ბრძანება N 9612
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9612
14 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (ფაქტ.მის.: -----)
2025 წლის 16 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 მაისის სხდომაზე (ოქმი N 34) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) N -----/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის N EL----- და N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო საწყობი ფუნქციონირებს ყოველ დღე გარდა ოფიციალური უქმე დღეებისა. მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ხდებოდა დაცვის სამსახურის თანხლებით და მათი შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო საწყობში დაშვება მოხდა უქმე დღეს - 16 მარტს, ხოლო ელექტრონულად დამოწმება მოხდა მომდევნო სამუშაო დღეს. ქმედება მიზნად არ ისახავდა რაიმე სახის ინფორმაციის დამალვას საბაჟო დეპარტამენტისთვის და საბაჟო ზედამხედველობის ინსტრუქციით, ელექტრონულად დამოწმებისთვის განსაზღვრული 24 საათიანი ვადის დარღვევა მოხდა მცირედით - ერთი საათით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 15 მარტს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით N --ND--/----- და N TT---/----- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოში შემოტანილ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისთვის განკუთვნილი, შპს „-----“ (ს/ნ -----) კუთვნილი საქონელი. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობები (N -----/D----- 15.03.2025; N -----/D----- 15.03.2025) და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“.
ზემოაღნიშნული საქონელი შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში, დროებით შენახვის მიზნით, გამოცხადდა 2025 წლის 16 მარტს, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება კი განხორციელდა 2025 წლის 17 მარტს, რის შემდეგაც წარდგენილ იქნა N -----/C----- (17.03.2025) დროებით შენახვის დეკლარაცია.
2025 წლის 18 მარტს შპს „-----“ N ID----- ელ. განცხადებით მიმართა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“ აღრიცხვის მოწმობების (N ------/D----- 15.03.2025; N ------/D----- 15.03.2025) კონტროლიდან მოხსნის მიზნით, რა დროსაც გაირკვა, რომ შპს „------“ მიერ საქონლის წარდგენის ელექტრონულად დადასტურება არ განხორციელდა მოწმობების დამოწმების დღის (16.03.2025) 24 საათამდე.
ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა N EL------ და N EL------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „------“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საქონელი შპს „-----“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში, დროებით შენახვის მიზნით, გამოცხადდა 2025 წლის 16 მარტს. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება კი განხორციელდა 2025 წლის 17 მარტს, რის შემდეგაც წარდგენილ იქნა N -----/C----- (17.03.2025) დროებით შენახვის დეკლარაცია. შესაბამისად, მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ჯარიმა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი საბაჟო საწყობში, დროებით შენახვის მიზნით, გამოცხადდა 2025 წლის 16 მარტს, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება კი განახორციელა 2025 წლის 17 მარტს, რის შემდეგაც წარდგენილ იქნა დროებით შენახვის დეკლარაცია. გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
მომჩივნის მიერ დარღვეულია „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სანებართვო პირობა, შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი: 176;.