გადაწყვეტილება № 27166/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.06.2026
№ დოკუმენტი 27166/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 27166/2/2026

17 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი:შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 18.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27166/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №006-566 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 219 024.08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 135 011.42

დღგ - 81 193.27

საშემოსავლო გადასახადი - 53 818.15

ჯარიმა - 62 708.22

საურავი - 21 304.44

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით სპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელდ დარეგისტრირებულია 2019 წლის 25 ოქტომბერს. საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორი ერთ და იგივე პირია. სარეალიზაციო საქონლის შეძენა ხდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის მეშვეობით ------.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2025 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

1. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონლის ღირებულება ჯამში შეადგენს 2 007 497.3 ლარს დღგ-ის გარეშე, საიდანაც 99.7% არის იმპორტის წილი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ეკონომიკური ოპერაციების აღრიცხვას. დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს

2 173 553.85 ლარს (ამ დროს საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებულ ჩეკებისა და ტერმინალის ჯამი 2 097 147.72 ლარია დღგ-ის გარეშე), ჯამურად მიღებული ჩათვლა - 419 488.2 ლარი. დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით არის 0.16%.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის და გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის (გამოვლინდა 1 585 040 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 22-ე, 49-ე და 61-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. შემოსავლის გაანგარიშებისას, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის (ტერიტორიის გათვალისწინებით) განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატები. ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულების (რომელიც თავის მხრივ დაანგარიშდა აუდირებული საცალო ტიპის ფასნამატების გამოყენებით) გათვალისწინებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ის ნაშთი (664 033.16 ლარი დღგის გარეშე) და შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (1 562 859.20 ლარი დღგ-ის გარეშე). აღნიშნული თვითღირებულებიდან გამოიყო დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება. მიღებული შემოსავალი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164- ე მუხლებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის ბრუნვა გაეზარდა 451 075 ლარით.

2. კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა უწყებების მიერ მიწოდებული/პორტალზე განთავსებული ინფორმაციების გათვალისწინებით. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, მუხლების, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანებისა და მასში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის პროცესში ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გარდა გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისსა და ბოლოსთვის სალაროს ნაშთები, საბანკო ნაშთები, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები, ბიუჯეტში გადახდილი და ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხები. ანალიზი ჩატარდა ასევე დაფუძნებიდან მთლიან ხანდაზმულ პერიოდზე შემოწმებისთვის ხელთარსებული ინფორმაციით. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები აღემატება გაწეულ დანახარჯებს. სხვაობის თანხა (269 091 ლარი) დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე 2025 წლის აგვისტოს ბოლოს გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით (53 818.2 ლარი).

შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დარიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 25.12.2025 წლის №28339 ბრძანება და №006-566 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმში დაფიქსირებული საქონლის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია, მათი სახეობების/ჯგუფების მიხედვით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, ასევე, 2025 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციითა და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი მონაცემების (ფასნამატი) გავრცელება უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების ფარგლებში არასწორად არის გამოყენებული სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი იყო, როგორც ინვენტარიზაციით, ასევე, საკონტროლო შესყიდვით მიღებული ფასნამატი, რომელიც შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განმარტებით ტანსაცმელს რიგ შემთხვევებში აქვს დეფექტი, რაც თავის მხრივ შემაფერხებელი ფაქტორია მისი მაღალი ფასნამატით რეალიზაციისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმში დაფიქსირებული საქონლის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია, მათი სახეობების/ჯგუფების მიხედვით). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, ასევე, 2025 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციითა და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 11 ნოემბრის N24795 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ღონისძიება, რომლითაც გამოვლინდა 1 585 040 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი. ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი შეადგენს 52.81%-ს, რაც შესაბამისობაშია დეკლარირებულ მონაცემებთან. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გაანგარიშებით, რაც გაგზავნა შემმოწმებელმა ფასნამატი იყო აღებული ინვენტარიზაციის მონაცემებიდან, მაგრამ შემდგომ რატომღაც შემმოწმებელმა შეცვალა მიდგომა და გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და გაავრცელა სხვა კომპანიის ფასნამატი. დარიცხვის უკანონობაზე მეტყველებს თუნდაც ის გარემოება, რომ მაგალითად შემოსავლების სამსახურის მიერ 7.10.2025 წელს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვით (იხ. დანართი) ნაყიდი ბავშვის ელასტიკის ფასი არის 10 ლარი რაც ზუსტად ედრება ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებულ ღირებულებას, რაც ადასტურებს იმას, რომ კომპანიის სარეალიზაციო ფასები და ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასები არის ერთმანეთთან შესაბამისობაში. ასევე დარიცხვის უკანონობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა საწარმოს მიერ რეალიზებული საქონლის სპეციფიკა, ვინაიდან აღნიშნული საქონელი არის დეფექტიანი, რაც დასტურდება, როგორც ინვოისებით, ასევე გამყიდველი არარეზიდენტი საწარმოს წერილით (იხ. დანართი), სადაც კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ საქონელი/ტანსაცმელი არის კლასიფიცირებული როგორც ნარჩენი პროდუქცია, ვინაიდან მას გააჩნია დეფექტები. წერილში ასევე აღწერილია თუ რა სახის დეფექტებზეა საუბარი. შესაბამისად ბუნებრივია არასწორია აღნიშნული საქონლით მოვაჭრე კომპანიას გაუვრცელდეს ისეთი კომპანიის ფასნამატი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ვიზუალური ნაკლი, მით უფრო იმ პირობებში როცა კომპანიას აქვს მაღალი დეკლარირებული ფასნამატი და 1 585 040 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ფაქტობრივი ნაშთი და ინვენტარიზაციის ფასნამატი არის შესაბამისობაში დეკლარირებულ ფასნამატთან, რაც როგორც ზემოთ აღნიშნა დამატებით დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ 7.10.2025 წელს განხორციელებულ საკონტროლო შესყიდვით. თვალსაჩინოებისათვის საჩივარს ერთვის საქონლის ნიმუშები, რომელშიც ნათლად ჩანს საქონლის დეფექტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:

ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;

ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;

გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;

დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“;

ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა. ამასთან:

ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;

ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური ფასნამატი და ვერც მისი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ ჯგუფზე, განსახილველ წელს, ხოლო, თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი მიმდინარე კონტროლის ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;

დ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმდინარე კონტროლის ფასნამატი დადგინდა განსახილველი წლის ორ მომიჯნავე წელს, გამოიყენება ამ ფასნამატების საშუალო მონაცემი, რომელიც გამოითვლება ამ მეთოდური მითითების მე-19 მუხლის მე2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება „სხვა შემოწმების ფასნამატი“, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;

ვ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის და სხვა შემოწმების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება მესამე პირების ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე;

ზ) თუ ვერ დადგინდა დოკუმენტური, მიმდინარე კონტროლის, სხვა შემოწმების და მესამე პირების ფასნამატები და ვერც მათი გამოყენების პირობები დაკმაყოფილდა, შესაბამის ჯგუფზე გამოიყენება სხვა ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველ წელს და განსახილველ ჯგუფზე.

ამასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიუხედავად ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებისა, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, აუდიტორი უფლებამოსილია ფასნამატები გამოიყენოს შესაბამისი რიგითობის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმში დაფიქსირებული საქონლის შესახებ გაშიფრული ინფორმაცია, მათი სახეობების/ჯგუფების მიხედვით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესამოწმებელ პერიოდში, ასევე, 2025 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციითა და საკონტროლო შესყიდვით დადგენილი მონაცემების (ფასნამატი) გავრცელება უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დავის ფარგლებში დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად გამოიყენა სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიის ფასნამატი. აღნიშნული განხორციელდა იმ პირობებში, როდესაც თავად გადასახადის გადამხდელის მიმართ ჩატარებული ინვენტარიზაციითა და საკონტროლო შესყიდვით იდენტიფიცირებული იყო რეალური და ერთმანეთთან შესაბამისი ფასნამატი. ამასთან, საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა რეალიზაციის სპეციფიკა და გადამხდელის განმარტება იმის შესახებ, რომ სარეალიზაციო ტანსაცმელს რიგ შემთხვევებში აქვს დეფექტი, რაც აფერხებს მის მაღალი ფასნამატით რეალიზაციას. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადამხდელს მიეცა 15-დღიანი ვადა აუდიტის დეპარტამენტისთვის არგუმენტების (ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვის ოქმებში დაფიქსირებული საქონლის გაშიფრული ინფორმაციის სახეობების/ჯგუფების მიხედვით) დოკუმენტურად წარსადგენად, რის შემდეგაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7260 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);159;163;164;101;154