გადაწყვეტილება №21470/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2024
№ დოკუმენტი 21470/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21470/2/2023

16 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21470/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის №002-63 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №27901 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 850 749 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 411 532

დღგ - 30 208

საშემოსავლო გადასახადი - 381 324

ჯარიმა - 205 763

საურავი - 233 454

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.12.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 14 ნოემბრის №39510 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, დადგინდა საწარმოს მიერ მიღებული თანხები, ამასთან ჩაითვალა რომ დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი სრულად იყო ანაზღაურებული შესაბამის პერიოდებში. ასევე მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ფულადი სახსრები, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი აღემატება შესაბამის პერიოდებში დეკლარირებულ განაცემებს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ბრუნვები შედგება ფართების მიწოდებიდან მიღებული/მისაღები შემოსავლებისაგან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავებულია შემოწმებით დადგენილისაგან. კერძოდ, შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ასახული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების მიხედვით 2019 წლის მაისის თვეში შეადგენს 279 465 ლარს დღგ-ის გარეშე, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 171 068 ლარს, ხოლო 2019 წლის ნოემბრის თვის შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეადგენს 152 071 ლარს, დეკლარირებული - 92 659 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელს 2020 წლიდან არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ახდენს დღგ-ის ჩათვლას. ამასთან, გადამხდელს გადარიცხული აქვს იჯარის ღირებულება. შემოწმებით, განხორციელებული გადახდა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, 2020 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩათვლილი თანხაც. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 21.04.2022 წლის №10300 ბრძანება და №002-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.07.2022 წლის №19423 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 24.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 57 865 ლარით, მათ შორის გადასახადი 38 578 ლარით და ჯარიმა 19 287 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 28.04.2023 წლის №9327 ბრძანება და №002-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.09.2023 წლის №20231/2/2023 გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14584 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №27901 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს აღურიცხავი ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი შეისწავლოს, შპს „----------“ საქმესთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიეჩნია საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა გაშიფრული ინფორმაცია 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართების სხვა პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №27901 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 136-ე მუხლით, 73- ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია ორი ფართის რეალიზაციიდან, რაზეც საჯარო რეესტრში არსებული ხელშეკრულებების თანახმად, თანხა ანაზღაურებულია სრულად. ამასთან, შპს „----------“ მიერ აღნიშნული ფართები საბოლოოდ გადაფორმებულია შპს „----------“ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმომ მიწის ნაკვეთი ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შეიძინა შპს „----------“. ხელშეკრულების მიხედვით შპს „----------“ აშენებული საცხოვრებელი კორპუსიდან შპს „----------“ გადასცემდა 1003.7 კვ.მ-ს. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა შპს „----------“ გაკოტრება/ლიკვიდაცია. მიუთითებს, რომ შპს „----------“ გაკოტრება/ლიკვიდაციის შემდგომ, მასზე გადასაცემი ფართები გადაცემულ იქნა შპს „----------“ დამფუძნებლებზე. შემოწმებამ ჩათვალა, რომ აღნიშნულ გადაცემაზე შპს „----------“ შპს „----------“ დამფუძნებლებისგან მიიღო ფულადი კომპენსაცია. გადასახადის გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი დადასტურება, რომ მიღებულ ფართებში დამფუძნებლებს თანხა არ გადაუხდიათ. შესაბამისად, გადამხდელი თვლის, რომ აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხას.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისი თანხის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.

ამასთან, ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს აღურიცხავი ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლა, შპს „----------“ საქმესთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დამატებითი დოკუმენტაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის დაფარვის შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა ფულადი სახსრების მოძრაობაზე და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ფულად ხარჯებში არ არის გათვალისწინებული საჯარო რეესტრში ფართების გადაფორმებაზე გადახდილი 6 524 ლარი, შპს „----------“ 2019 წლის განმავლობაში გადახდილი თანხები 7 000 ლარის ოდენობით და თბილისის მერიის მიერ დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საწარმომ 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართები დღგ-ის დეკლარაციაში ასახა და დაბეგრა 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბერის თვეში, რომელი პერიოდებიც შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ თემატურად. მიუთითებს, ორმაგ დაბეგვრაზე და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა გაშიფრული ინფორმაცია 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართების სხვა საანგარიშო პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის N27901 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ აღნიშნული ბრძანებით, არ იქნა დაკმაყოფილებული შემოწმების შედეგად დარიცხული დღგ, რომელიც კომპანიას დაბეგრილი აქვს 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელს დაევალა მხოლოდ 2019 წლის მაისის და ნოემბრის თვეებში დამატებით დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტისთვის, ვინაიდან 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში შედგენილია შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტი არ თვლის საჭიროდ აღნიშნულ თვეებში შეამოწმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (კომპანიის დეკლარირებული რეალიზაცია), რაც პირდაპირ კავშირშია შპს „----------“ და კომპანიის ურთიერთობასთან (აღნიშნული საკითხი საერთოდ არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურში) თუ აუდიტის დეპარტამენტი შეამოწმებს 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებს დარწმუნდება იმაში, რომ კომპანიასთან შპს „----------“ ჩაატარა ბარტერული ოპერაცია და არანაირი ფულის გადახდას ადგილი არ ჰქონია, ფულის არ გადახდაზე წერილობით გაცხადებული აქვს შპს „----------“ აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნაა არის, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმოს 2019 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების დეკლარირებული რეალიზაციები და ამის შემდგომ დაწეროს დასკვნა, რომ შპს „----------“ კომპანიას არ მიუღია თანხები გააუქმოს დამატებით დარიცხული საშემოსავლო, გადასახადი, ასევე, შპს „----------“ კომპანიიდან გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დეკლარირებული და დაბეგრილია დღგ-ით და შპს „----------“ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლა არ არის გაუქმებული, მაგრამ არც კომპანიას არ გადაუფორმეს უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი თანხით უნდა შემცირდეს მის მიერ დეკლარირებული დღგ. საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა 197 402 ლარი საერთოდ არ არის ასახული შემოსავლების ბრძანებაში, აღნიშნული თანხა გადახდილია ბიუჯეტში დავალიანების დასაფარავად, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება განხილული იქნას დირექტორის ხელფასად, აღნიშნული თანხა განხილული უნდა იქნას, როგორც სალაროში არსებული ნაშთი, რომელიც შემდგომ შეტანილი იქნა ბიუჯეტში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №27901 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს აღურიცხავი ფულადი სახსრების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საკითხი შეისწავლოს, შპს „----------“ საქმესთან მიმართებაში, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიეჩნია საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა გაშიფრული ინფორმაცია 2019 წლის მაისში და ნოემბერში გადაფორმებული ფართების სხვა პერიოდში დაბეგვრასთან დაკავშირებით;

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №27901 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი ფულადი სახსრები განხილულ იქნა კომპანიის დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი აღემატება შესაბამის პერიოდებში დეკლარირებულ განაცემებს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3. დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავებულია შემოწმებით დადგენილისაგან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით, გადამხდელს 2020 წლიდან არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ახდენს დღგ-ის ჩათვლას. ამასთან, გადამხდელს გადარიცხული აქვს იჯარის ღირებულება. შემოწმებით, განხორციელებული გადახდა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, 2020 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემცირებულ იქნა დღგ-ის ჩათვლილი თანხაც. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)