ბრძანება N 5712
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5712
23.03.2023
ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2021 წლის 2 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის №16151/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) №248380/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 ნოემბრის №011-63 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, უძრავი ქონების შეძენაზე ჩათვლილი დღგ-ს თანხის შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7, მე-8 ნაწილების მიხედვით კორექტირებას. აცხადებს, რომ უძრავი ქონება რომელსაც გასცემდა იჯარით ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა დედას, ვინაიდან თავად ხშირად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა, შესაბამისად, ქონების გადაფორმების შემთხვევაში ქონებასთან დაკავშირებით მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობა გაიოლდებოდა. ამასთან, გადამხდელს გადასახადებისგან თავის არიდების განზრახვა არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ქონების "----------" საკუთრებაში არსებობის პერიოდში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირა ორჯერ აღემატება წინა პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იჯარის ქირას, რისი გათვალისწინებითაც "----------" დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად. აღნიშნავს, რომ სადავო უძრავი ქონება უკვე დაბრუნდა "----------"-ს საკუთრებაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის №26748 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შესწავლის შედეგების და ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის №26748 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის 1 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 17 ნოემბრის №011-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 2 დეკემბერს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 თებერვლის №4941 ბრძანებით სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 თებერვლის №4941 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი 2022 წლის 22 ივლისის №16151/2/2022 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქონების შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის გაუქმების ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა 2020 წლის 24 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (აქტის შემდგომი პერიოდი, (აქტის თარიღი 2019 წლის 27 დეკემბერი)), რომლითაც დგინდება, რომ ფ/პ "----------" და მის დედას ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) შორის შედგა შეთანხმება 2016 წლის 14 სექტემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესაბამისად 14.09.2016 – 02.08.2020 პერიოდში ქონების მესაკუთრეს ფ/პ "----------" წარმოადგენს. ამასთანავე, გადამხდელის განმარტებით 2016 წლის 14 სექტემბერს ქონების გადაცემის მიზანი გადასახადებისგან თავის არიდება არ ყოფილა და ფ/პ "----------" აღნიშნული ქონების განსაკარგად დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა შესაბამისად დგინდება, რომ ფ/პ "----------" დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 02 თებერვალს (საკუთრების უფლება ქონებაზე წარმოეშვა 2016 წლის 14 სექტემბერს). აღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ძირითადი საშუალება გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:
ა) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, და ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას;
ბ) მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, პირს უფლება არ აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა;
გ) ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;
გ.ბ) დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი („გ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი („გ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:
ა) შენობა-ნაგებობებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით;
ბ) სხვა ძირითად საშუალებებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ასახულ მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, "----------" თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად უწევს და ასევე, 2016 წელსაც მოუწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა დიდი ხნით. იმის გამო, რომ უძრავ ქონებაზე, რომელიც გაცემული იყო იჯარით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება სხვა ბიზნეს პარტნიორებთან შენობანაგებობების სრულ რეკონსტრუქციაზე და პროფილის არსებით შეცვლაზე, ან ამ ქონების იჯარით გადაცემაზე სხვა პარტნიორზე უფრო ხელსაყრელი პირობებით, გადაწყვიტა, აღნიშნული ქონების მართვა და მისი შემდგომი გამოყენების უფლება გადაეცა დედისთვის "----------"-თვის, რათა უფრო იოლი გამხდარიყო მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობა და მას არანაირი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია გადასახადისაგან თავის არიდებისა. ამასთან აღნიშნავს, რომ ქონება, რომელიც ფაქტობრივად მართვაში გადაეცა დედას, დაუბრუნდა საკუთრებაში შვილს "----------"-ს უკან. ამდენად, ქონების შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და შედეგად, დამატებით თანხების დარიცხვა უსაფუძვლოდ მიაჩნია და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშებას. აღნიშნულის შესაბამისად, საბჭოს მიიჩნია, რომ ქონების შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას.
შემოსავლების სამსახური აგრეთვე მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანებაში მითითებულ მსჯელობაზე, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ განხორციელებული ოპერაციის მიხედვით ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები შესრულებულია იმდაგვარად, როგორც ხდებოდა ქონების გადაცემის საანგარიშო პერიოდამდე, გარდა "----------" მიერ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდისა. შესაბამისად, სადავო ოპერაციისას "----------" (დედა) და "----------" (შვილი) ერთ პირად განხილვისას, ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები დღგ-ს ნაწილში არ არის შესრულებული მხოლოდ "----------" დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2013 წლის აპრილის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ეა----------- საფუძველზე ჩათვლილი თანხიდან 169 780 ლარის დღგ-ს თანხის გაუქმება არ არის მართლზომიერი და გაუქმებას უნდა დაექვემდებაროს მხოლოდ ქონების "----------"-ის მიღებიდან მისი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდის პროპორციული თანხა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ოპერაციისას ჯამურად მხარეები მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები დღგ-ს ნაწილში არ არის შესრულებული მხოლოდ "----------" (დედის) დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე საანგარიშო პერიოდებში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსახილველ შემთხვევაში "----------" მიერ ძირითად საშუალებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს დღგის თანხის ერთი მეათედის ოდენობიდან "----------"-თვის (დედისთვის) ქონების გადაცემიდან მისი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსახილველ შემთხვევაში "----------"-ს მიერ ძირითად საშუალებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს დღგის თანხის ერთი მეათედის ოდენობიდან "----------"თვის (დედისთვის) ქონების გადაცემიდან მისი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.