გადაწყვეტილება №28077/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 28077/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28077/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 4.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28077/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ - ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2026 წლის №067-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18941 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 29 166.82 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 22 561

ჯარიმა - 6 266

საურავი - 339.82

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10237 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 23.06.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

მომჩივანი აწარმოებს მინდვრის ცოცხებს, რომლითაც ამარაგებს საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს. მეწარმის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინდვრის ცოცხის წარმოება და მოპოვება ხორციელდება შემდეგნაირად: მცენარე, რომლისგანაც მზადდება ცოცხი იზრდება მინდორში, ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე, სეზონურად (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის თვეში), ამასთან, მისი მოპოვებაც ხდება მინდორში. ასევე, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მოსახლეობისგან შესყიდვის აქტით ყიდულობს (იბარებს) ცოცხს. შესყიდვის დროს სეზონზე აღებულ ცოცხს ასაწყობებს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში და მომდევნო სეზონამდე ინახავს, რათა მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეს მარაგი და მოთხოვნის შესაბამისად განახორციელოს დამკვეთისთვის მიწოდება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით არ აქვს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება.

შემოწმების პროცესში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და მიღება-ჩაბარების აქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის ოდენობამ 2025 წლის 7 მაისს გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს. აღნიშნული თარიღიდან დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 125 339 ლარი.

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 ივნისის №13940 ბრძანება და ამავე თარიღის №067-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის №18941 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რეალიზებულ საქონელს წარმოადგენს ბუნებრივად მოპოვებული მცენარე, რომლის მიმართაც ხორციელდება ხელით შეკვრის მარტივი პროცედურა. განმარტავს, რომ საქმიანობას ახორციელებს პირადად და არ გააჩნია საწარმო, საწყობი, სპეციალური დანადგარები ან დასაქმებული პირები. ამასთან, აღნიშნავს, რომ საქმიანობის დაწყებიდან არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რათა გაერკვია წარმოადგენდა თუ არა მოცემული საქმიანობა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რაზეც განემარტა, რომ მოცემული საქმიანობა არ იბეგრებოდა დღგ-ით. მიუთითებს, რომ შემოწმებამ არასწორად გააიგივა ხელით შეკრული მინდვრის ცოცხი სამრეწველო წესით დამზადებულ მზა პროდუქციასთან. განმარტავს, რომ მისი საქმიანობა შემოიფარგლება ბუნებრივად მზარდი მცენარეების შეგროვებით, მისი მარტივი შეკვრითა და რეალიზაციით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2025 წლის 7 მაისიდან. ამ თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნაგანმარტების თანახმად არ აქვს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქმიანობა შემოიფარგლება ბუნებრივად მზარდი მცენარეების შეგროვებით, მისი მარტივი შეკვრითა და რეალიზაციით, რაც საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2026 წლის №87665-21-14 წერილით, წარმოდგენილია, მოპასუხის პოზიცია, სადაც მომჩივნის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით მითითებულია, რომ მეწარმე მოპოვებული და მოსახლეობისგან შესყიდული ნედლეულისგან თავად უზრუნველყოფს ცოცხის შეკვრას და მომზადებას, რის შემდგომაც მზა პროდუქციის ტრანსპორტირებას საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს. ამასთან, წარმოდგენილი სასაქონლო კლასიფიკაციის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პროდუქცია კლასიფიცირებულია სასაქონლო კოდში 9603 10 000 00, რომლის მიმართაც განსაზღვრულია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, ვინაიდან რეალიზებული საქონლის ფორმისა და დანიშნულების გათვალისწინებით, არ იკვეთება მისი დღგ-ისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ - ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2025 წლის 7 მაისიდან. ამ თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

მომჩივანი განმარტავს, რომ მოპოვებული და მოსახლეობისგან შესყიდული ნედლეულისგან თავად უზრუნველყოფს ცოცხის შეკვრას და მომზადებას, რის შემდგომაც მზა პროდუქციის ტრანსპორტირებას საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს. წარმოდგენილი სასაქონლო კლასიფიკაციის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პროდუქცია კლასიფიცირებულია სასაქონლო კოდში, რომლის მიმართაც განსაზღვრულია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, ვინაიდან რეალიზებული საქონლის ფორმისა და დანიშნულების გათვალისწინებით, არ იკვეთება მისი დღგ-ისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 159; 163; 164;