გადაწყვეტილება №17426/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17426/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17426/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------------“-ს 8.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17426/2/2021).

 

დავის საგანი:

1. გაყიდული ბინების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა;

2. მიწის სანაცვლოდ ბინების და კომერციული ფართების გადაცემის განხილვა ბარტერულ ოპერაციად და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;

3. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №007-573 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2022 წლის №20761 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

3 340 591 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 848 919

დღგ - 678 114

საშემოსავლო გადასახადი - 1 170 805

ჯარიმა - 953 963

საურავი - 537 709

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2021 წლის №41300 ბრძანება და №007-573 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2.08.2022 წლის №20761 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. გაყიდული ბინების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული პირველადი დოკუმენტაცია, მიღებული და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ხელშეკრულებები და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის.

დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ სრულად არ იყო ასახული დღგ-ის ბრუნვებში გაყიდული ბინებიდან მიღებული შემოსავლები. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა ნასყიდობის (მათ შორის წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულებები, კერძოდ: აღნიშნულ ხელშეკრულებებში მოცემული პერიოდების მიხედვით (გრაფიკები) განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვები და პერიოდები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილ დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში აისახებოდა ყველა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები, რომლებიც გადაფორმებული იყო მყიდველებზე საჯარო რეესტრში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულები არ იბეგრებოდა (იბეგრებოდა მხოლოდ წინასწარ (ავანსად) გადახდილი თანხები, ასე, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გამო დამატებით დარიცხული გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება არ ითვლება მიწოდებად.

 

დავების განხილვის

საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლ

ება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ: დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ სრულად არ იყო ასახული დღგ-ის ბრუნვებში გაყიდული ბინებიდან მიღებული შემოსავლები. შემოწმებისას გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა ნასყიდობის (მათ შორის წინარე ნასყიდობის) ხელშეკრულებები, კერძოდ: აღნიშნულ ხელშეკრულებებში მოცემული პერიოდების მიხედვით (გრაფიკები) განისაზღვრა დასაბეგრი ბრუნვები და პერიოდები.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს ან მტკიცებულებას, რაც ამ ნაწილში საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიერ გაყიდული ბინებიდან მიღებული შემოსავლები სრულად არ იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში და აღნიშნულის გამო დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა მართებულია.

 

2. მიწის სანაცვლოდ ბინების და კომერციული ფართების გადაცემის განხილვა ბარტერულ ოპერაციად და გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს შეძენილი აქვს ფიზიკური პირისგან მიწა, რის სანაცვლოდაც იღებს აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი/კომერციული ფართების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას. ფიზიკური პირისთვის მიწის სანაცვლოდ ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში საკუთრებაში გადასაცემ ფართებს საწარმო არ განიხილავს, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერს და არ ახორციელებს დეკლარირებას. შემოწმებით, საწარმოს მიერ ფიზიკური პირებიდან შეძენილი მიწის სანაცვლოდ მათთვის საკუთრებაში საცხოვრებელი/კომერციული ფართების გადაცემის შესახებ შეთანხმება დაკვალიფიცირდა სამშენებლო მომსახურებად, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ბარტერს, ხოლო აღნიშნული სამშენებლო მომსახურების ხანგრძლივობიდან გამომდინარე დაკვალიფიცირდა, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერი. ბარტერის ფარგლებში დასაბეგრი ღირებულება განისაზღვრა საანგარიშო წლის ჭრილში ფაქტიური ხარჯის მთლიანი საპროექტო ხარჯის პროპორციულად საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საწარმოს მიერ ფიზიკური პირებიდან შეძენილი მიწის სანაცვლოდ მათთვის საკუთრებაში საცხოვრებელი/კომერციული ფართების გადაცემის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს სამშენებლო მომსახურებას, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს ბარტერს, ხოლო აღნიშნული სამშენებლო მომსახურეობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ბარტერია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება მიწის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრისათვის ბინების და კომერციული ფართების გადაცემას ბარტერულ ოპერაციად განხილვას და მითუმეტეს ამ ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად განხილვას, ვინაიდან საწარმო მიწის მესაკუთრეს მიწის სანაცვლოდ გადასცემს ფართებს ეს არ წარმოადგენს სამშენებლო მომსახურებას, აქედან გამომდინარე, გრძელვადიან კონტრაქტად განხილვის შემდგომ დამატებით დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

დადგენილია, რომ კომპანიას შეძენილი აქვს ფიზიკური პირისგან მიწა, რის სანაცვლოდაც იღებს აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი/კომერციული ფართების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას. აღნიშნული ოპერაცია საგადასახადო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა სამშენებლო მომსახურებად, რაც შინაარსით წარმოადგენს ბარტერს, ხოლო აღნიშნული სამშენებლო მომსახურების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, დაკვალიფიცირდა, როგორც გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ ფიზიკური პირისათვის გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად განხილვასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს არ წარუდგენია შემოწმებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ან/და ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, არ წარუდგენია შემოწმების დასაწყისისთვის და ბოლოსთვის არსებული ან/და არ არსებული ნაღდი ფულის ოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შემოწმებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა შესამოწმებელ პერიოდში. კერძოდ, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების ოდენობა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული პირველადი დოკუმენტაციისა და გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერების მონაცემების მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, 2018, 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის შემოწმებისას დადგენილ და ფაქტობრივად არსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების შედეგად სალაროს ნაშთის განსაზღვრა და შესამოწმებელი პერიოდების ბოლოს მიღებული სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. ამდენად, შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს მიერ მიღებული ნაღდი ფული დახარჯულია კანონმდებლობის მიხედვით და ყველა ხარჯვა დადასტურებულია პირველად საბუღალტრო დოკუმენტებით, ასევე შემოწმების აქტში და მასზე დართულ დოკუმენტაციაში, რომელიც გადმოგზავნილია RS.GE პორტალზე არანაირი გაანგარიშება ნაღდი ფული მოძრაობაზე არ არის წარდგენილი, გამოდის, რომ საგადასახადო ორგანომ ნაღდი ფულის ნაშთები გაიანგარიშა ზეპირად თავის წარმოსახვით და ამ სახით გამოყვანილ ფულად ნაშთებზე გაიანგარიშა საშემოსავლო გადასახადი, აქედან გამომდინარე, ასეთი სახით დამატებით დარიცხული გადასახადები ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შემოწმებისას დადგენილ და ფაქტობრივად არსებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც ამ ნაწილში შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დადგენილი შემოსავლის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.