები შედგენილი არ არის, აღნიშნული ფიქსირდება მხოლოდ საბანკო ამონაწერებში უნაღდო ანგარიშსწორებისას. ავტო-მანქანების სანომრე მონაცემები ნაწილობრივ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებშიც გაადაზიდვისას. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტებაც თუმცა დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და გადამხდელს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩაეთვალა ბანკით გადახდილი თანხის 25%.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს დაწყებული აქვს ლიკვიდაციის პროცესი 2023 წლის ნოემბრის თვიდან და მიმართული აქვს შესაბამისი განაცხადით საჯარო რეესტრისთვისაც. გადამხდელს არ ჰყავს დებიტორ კრედიტორები და არ არის ფიქსირებული საკუთრებაში რაიმე ქონება.

გადამხდელს ლიკვიდაციის დაწყებამდე უფიქსირდება სალაროში ნაშთი, რომლის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა, ამდენად სალაროდან არამიზნობრივად ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა სულ 15 639 ლარი. აღნიშნული ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა ბაზა.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის განსახორციელებლად შეძენილი აქვს იჯარით აღებული მანქანებისათვის საწვავი, თუმცა აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები შედგენილი არ არის, აღნიშნული ფიქსირდება მხოლოდ საბანკო ამონაწერებში უნაღდო ანგარიშსწორებისას.გადამხდელს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩაეთვალა ბანკით გადახდილი თანხის 25%. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,105,154.