ბრძანება N 27433

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2025
№ დოკუმენტი 27433
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27433

15 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ის (ს/ნ --------------)

(მის.: --------------------------------)

2025 წლის 19 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №102) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) №------/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22334 გადასახდელის დარიცხვის შესახებ ბრძანებას და 2025 წლის 20 ოქტომბრის №259-28 საგადასაახდო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს გაუგებრობას/შეცდომას და მისი მიზანი არ ყოფილა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის შეტანით იმპორტის გადასახადის ოდენობის შემცირება. კომპანია წლების განმავლობაში ახორციელებს პროდუქციის იმპორტს -----დან და როგორც წესი ყველა სხვა შემთხვევაში მწარმოებლისგან მოწოდებული იყო პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. საბაჟო დეკლარაციაში -----/----ნამდვილად გამოყენებულია არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი, თუმცა პრეფერენციის თაობაზე მითითების არსებობა გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით/დაუკვირვებლობით დეკლარირების პროცესში. ასევე მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის პროცესში, როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელმა სრულყოფილად წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და თავი არ აურიდებია პასუხისმგებლობისთვის. შესაბამისად, არ ეთანხმება საურავის სახით 1312.76 ლარის დაკისრებას.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით მიაჩნია, რომ სახეზეა სანქციისგან გათავისუფლების საფუძვლები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 13 ოქტომბრის №21768 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) სახელზე გაფორმებული №---/---- (13.12.2022 წ.) საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება.

საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული მონაცემთა ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციაში შპს „----ს” გამოყენებული აქვს №----- (13.12.2022 წ.) არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც, საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 2025 წლის 25 სექტემბრის №21-10/--- წერილით გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა ხსენებული საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული იმპორტის ოპერაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, მათ შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტიორ ფირმასთან დადებული ხელშეკრულება და თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერი). 2025 წლის 26 სექტემბერს შპს „----მა“ ID: --- განცხადებით წარადგინა დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების იდენტური დოკუმენტაცია, მათ შორის, რეტროსპექტიულად გაცემული არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი (2022 წლის 13 დეკემბრის №-----) და დამატებით, გადარიცხვები და ხელშეკრულება, რომელთა მიხედვით დეკლარირებული საქონლის ღირებულების ნაწილში შეუსაბამობა არ გამოვლენილა. საბოლოოდ, გადამხდელს არამართლზომიერად აქვს გამოყენებული პრეფერენცია, რომლის საფუძველზე საქონელი გათავისუფლებული იქნა იმპორტის გადასახადისგან (განაკვეთი 12%).

შემოწმების შედეგად, შედგა 2025 წლის 15 ოქტომბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების №----21-10 აქტი, ხოლო 2025 წლის 20 ოქტომბერს გამოიცა №259-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, შპს „----სს” №---/---- (13.12.2022 წ.) საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი. კერძოდ, იმპორტის გადასახადი - 2943 ლარი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 529,74 ლარი და საურავი.

ვინაიდან, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, მოცემული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია:

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს არაპრეფერენციული ან პრეფერენციული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი მიუთითებს, რომ საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობა გამოიყენება:

ა) იმპორტის გადასახადის მიზნისთვის, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა;

ბ) საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი არასატარიფო ღონისძიების განხორციელებისთვის, რომელიც დადგენილია სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. საქონელს მიენიჭება არაპრეფერენციული წარმოშობა და მიიჩნევა იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც:

ა) მთლიანად მიღებულია ეს საქონელი;

ბ) ამ საქონელმა განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, როდესაც მის წარმოებაში ერთზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

დასახელებული მუხლის მე-5 ნაწილი მიუთითებს, რომ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა: ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთერთი შემდეგი საფუძველი:

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; დ) პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 270–ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისთვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისთვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივანს არამართლზომიერად აქვს გამოყენებული პრეფერენცია, რომლის საფუძველზე საქონელი გათავისუფლებული იქნა იმპორტის გადასახადისაგან, რაც საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით გადასახდელად იმპორტის გადასახდელის დარიცხვის საფუძველია. დადგენილია ასევე, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დროს არ განხორციელებულა გადასახდელი თანხის დარიცხვა და გადახდა. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საურავის დარიცხვაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის მოთხოვნაზე სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და მათ შესაბამისად დარიცხული თანხა (მათ შორის საურავი) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს გაუგებრობას/შეცდომას და მისი მიზანი არ ყოფილა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის შეტანით იმპორტის გადასახადის ოდენობის შემცირება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის №21768 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის სახელზე გაფორმებული საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება.საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული მონაცემთა ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მოცემულ საბაჟო დეკლარაციაში მომჩივანს გამოყენებული აქვს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც, საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 2025 წლის 25 სექტემბრის წერილით გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა ხსენებული საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული იმპორტის ოპერაციასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, მათ შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპორტიორ ფირმასთან დადებული ხელშეკრულება და თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერი). მომჩივანმა განცხადებით წარადგინა დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტების იდენტური დოკუმენტაცია, მათ შორის, რეტროსპექტიულად გაცემული არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი და დამატებით, გადარიცხვები და ხელშეკრულება, რომელთა მიხედვით დეკლარირებული საქონლის ღირებულების ნაწილში შეუსაბამობა არ გამოვლენილა. საბოლოოდ, გადამხდელს არამართლზომიერად აქვს გამოყენებული პრეფერენცია, რომლის საფუძველზე საქონელი გათავისუფლებული იქნა იმპორტის გადასახადისგან (განაკვეთი 12%).

შემოწმების შედეგად, შედგა საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, გამოიცა №259-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, მომჩივანს საბაჟო დეკლარაციაზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა იმპორტის გადასახდელი. კერძოდ, იმპორტის გადასახადი - 2943 ლარი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 529,74 ლარი და საურავი.

ვინაიდან, საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, მოცემული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტები და მათ შესაბამისად დარიცხული თანხა (მათ შორის საურავი) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272;

ასევე,საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13(2); 27(1 „თ“); 30(2); 167(1);