გადაწყვეტილება №20895/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20895/2/2023
09 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 24.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20895/2/2023).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად კვალიფიკაცია;
2. დამფუძნებლის/დირექტორის მიერ, კაპიტალის შემცირების პერიოდში, გატანილი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №025-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21802 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 172 401 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 91 792
ჯარიმა - 45 702
საურავი - 34 907
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №16621 ბრძანება და №025-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21802 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა
კომპანია აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას ელექტრონულად პროგრამა „ორისში“, კონტროლი ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე განხორციელებულია კანონით დადგენილი ნორმების დაცვით. აღნიშნული საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთები (ანგარიში 1110). სალაროში ნაღდი ფულის ნაშთთან დაკავშირებული მეთოდური მითითების მიხედვით სალაროს არაგონივრული ნაშთი, 20 000 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელის/დირექტორის მიერ კაპიტალის შემცირების პერიოდებში გატანილი ფულადი სახსრების გაცემულ ხელფასად განხილვა, ხოლო ნაღდი ფულის მზარდი ნაშთის არაგონივრულ ნაშთად დაკვალიფიცირება და შესაბამისად, დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ანგარიშსწორება შავი ლითონის (ჯართის) ჩამბარებელ პირებთან ხორციელდება ნაღდი ფულით და შესაბამისად, კომპანიის სალაროში 26 000 ლარი არაგონივრულ ნაშთად არ უნდა იქნას განხილული ვინაიდან, თუ კომპანიაში მოსული ჯართის ჩამბარებელი პირი კომპანიისგან მიიღებს პასუხს, რომ შემდგომ პერიოდში იქნება მისი ჩაბარებული ჯართის ანაზღაურება, ჯართის ჩამბარებელი პირი სხვა ჩასაბარებელ პუნქტს მიმართავს და ამით კომპანიას საბრუნავი საშუალებები შეუმცირდება. ასევე დანართის №1 სახით წარმოადგენს კომპანიის საბუღალტრო პროგრამის 1110-ის ამონაწერს, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ 1 მარტისთვის პარტნიორი ზრდის საწარმოს კაპიტალს 20 085 ლარით და 7 მარტის მდგომარეობით საბანკო ანგარიშზე (დანართი №2) შეტანის შემდეგ, სალაროს ნაშთი 1 856 ლარს შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არაგონივრულ ნაშთად განხილული 20 000 ლარის ხელფასად განხილვა სალაროს ხელოვნურ შემცირებას გამოიწვევს და შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს, რომ 20 000 ლარით დამატებით შეავსო დამფუძნებელმა საწარმოს კაპიტალი და შემდგომ ხელფასად გაიტანა, რაც ყოველგვარ გონივრულ გადაწყვეტილებას მოკლებულია, ვინაიდან ასევე, კაპიტალის შემცირების გზით შეეძლო გაეტანა დამფუძნებელს. მომჩივანი ითხოვს შემმოწმებელს დაევალოს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინება, დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.
2. დამფუძნებლის/დირექტორის მიერ, კაპიტალის შემცირების პერიოდში, გატანილი ფულადი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
კომპანია დაფუძნდა 2013 წლის 17 მაისს, მისი დამფუძნებელი და დირექტორია --- (პ/ნ ---). გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის-ორისის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ფიქსირდება პარტნიორთა კაპიტალი 342 950 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელის გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 422 948 ლარს. შემოწმებით შესწავლილი, გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული რეალიზაციის და ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია, გათვალისწინებული იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის დროს.
ასევე, წინა საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებიდან გამომდინარე დადგენილი იქნა, რომ საწარმოს გაუნაწილებელი მოგება 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული 422 948 ლარის ნაცვლად, შეადგენდა დაახლოებით 765 000 ლარს. ვინაიდან, 2017 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის და შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული საანგარიშო პერიოდის ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ფულადი სახსრები, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შეადგენდა დაახლოებით 765 000 ლარს, საწარმოს გააჩნდა დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი საბრუნავი საშუალებებისთვის, შესაბამისად მიიჩნია, რომ კაპიტალის შევსებისთვის დამატებით ფულად სახსრებს არ საჭიროებდა. შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელის/დირექტორის მიერ, კაპიტალის შემცირების პერიოდებში, გატანილი ფულადი სახსრები 342 950 ლარის ოდენობით ჩაითვალა გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაფუძნებულია 2013 წელს, კაპიტალის შევსებას ახორციელებდა საწარმოს საბრუნავი საშუალებების საჭიროებიდან გამომდინარე. კაპიტალის შევსება ძირითადად ხორციელდებოდა ნაღდი ფულით, ვინაიდან კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ანგარიშსწორება შავი ლითონის (ჯართის) ჩამბარებელ პირებთან ხორციელდებოდა ნაღდი ფულით. იმ პერიოდებში, როდესაც აღემატებოდა საბრუნავი საშუალებები საჭიროებას, კაპიტალის შემცირების გზით გაქონდა ნაღდი ფული. 2020 წლის დასაწყისისთვის პარტნიორთა შენატანი შეადგენს 342 950 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 2023 წლის 1 თებერვლისთვის 375 ლარს. რაც შეეხება ვალდებულებებს, კომპანიას კრედიტორული დავალიანება თითქმის არ გააჩნია, ვინაიდან მომწოდებლებთან (ჯართის ჩამბარებელ პირებთან) ანგარიშსწორება ხორციელდება საქონლის მიღების დროს. ასევე განმარტავს, რომ გაუნაწილებელი მოგება რომელიც დაგროვილია 2013 წლიდან არ მოიცავს წინა საგადასახადო შემოწმებით დამატებით გაზრდილ მოგებას, ვინაიდან გაზრდილ მოგებას არ აღიარებს და შესაბამისად გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, რადგან წინა საგადასახადო შემოწმების აქტში მოგება გაზრდილია არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ 2016 წლის ბოლოსთვის დაბეგრილია კომპანიის ბალანსზე არსებული შავი ლითონის ჯართი, რომელიც კომპანიის მიერ შემდგომ წლებში იქნა რეალიზებული და შესაბამისი მოგება ასახულია შემდგომი პერიოდის გაუნაწილებელ მოგებაში, რაც ასევე დასტურდება კომპანიის მიერ წინა წლების წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით და შავი ლითონის ჯართის შესყიდვის მკაცრი აღრიცხვის ჟურნალებით. მომჩივანი ითხოვს შემმოწმებელს დაევალოს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინება, შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის მიხედვით უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი ნაშთები, გაანგარიშებული იქნა არაგონივრული ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის და შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული საანგარიშო პერიოდის ფულადი სახსრების ანალიზის შედეგად, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოს გაუნაწილებელი მოგება დადგინდა ბუღალტრულ პროგრამაში ასახული 422 948 ლარის ნაცვლად 765 000 ლარი, მიიჩნია, რომ კომპანიას საბრუნავი საშუალებებისთვის გააჩნდა დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი და კაპიტალის შევსებისთვის დამატებით ფულად სახსრებს არ საჭიროებდა.
შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელის/დირექტორის მიერ, კაპიტალის შემცირების პერიოდებში, გატანილი ფულადი სახსრები, განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წინა 2017 წლის შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებზე დაერიცხა კომპანიას მოგების გადასახადი და აღნიშნული გასაჩივრებულია სასამართლოში. წინა შემოწმებით არ იყო ჩატარებული ინვენტარიზაცია და ნაშთი არ იქნა განსაზღვრული, მოგების გადასახადის გაზრდა გამოიწვია სასაქონლო-მატერიალური მარაგების, შემოწმებით დადგენილი ფასნამატით, რეალიზებულად განხილვამ, მაგრამ მარაგები რაც შემოწმებით დაიბეგრა, გადასახადის გადამხდელის მიერ გაყიდულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და დაბეგრილია.
სადავოდ გამხდარი შემოწმებით იზრდება ფულადი სახსრები, იმ ძველი, ზემოაღნიშნული პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ანუ იმ შემოწმების აქტზე დაყრდნობით, რომლითაც შემოსავლები განსაზღვრულია ვირტუალურად, არაპირდაპირი მეთოდით. ანუ გარდა იმისა, რომ შემოწმებამ თავის დროზე რაც ვირტუალურად დათვალა არ დაბეგრა ხელფასად, რომ დაებეგრა ხარჯებში გატარდებოდა, გამოდის, რომ ის ფულადი შემოსავალი, რაც ერთხელ დაიბეგრა, ეხლა მეორედ იბეგრება იგივე და რაც ამასთანავე, 2028-2019 წლებში დაბეგრილია და რაზეც გადასახადები გადახდილია. შედეგად, ის რაც დავაშია, მაგრამ გადასახადის გადამხდელს თავად აქვს დაბეგრილი, ამ შემოწმებით მესამედ იბეგრება. შესაბამისად ასეთი მოცემულობაა: სასაქონლო-მატერიალური მარაგები 2016 წელს დაიბეგრა მოგების გადასახადით, 2028-2019 წლებში თავად გადასახადის გადამხდელს აქვს დაბეგრილი, ხოლო ეხლა ფულის სასტარტო ნაშთად შემმოწმებელი ბეგრავს ვირტუალურად, 2016 წლის ბოლოს, წინა შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავალს. რაც შეეხება პირველ სადავო საკითხს, რეალურად ვინაიდან კომპანია აწარმოებს ჯართის მიღებას, ჯართის ჩამბარებელ პირებთან ანგარიშსწორებას ახდენს საქონლის მიღებისას, ადგილზე ჭირდება ნაღდი ფულის არსებობა, ამდენად შემოწმებით განსაზღვრული 20 000 ლარის დაბეგვრა არ მიაჩნია სწორად, რადგან ჩანს საბრუნავ საშუალებად და დამფუძნებელს თავად შეაქვს მასზე მეტიც, შემოწმებით დადგენილი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და დაბეგვრა არ მიაჩნია მიზანშეწონილად. 17 მარტს თავად გადასახადის გადამხდელმა შეიტანა ბანკში ის თანხა, რომელიც შემოწმებით დაიბეგრა ხელფასად. ამასთან, აღნიშნა, რომ აქცენტს ამახვილებს და ძირითადად მიაჩნია საკითხი, რაზეც ზემოთ ისაუბრა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით კაპიტალი 342 950 ლარია დაფიქსირებული, ხოლო გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 422 948 ლარს, გადასახადის გადამხდელს ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოდგენა კაპიტალის წარმოშობის შესახებ, მაგრამ არ წარუდგენია. შემოწმებით მოხდა წინა შემოწმების აქტის და შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული ფულადი თანხების ანალიზი, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემების შესწავლა და აღმოჩნდა, რომ წინა შემოწმებით შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, ამასთან დადგინდა, რომ გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 765 000 ლარს.
შესაბამისად მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნდა დაგროვილი გაუნაწილებელი მოგების ნაშთი საბრუნავი საშუალებებისთვის, კაპიტალის შევსებისთვის დამატებით ფულად სახსრებს არ საჭიროებდა. ამგვარად მიიჩნია, რომ მოხდა გაუნაწილებელი მოგების ნაწილის კაპიტალში გადატანა, რომლის საჭიროება არ იყო და ვერც ვერანაირად ადასტურებდა დოკუმენტურად გადასახადის გადამხდელი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში გატანა ხდებოდა, როგორც დამფუძნებლის შენატანის.
შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელის/დირექტორის მიერ, კაპიტალის შემცირების პერიოდებში, გატანილი ფულადი სახსრები ჩაითვალა გაცემულ ხელფასად. რაც შეეხება პირველ სადავო საკითხს გაკეთდა ანალიზი მეთოდური მითითების შესაბამისად, დადგინდა რომ მუდმივად იყო მზარდი ნაშთი, მას გამოაკლდა შემოსავლების და ხარჯების 10%, ასევე ის რაც ჩანდა, რომ კაპიტალში იქნა შეტანილი, დარჩენილი 20 200 ლარი დაიბეგრა ხელფასად. ამასთან, სალაროს ინვენტარიზაცია ჩატარებულია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ და დადგენილია სალაროს ნაშთი 1 856 ლარის ოდენობით, ხოლო გადასახადს გადამხდელის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ თანხა შეტანილია ბანკში, განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ თანხა შეტანილია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, როცა მოხდა სალაროს ინვენტარიზაცია. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ ნაღდი ფულის მზარდი ნაშთის არაგონივრულ ნაშთად დაკვალიფიცირება, ხოლო, დამფუძნებელის/დირექტორის მიერ კაპიტალის შემცირების პერიოდებში გატანილი ფულადი სახსრების გაცემულ ხელფასად განხილვა და მათი დაბეგვრა კანონშესაბამისია. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება სადავო საკითხების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად კვალიფიკაცია;
2. დამფუძნებლის/დირექტორის მიერ, კაპიტალის შემცირების პერიოდში, გატანილი თანხების გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №16621 ბრძანება და №025-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21802 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 9); 101; 154.