გადაწყვეტილება №18765/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18765/2/2023
31.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.03.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ის 1.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18765/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი;
2.არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად კვალიფიკაცია;
3. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №056-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №256 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 117 180,09 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 72 339
დღგ - 28 083
საშემოსავლო გადასახადი- 44 256
ჯარიმა - 32 739,2
საურავი - 12 101,89
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 20.03.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.07.2022 წლის №056-33 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №256 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების ანალიზისა და გამოწერილი დოკუმენტების მიხედვით, 2019- 2021 წლების საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს: 2019 წელს - 4 %-ს, 2020 წელს - 3%-ს და 2021 წელს - 2%-ს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 2%-მდეა. გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, საქონლის ჩამოწერებს ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს, ხოლო შემოსავალი დაფიქსირებული აქვს ჯამურად თვის ბოლო რიცხვში.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ვერ ხერხდება თითოეული ოპერაციის იდენტიფიცირება, მისი დაწყებისა და დასრულების კონტროლი. ასევე ვერ დგინდება თითოეულ პროდუქციაზე ფასნამატი.
2022 წლის 16 მარტს განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და ნაშთის ღირებულებამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 2 721 ლარი (თვითღირებულება დღგ-ის გარეშე 1 829 ლარი), რომელიც განსხვავდება საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული 81 653 ლარისგან. შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ წარდგენილ/დეკლარირებულ ფასნამატსა და ინვენტარიზაციის ფასნამატს შორის, რომელიც კატეგორიების მიხედვით მერყეობს 11- 33%-ის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: დამუშავდა 2019-2022 წლების შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია (შესყიდვის და რეალიზაციის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები), შეძენილი სმფ-ები დაიყო 10 კატეგორიად და გადამხდელის წარდგენილი საწყისი საბოლოო ნაშთებისა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთის გათვალისწინებით განისაზღვრა წლების მიხედვით თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც წლების მიხედვით შემდეგია: 2019-2020 წლებში საშუალო შეწონილი - 7% და 2021-2022 წლებში - 4%. შესაბამისად, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლების გათვალისწინებით განისაზღვრა 2019-2022 წლების დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები, რომლებიც გადანაწილდა თვეებში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე მუხლზე, 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის საკითხი სრულყოფილად შესწავლილი. დაშვებულია მრავალი შეცდომა საქონლის კატეგორიებად დაყოფისა და დოკუმენტური რეალიზაციის შეძენებთან შეპირისპირებისას საქონლის იდენტიფიცირებისათვის, რამაც გამოიწვია როგორც კატეგორიის, ასევე დოკუმენტური ფასნამატის არასწორად განსაზღვრა. ბუღალტრულ აღრიცხვაში ყველა დოკუმენტური რეალიზაცია იშიფრება თუ რომელი საქონელი იქნა რეალიზებული. შემმოწმებელ აუდიტორებს წარედგინება ცხრილი, რომელშიც გაშიფრული იქნება შესაბამისი საქონელი და განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის ფასნამატიც.
გადამხდელი ითხოვს ყველა იდენტიფიცირებულ საქონელზე გავრცელდეს მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში მისივე ფასნამატი მთლიან ამ იდენტიფიცირებული საქონლის შეძენაზე, ხოლო დანარჩენ საქონელზე, რომლის დოკუმენტური რეალიზაციაც არ ფიქსირდება, შესაბამისი კატეგორიის ფასნამატი. მიუთითებს, რომ დეტალურად ჩაშლის და გაშიფრავს საქონელს.
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები, რომელიც გადაგზავნილ იქნა აუდიტის დეპარტამენტისათვის შედეგების გამოყვანის მიზნით და რომლის დროსაც შემოწმებას უნდა გამოეყვანა შესაბამისი შედეგი დანაკლისი/ზედმეტობის სახით, იქნა უგულვებელყოფილი. ნაცვლად იმისა, რომ ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისზე უნდა შემდგარიყო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო გამოვლენილი დანაკლისი კი თავად გადასახადის გადამხდელს უნდა ეღიარებინა, როგორც რეალიზაცია, ასევე დაებეგრა მოგების გადასახადით, მოხდა დანაკლისის რეალიზაციაში ჩართვა თავად და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზაც განიხილა, როგორც მიღებული ფული და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგის გამოყვანას და შესაბამისი დანაკლისის ჯარიმის დაწერას აუდიტის დეპარტამენტისგან, ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით შეცვლას. შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის ჩამოწერას ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს, ხოლო შემოსავალი დაფიქსირებული აქვს ჯამურად თვის ბოლო რიცხვში. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ დეკლარირებულ ფასნამატსა და ინვენტარიზაციის ფასნამატს შორის, რომელიც კატეგორიების მიხედვით მერყეობს 11-33%-მდე.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №256 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების №5 დანართის შესაბამისად, შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობიდან (9240 249 ლარი) 221 278 ლარი (177 022/0,8) დაკვალიფიცირდა 2019-2022 წლების პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 63 267 ლარი ჩაითვალა სალაროში არსებულ ნაშთად.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, ზემოთ აღნიშნული თანხა 2019-2021 წლების დეკემბერში და 2022 წლის თებერვალში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს გაანგარიშების ცხრილების და საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის და მტკიცებულებების შემმოწმებელ აუდიტორებთან ერთად გავლას, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დამატებით დარიცხული გადასახადის და ჯარიმის შემცირება, როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო გადასახადებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №256 ბრძანებით ამ ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა - 32 739,2 ლარი, ასევე საურავი - 12 101,89 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 291- ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ჯარიმის პატიებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის ჯარიმებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი;
2. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის
გამოვლენილი სხვაობის ხელფასად კვალიფიკაცია;
3. დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების ანალიზისა და გამოწერილი დოკუმენტების მიხედვით, 2019- 2021 წლების საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს: 2019 წელს - 4 %-ს, 2020 წელს - 3%-ს და 2021 წელს - 2%-ს. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში 2%-მდეა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა პირის მიერ წარდგენილ/დეკლარირებულ ფასნამატსა და ინვენტარიზაციის ფასნამატს შორის, რომელიც კატეგორიების მიხედვით მერყეობს 11- 33%-ის ფარგლებში.გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს
136(3);61(3);73(5ა);160(ა);161(1ა);163(2);164(1);159(1ა);101;269;270;275;291;