ბრძანება N 11289

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.05.2023
№ დოკუმენტი 11289
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11289

22.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 27 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 აპრილის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 27 იანვრის №14331/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №024-91 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ ჩანს თუ რა მეთოდით გაანგარიშდა ფასნამატი. მიუთითებს, რომ დასაბეგრ ბრუნვაზე ჯამურად მოხდა ფასნამატის დამატება. აცხადებს, რომ დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვაში შედის გაწეული მომსახურების თანხები, კერძოდ, მარკეტინგული მომსახურება (ქეშბექი, ფასდათმობა), ფართის და თაროების იჯარა, სილამაზის სალონის და ფიტნეს დარბაზის მომსახურება, ლაბორატორიის მომსახურება და ა.შ. აცხადებს, რომ შპს „----------“ საქონელს აწვდის იმ პირობით, რომ მისი რეალიზაცია მოხდება 3%-იანი ფასნამატით და ყოველთვიურად რეალიზებული საქონლის 17%-ს უბრუნებს მარკეტინგული მომსახურების სახით, რომელზეც იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და იბეგრება დღგ-ით. შესაბამისად გამოდის, რომ შპს-ს მიღებული აქვს 20%-იანი მოგება. მიუთითებს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მალფუჭებადი საქონლის შემცირებული და ზოგჯერ თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაცია, აქციების სახით ფასების დაკლება ყოვედღიურად რამდენიმე ათეული დასახელების საქონელზე მონაცვლეობით, მოძველებული ტექნიკის ჩამოფასება და რეალიზაცია თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. ასევე არ იქნა გათვალისწინებული შეძენილი პროდუქციის შრობა (ძეხვეული, ხორცი, თევზი, ყველი და სხვა), რის გამოც იკლებს წონა, გაყინული პროდუქციისთვის და ხილ-ბოსტნეულისთვის სასაქონლო სახის მისაცემად აუცილებელი დამუშავებისას მათი წონის შემცირება, არაკეთლისინდისიერი მომხმარებლების და მომსახურე პერსონალის მიერ მიყენებული ზარალი (ქურდობა). გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2019 წლის დეკემბრის თვის ფასნამატის გაანგარიშება და მიუთითებს, რომ საქონლის ფაქტიური ფასნამატი 2019 წლის დეკემბერში შეადგენს 10.2%-ს. ასევე აღნიშნავს, რომ გაუგებარია ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების შემცირების საფუძველი.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს. განმარტავს, რომ არასწორად არის გაზრდილი დასაბეგრი ბაზა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

3. მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ ჩანს თუ როგორ გაიანგარიშეს აუდიტორებმა მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის წერილით 5 დღის ვადაში მოთხოვნილია 01.01.2019- 01.12.2022 საანგარიშო პერიოდის სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აცხადებს, რომ მხოლოდ 2019 წელს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით შეძენილია 5 685 708 ლარის ღირებულების ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია. მიუთითებს, რომ მოესწრო მხოლოდ 2019 წლის აქტების ასლების გადაღება და წარდენა, საშუალოდ მათი სრულყოფილი დამუშავება 3-4 დღეში შეუძლებელია. აცხადებს, რომ ამჟამად ეტაპობრივად შესაძლებელია შესყიდვის აქტების აუდიტორებისთვის მიწოდება მოთხოვნის შემთხვევში. აღნიშნავს, რომ აქტების უმეტესობა შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მოთხოვნებს და ასეთ შემთხვევაში ითხოვს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს სხვა მიდგომით გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32359 ბრძანების საფუძველზე შპს „-----“-ს (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33796 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 30 დეკემბრის №024- 91 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 5 108 842 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 2 477 561 ლარი, ჯარიმა 1 235 882 ლარი და საურავი 1 395 399 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს აქვს როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. მსხვილ გადამხდელთა ოფისში მიმდინარეობდა ობიექტის რისკის მიმოხილვის პროცედურა, რომლის ფარგლებში შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, რათა განხორციელებულიყო გამოვლენილი რისკების გაქარწყლება. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერები და ორისის პროგრამა, სადაც ფიქსირდება მხოლოდ ჯამური თანხობრივი მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ გამოვლინდა დამატებით რისკ ფაქტორები, რომელთა დაკავშირებით ეცნობა გადამხდელს, თუმცა მისი მხრიდან რაიმე განმარტება არ განხორციელებულა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით გააჩნია საცალო რეალიზაციის პროგრამა აპექსი, თუმცა მის მოწოდებაზე უარი განაცხადა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისიწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა შემოწმების დანიშვნა, რის ფარგლებშიც, ასევე მოხდა დამატებით ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის წარმოდგენილი, მოწოდებულია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. ვინაიდან შემოწმების ჯგუფის მიერ ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, აქედან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ფასნამატის გაანგარიშების მიზნით შემოწმების მიერ დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა გადასახადის გადამხდელის ყველა ობიექტზე. მიღებული მონაცემები დამუშავებულ იქნა და საცალო რეალიზაციაზე გავრცელებულ იქნა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 20%. ასევე შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა ინფორმაცია მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტების ფასნამატის შესახებ, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფასნამატი მერყეობს 20%-დან 35%-მდე. შესაბამისად შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფასნამატი მიესადაგება მსგავსი სავაჭრო ობიექტების აუდირებული ფასნამატის მინიმალურ პროცენტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, სადაც გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით, მიღებული ბრუნვა გადანაწილდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფ/პ-სგან საქონლის შეძენა (ხილბოსტანი, ხორცი, ყველი) შესყიდვის აქტებით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მათი მოწოდება არ მომხდარა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესყიდული საქონლის რაოდენობის და კონკრეტული პროდუქციის სახეობის იდენტიფიცირება, ასევე არ იდენტიფიცირდება ფ/პ-ების მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე შესყიდულ პროდუქციაზე გავრცელებულ იქნა ხილ-ბოსტნეულის აუდირებული ფასნამატი. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, დეკლარირებული ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ასევე ხარჯში გათვალისწინებული იქნა ფ/პ-სგან შესყიდულ პროდუქციაზე №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით შესყიდვის ხარჯი. მიღებული სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, შპს „----------“-ს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადამხდელს 2019 წელს უფიქსირდება ფ/პ-სგან საქონლის შეძენა, თუმცა შემოწმებისათვის არ არის წარდგენილი შესყიდვის აქტები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, როგორც ფ/პ-ების იდენტიფიცირება, ასევე შესყიდული პროდუქციის რაოდენობა და სახეობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპდაპირი მეთოდით და გადასახადის გადამხდელის ხარჯი განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა მოგების გადასახადის დარიცხვა. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ფასნამატის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული მალფუჭებადი საქონლის შემცირებული და ზოგჯერ თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაცია, აქციების სახით ფასების დაკლება ყოვედღიურად რამდენიმე ათეული დასახელების საქონელზე მონაცვლეობით, მოძველებული ტექნიკის ჩამოფასება და რეალიზაცია თვითღირებულებით ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული შეძენილი პროდუქციის შრობა (ძეხვეული, ხორცი, თევზი, ყველი და სხვა), რის გამოც იკლებს წონა, გაყინული პროდუქციისთვის და ხილბოსტნეულისთვის სასაქონლო სახის მისაცემად აუცილებელი დამუშავებისას მათი წონის შემცირება, არაკეთლისინდისიერი მომხმარებლების და მომსახურე პერსონალის მიერ მიყენებული ზარალი (ქურდობა). გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2019 წლის დეკემბრის თვის ფასნამატის გაანგარიშება და მიუთითებს, რომ საქონლის ფაქტიური ფასნამატი 2019 წლის დეკემბერში შეადგენს 10.2%-ს.

შემოსავლების სამსახური ასევე, ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, სადაც აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერები და ორისის პროგრამა, სადაც ფიქსირდება მხოლოდ ჯამური თანხობრივი მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ გამოვლინდა დამატებით რისკ ფაქტორები, რომელთა დაკავშირებით ეცნობა გადამხდელს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით გააჩნია საცალო რეალიზაციის პროგრამა აპექსი, თუმცა მის მოწოდებაზე უარი განაცხადა.

ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი გამოთქვამს მზაობას წარმოადგინოს შესყიდვის აქტები და აღნიშნავს, რომ აქტების უმეტესობა შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მოთხოვნებს და ასეთ შემთხვევაში ითხოვს 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს სხვა მიდგომით გამოყენებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ასევე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილ ფასნამატს, ამავე მეთოდით განსაზღვრულ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს, ასევე მოგების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საწარმოს აქვს როგორც ჩათვლის უფლებით, ისე ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა ბუღალტრული ჩანაწერები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია. გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ ბანკის ამონაწერები და ორისის პროგრამა, სადაც ფიქსირდება მხოლოდ ჯამური თანხობრივი მონაცემები, ამასთან უარი განაცხადა საცალო რეალიზაციის პროგრამა აპექსის მოწოდებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სადაც გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებთან მიმართებით. მიღებული ბრუნვა გადანაწილდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, დეკლარირებული ხელფასი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ხარჯში გათვალისწინებული იქნა ასევე ფ/პ-სგან შესყიდულ პროდუქციაზე №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით შესყიდვის ხარჯი. მიღებული სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, საწარმოს უფიქსირდება ფ/პ-სგან საქონლის შეძენა, თუმცა შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია შესყიდვის აქტები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, როგორც ფ/პ-ების იდენტიფიცირება, ასევე შესყიდული პროდუქციის რაოდენობა და სახეობის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასით.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(22); 61(3) 73; 982; 101; 154; 275; 136(3)

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160; 161

შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო