გადაწყვეტილება №20331/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20331/2/2023
07 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20331/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2023 წლის №042-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15138 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 261 026,69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 170 683
დღგ - 142 021
საშემოსავლო გადასახადი - 28 662
ჯარიმა - 85 342
საურავი - 5 001,69
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი.
საგადასახადო შემოწმების აქტით სადავო დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს 1.07.2021 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდში შეძენილი და რეალიზებული ჰქონდა სრულად 952 667 ლარის საქონელი დღგ-ის გარეშე (ამათგან 759 636 ლარის სიგარეტი, 180 343 ლარის თხილეულ-ჩირეული), დანარჩენი მცირედი რაოდენობით სამშენებლო მასალები და სანტექნიკა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დღგ-ის დეკლარაციაში წარდგენილი აქვს 243 251 ლარის ბრუნვა, მათ შორის 36 000 ლარის დაუბეგრავი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით 1.01.2020 წლის საბოლოო და 1.01.2023 წლის საწყისი სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2020 წელს საერთოდ არ უფიქსირდება შეძენა. მთლიან პერიოდზე დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენს 9,25%-ს დღგ-ის გარეშე. რიგ საქონელზე შემოწმებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა მსგავს საქონელზე, რიგი საქონლის დასახელების მიმართ გამოყენებულ იქნა იმავე რეგიონში მოვაჭრე აგენტის დოკუმენტური ფასნამატი, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან რეალიზაციაში აღემატებოდა 10%-ს (ჩირეულ-თხილეულის და სიგარეტებთან მიმართებაში სხვადასხვა კომპანია). იმ საქონელზე, რომელზეც ვერ მოიძებნა დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა ამ 3 კომპანიის საშუალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, რამაც სიგარეტის შემთხვევაში შეადგინა 2,16 %, ხოლო, თხილეულ-ჩირეულზე - 11,62 %. ამგვარი ფორმით შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა 996 224 ლარი, 0%-ით დასაბეგრი ბრუნვა - 1 760 ლარი და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა - 1 721 ლარის ოდენობით.
დღგ-ის მიზნებისათვის განსაზღვრული ბრუნვიდან გამომდინარე, მოხდა მისაღები შემოსავლის გენერირება, განისაზღვრა განკარგვადი თანხა. კერძოდ, კომპანიას 1.01.2023 წლის მდგომარეობით სალაროსა და ბანკის ანგარიშებზე არ გააჩნია ფულადი სახსრები. დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები პერიოდების მიხედვით (წლების დასაწყისსა და ბოლოს) იყო ნული. მიღებული შემოსავლიდან გამოიქვითა შემოწმებისათვის წარდგენილი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი (გადახდილი ფული), რის შედეგადაც კომპანიას დაუდგინდა სალაროში განკარგვადი თანხა 2021- 2022 წლების დეკემბრის თვეებში, ჯამურად 143 317 ლარის ოდენობით, რომელიც შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2023 წლის №042-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15138 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. კერძოდ, არ ხდებოდა კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აღენიშნებოდა საკონტროლო-სალარო აპარატზე ბრუნვა. შეძენილი 1 205 000 ლარის საქონლიდან დოკუმენტით რეალიზებული ჰქონდა 120 000 ლარის საქონელი. ამასთან, სხვა რეალიზაციის ამსახველი დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ რიგ საქონელზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის, ხოლო რიგი საქონლის მიმართ იმავე რეგიონში მოვაჭრე აგენტის დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება და იმ საქონელზე, რომელზეც ვერ მოიძებნა დოკუმენტური ფასნამატი საშუალო ფასნამატის გავრცელება კატეგორიების მიხედვით.
ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულსა და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე მისსავე ავტორიზებულ ვებგვერდზე გაეგზავნა დარიცხვის შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები და ეთხოვა შენიშვნების წარდგენა ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუმცა გადასახადის გადამხდელმა წერილობითი პოზიცია არ წარადგინა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა სხვადასხვა ნაწარმით. ვინაიდან გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შემოსავლების დადგენა მოხდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატით, 2021 წლის და 2022 წლების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აუდიტორებს რიგ საქონელზე მიღებული აქვთ 21% ფასნამატი, რაც თვალშისაცემია. ასევე, თუ ჩავშლით კიდევ თითო დასახელების საქონელი წელიწადში დაახლოებით 3- ჯერ იცვლება (იზრდება) ფასი სხვადასხვა საქონელზე და მოგება შეადგენს მაქსიმუმ 8%-ს.
მოთხოვნაა ფასნამატის კორექტირება, გადასახადის თანხის და ჯარიმა-საურავების მოხსნა. კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა კომპანია ყველა კანონის მოთხოვნებს, მაგრამ მიღებულია დიდი ოდენობის ზარალი და ორგანიზაცია გახდა გადახდისუუნარო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს მთლიან პერიოდზე დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენს 9,25%-ს. საქონლის ნაწილზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი. საქონლის ნაწილზე გამოყენებულ იქნა იმავე რეგიონში მოვაჭრე აგენტის დოკუმენტური ფასნამატი, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან რეალიზაციაში აღემატებოდა 10%-ს (ჩირეულთხილეულის და სიგარეტებთან მიმართებაში სხვადასხვა კომპანია). საქონელის ნაწილზე, რომელზეც ვერ მოიძებნა დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა ამ 3 კომპანიის საშუალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.
მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს ასევე მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 1.07.2021 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდში შეძენილი და რეალიზებული ჰქონდა სრულად 952 667 ლარის საქონელი დღგ-ის გარეშე. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას დღგ-ის დეკლარაციაში წარდგენილი აქვს 243 251 ლარის ბრუნვა, მათ შორის 36 000 ლარის დაუბეგრავი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტებით 1.01.2020 წლის საბოლოო და 1.01.2023 წლის საწყისი სმფ-ის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2020 წელს საერთოდ არ უფიქსირდება შეძენა. მთლიან პერიოდზე დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენს 9,25%-ს დღგ-ის გარეშე. რიგ საქონელზე შემოწმებით დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელდა მსგავს საქონელზე, რიგი საქონლის დასახელების მიმართ გამოყენებულ იქნა იმავე რეგიონში მოვაჭრე აგენტის დოკუმენტური ფასნამატი, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია მთლიან რეალიზაციაში აღემატებოდა 10%-ს (ჩირეულ-თხილეულის და სიგარეტებთან მიმართებაში სხვადასხვა კომპანია). იმ საქონელზე, რომელზეც ვერ მოიძებნა დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა ამ 3 კომპანიის საშუალო ფასნამატები კატეგორიების მიხედვით, რამაც სიგარეტის შემთხვევაში შეადგინა 2,16 %, ხოლო, თხილეულ-ჩირეულზე - 11,62 %. ამგვარი ფორმით შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა 996 224 ლარი, 0%-ით დასაბეგრი ბრუნვა - 1 760 ლარი და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა - 1 721 ლარის ოდენობით.
დღგ-ის მიზნებისათვის განსაზღვრული ბრუნვიდან გამომდინარე, მოხდა მისაღები შემოსავლის გენერირება, განისაზღვრა განკარგვადი თანხა. რომელიც შემოწმებით დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად. არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს ასევე მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 73(5"ა"), 101(1), 154(1"ა"), 269(7).