გადაწყვეტილება №18589/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.02.2023
№ დოკუმენტი 18589/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18589/2/2022

17.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 30.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18589/2/2022).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის №006-379 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30096 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 23 199 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 13 875

ჯარიმა - 6 937,5

საურავი - 2 386,5

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით და გადაზიდვის მომსახურება. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.08.2021 წლიდან 1.09.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის №006-379 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №30096 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში, 2021 წლის აგვისტოს თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 64 152,54 ლარს, ხოლო დღგ გადახდილი ადგილობრივი მომწოდებლებისთვის 21 346,38 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში მომჩივანს განხორციელებული აქვს მომსახურების რეალიზაცია და შესაბამისად გამოწერილია ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მიღებულ მომსახურებაზე (ეა-73 №---------- დღგ-ის თანხა 9 686,44 ლარი და ეა-73 №---------- დღგ-ის თანხა 3 584,75 ლარი) მიღებული აქვს ჩათვლა.

ჩათვლილი ანგარიშ-ფაქტურების შესახებ გადამხდელმა სრულად არ წარადგინა დოკუმენტაცია შესაბამისი ახსნა-განმარტებით, რის გამოც აღნიშნული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის (ძვ. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლი) თანახმად დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.

მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში, 2021 წლის აგვისტოს თვეში მიღებული აქვს ჩათვლა შპს ---------გან (ს/ნ ----------) 9 686,44 ლარზე (ეა-73 №----------) ტექნიკით მომსახურებაზე. აღნიშნულ კომპანიას 2019 წლიდან დღემდე სულ გამოწერილი აქვს 6 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მომსახურებაზე (სატრანსპორტო მომსახურება, ტექნიკით მომსახურება, დემონტაჟი, მიწის სამუშაოები) და მიღებული აქვს 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სატრანსპორტო მომსახურება და ხორცის კონსერვის შეძენა). გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები არ რის დეკლარირებული, და არც თანხა გადახდილი ბიუჯეტში. დღეის მდგომარეობით შპს ---------ს (ს/ნ ----------) დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 95 219 ლარს.

მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში, 2021 წლის აგვისტოს თვეში, მიღებული აქვს ჩათვლა შპს ---------სგან (ს/ნ ---------) 3 584,75 ლარზე (ეა-73 №--------) ტექნიკით მომსახურებაზე. აღნიშნულ კომპანიას გამოწერილი აქვს ფაქტურები და არ არის დეკლარირებული, შემოწმების შედეგად დარიცხული აქვს 538 068 ლარი. შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 30.07.2020 წლიდან 1.06.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდს. 2021 წლის ივლისის და აგვისტოს თვეებშიც გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ისევ დაუბეგრავია. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით (დათარიღებულია 1.09.2021 წლით) ირკვევა, რომ 29.07.2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს -------მ მომჩივანს გაუწია ტექნიკით მომსახურება ქ. -------ში, -------ის ქუჩაზე და ქ. --------ში ----------ის ტერიტორიაზე კატერფილარის ექსკავატორით - „კოდალათი“ და ავტომანქანით „HOVO“, სახელმწიფო ნომრით --------. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 63 500 ლარს. მომჩივანმა ვერ წარმოადგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერი ან/და საბანკო ამონაწერი). ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, არ ფიქსირდება აგვისტოს პერიოდში ზემოთ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე (HOVO სახელმწიფო ნომრით ---------) გამოწერილი სასაქონლო ზედნადები მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მისამართზე. რაც შეეხება, შპს ---------ის მიერ გაწეულ მომსახურებას, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით (დათარიღებულია 4.01.2021 წლით) და მიღება-ჩაბარების აქტით (დათარიღებულია 1.09.2021 წლით) ვერ დგინდება რა სამუშაო შესრულდა, რა ტექნიკით და რომელ ტერიტორიაზე. ამასთან, შპს ---------ის მიმართ 29.06.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, შემმოწმებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს არ უფიქსირდება საკუთარი ტექნიკა, ასევე არ აქვს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შპს -----გან და შპს -------გან მიღებული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, შემოწმებით მართლზომიერად იქნა შემცირებული დღგ-ის ჩათვლილი თანხა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლის აგვისტოში შპს „----------“ (მომჩივანი) აქვს მოქმედი ხელშეკრულება, შპს „-------------“-თან (ს/ნ ---------), ქ. ------ში, ------ ქარხნის შენობის დემონტაჟისა და ნარჩენების გატანის შესახებ. შპს „----------“ (ს/ნ --------) თავის მხრივ წარმოადგენს შპს ---------ის (ს/ნ -------------) ქვეკონტრაქტორს. შპს „--------------“-სა (ს/ნ ------------) და შპს ----------ს (ს/ნ ------------) შორის 15.09.2020 წელს გაფორმებულია ხელშეკრულება ქ. ------------ში, ---------- ქარხნის შენობის დემონტაჟისა და ნარჩენების გატანის შესახებ, რომლის ანაზღაურების პირობასაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული დემონტაჟის შედეგად რკინის ჯართის გამოცალკევება, რომლის შემდეგაც ანაზღაურების თანხა განისაზღვრება 1 ტონა ჯართზე 58 აშშ დოლარის ოდენობით. 1.03.2022 წელს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ანაზღაურების თანხა განისაზღვრა 1 ტონა ჯართზე 68 აშშ დოლარის ოდენობით.

თავის მხრივ შპს „------------“ (ს/ნ ------------) აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად ქვეკონტრაქტორად ქირაობს შპს -----ის (ს/ნ ------------) იმავე პირობით, მაგრამ 1 ტონა ჯართის გამოცალკევებისთვის განსაზღვრული ანაზღაურება შეადგენს 89 ლარს.

ამასთანავე შპს --------ის აქვს მეორე მიმდინარე პროექტი შპს „--------“-თან (ს/ნ ---------), რომლის მომსახურების საგანს წარმოადგენს ქ. ----------ში -----ს ქუჩაზე ექსკავატორის საშუალებით მიწის მოჭრისა და 18 მ 3 -დან 20 მ 3 -მდე ავტომანქანებით მიწის გატანა. თავის მხრივ ზემოაღნიშნული მომსახურების დამკვეთს შპს „--------“-სთვის (ს/ნ ------------) წარმოადგენს შპს „-----------“ (ს/ნ -------------) და მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შესრულებულ ერთ რეისზე 212 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით.

შპს---------- (ს/ნ ---------), (მომჩივანი) მის ბალანსზე არსებული ტექნიკისა და შრომითი რესურსის არსებობის მიუხედავად, შესასრულებელი საქმის სწრაფად შესრულებისთვის ქირაობს შპს ------------ს (ს/ნ ----------) და შპს ---------ს (ს/ნ ----------).

აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ 2021 წლის აგვისტოს თვეში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 64 152,54 ლარს (მათ შორის შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) მიმართ განხორციელებული მიწოდება შეადგენს 62 457,63 ლარს, რომელსაც ეჭვქვეშ არ აყენებს), ხოლო დღგ გადახდილი ადგილობრივი მომწოდებლებისთვის შეადგენს 21 346,38 ლარს, საიდანაც შპს --------ის (ს/ნ ---------) და შპს ------------ს (ს/ნ -----------) მიერ შპს --------თვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული ჩათვლა (ანგარიშ-ფაქტურა ეა-73 №---------- დღგ-ის თანხა 9 686,44 ლარი და ანგარიშ-ფაქტურა ეა-73 №--------- დღგ-ის თანხა 3 584,75 ლარი) ჩაითვალა დაუსაბუთებლად.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე და 53-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლებამოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადამხდელის მონაწილეობით უნდა მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შეფასება (არსებობს აღნიშნული დემონტაჟის ამსახველი ვიდეომასალაც) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უნდა მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ჩათვლა შპს -------გან (ს/ნ ---------) 9 686,44 ლარზე (ეა-73 -----------) ტექნიკით მომსახურებაზე, ხოლო, შპს -----------გან (ს/ნ -----------) 3 584,75 ლარზე (ეა-73 №---------) ტექნიკით მომსახურებაზე.

შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი ანგარიშ-ფაქტურების შესახებ შემოწმების პროცესში გადამხდელმა სრულად არ წარადგინა დოკუმენტაცია შესაბამისი ახსნა-განმარტებით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დასტურდება შპს ------ნას (ს/ნ --------) და შპს -------ის (ს/ნ --------) მიერ მომჩივნისთვის მომსახურების გაწევა, შემმოწმებელთა მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 6 937,5 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 25.08.2022 წლის №006- 379 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 2 386,5 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, კომპანია უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.