ბრძანება N 7849

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2024
№ დოკუმენტი 7849
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7849

08 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------2)

2024 წლის 5 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 5 მარტის №88249/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №056-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ ხორციელდება საქონლის იმპორტი/ადგილობრივი შეძენები და საბითუმო რეალიზაცია, რომლზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები და შესაბამისად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო საქმიანობის პერიოდში არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა დაფიქსირებული. ამდენად, სრული კონტროლი შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციებზე და არამარლთზომიერადაა გამოყენებული კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მაკონტროლებელს გამოიყენოს საწარმოს შემოსავლების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდი.

რაც შეეხება შემოწმების მიერ „წარმოებას“, კომპანიას არანაირი წარმოება არ გააჩნდა, ფიზიკურად არც შეძენილი და არც იჯარით ქონდა ის საჭირო დაზგები და ტერიტორია, რითიც შესაძლებელი იქნებოდა წარმოების განხორციელება. გარდა ამისა, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებულია როგორც მინა, კერამიკურლი ფილები, თოკები, ტომრები, მეტალოპლასმასის მასალა და აქსესუარები. შესაძლებელია ჯგუფების მიხედვით საქონლის ჩაშლა და რეალური საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით ჯგუფების მიხედვით კომპანიის ფასნამატის გამოყენება, რაც შესაბამისობაში იქნება მეთოდურ მითითებასთან „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“, რომლითაც დადგენილია დაჯგუფების, ფასნამატის არჩევის (პირველ რიგში დოკუმენტური) და ა.შ პრინციპები. იმ შემთხვევაში თუ სადავო საკითხის განხილვის შედეგად კვლავ გამოყენებული იქნა შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის იდენტიფიკაცია წარმომადგენელთან ერთად, დაჯგუფება საქონლის ჯგუფების მიხედვით და შესაბამისად კომპანიის დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, იმ საფუძვლით, რომ არ აქვს მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმარტავს, რომ საქონელი იმპორტირებულია ირანის რესპუბლიკიდან და შესაბამისად თანხის საბანკო გადარიცხვების შეზღუდვის გამო, ხორციელდება სხვადასხვა გზით თანხის გადახდა მომწოდებელზე, ძირითადად მძღოლების მეშვეობით. შესაბამისად, წარმოდგენილი იქნება შედარების აქტები/წერილები ირანის რესპუბლიკის მომწოდებლებიდან, რითაც დადასტურდება გადახდილი თანხების რეალობა. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26356 და 20 დეკემბრის №32136 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 29 აგვისტოდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33624 ბრძანება და ამავე თარიღის №056-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 112 976 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 688 ლარი, ჯარიმა 35 943 ლარი, საურავი 5 345 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

● გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეა კარ-ფანჯრების წარმოება რეალიზაცია და შესაბამისი ფასონური ნაწილების შეძენა/რეალიზაცია. გადამხდელს საქონელი შემოტანილი აქვს როგორც იმპორტის სასაქონლო რეჟიმით, ასევე, ადგილობრივი შეძენებით, ხოლო წარმოებას და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციები, ხოლო შემოწმებისათვის არ წარუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შედგენილია სამმართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შეძენის და რეალიზაციის პირველადი დოკუმენტებით არ ირკვევა წარმოების პროცესში გამოყებული ფასნამატი, ასევე, შეუძლებელია დადგენა თუ რა მასალა იქნა გახარჯული უშუალოდ წარმოებისათვის და კონკრეტულად რისი რეალიზაცია მოხდა მასალის სახით. შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტებში დასახელებები განსხვავებულია და ფასები ცვალებადი. გადამხდელს 2023 წლის სექტემბრის შემდეგ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების განსაზღვირასთვის გამოყენებული იქნა მსგავსი გადასახადის გადამხდელის შესახებ აუდირებული მონაცემები, რომლის თანახმად აღნიშნულ საქმიანობაში საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 42%-ს. შემოწმებით გაანალიზებული იქნა შეძენილი პროდუქცია და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით დადგინდა შემოსავლები, რომელიც შეადგენს 322 845 ლარს (დღგ-ის გარეშე). გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

● შემოწმების მიერ შედგენილი იქნა ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობა. კერძოდ გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ყველა დოკუმენტური ხარჯი და გადახდა, ასევე მიღებული შემოსავალი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებობს საბაჟო დეკლარაციები შესაბამისი ინვოისებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ასევე, ვინაიდან აღნიშნულის პარალელურად, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. გამომდინარე აქედან ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობაში გათვალისწინებული იქნა ინვოისების ღირებულების მხოლოდ 75%. შესაბამისი მეთოდით გაანგარიშებულმა ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 168 318 ლარი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით პირთან მოხდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრა, რომლის თანახმად ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, ხოლო 2023 წლის სექტემბრიდან პირს არანაირი ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდება. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დგინდება ზემოაღნიშნული სხვაობების საწარმოში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, რეალიზაციის პირველადი დოკუმენტებით არ ირკვევა წარმოების პროცესში გამოყებული ფასნამატი, ასევე, შეუძლებელია დადგენა თუ რა მასალა იქნა გახარჯული უშუალოდ წარმოებისათვის და კონკრეტულად რისი რეალიზაცია მოხდა მასალის სახით. შეძენის და რეალიზაციის დოკუმენტებში დასახელებები განსხვავებულია და ფასები ცვალებადი. შედეგად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების განსაზღვირასთვის გამოყენებული იქნა მსგავსი გადასახადის გადამხდელის შესახებ აუდირებული მონაცემები, რომლის თანახმად აღნიშნულ საქმიანობაში საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 42%-ს. შემოწმებით გაანალიზებული იქნა შეძენილი პროდუქცია და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით დადგინდა შემოსავლები. ამასთან, შემოწმების მიერ შედგენილი იქნა ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობა. კერძოდ, გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ყველა დოკუმენტური ხარჯი და გადახდა, ასევე მიღებული შემოსავალი. გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის უსასყიდლოდ მიღების ან/და მისთვის დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებობს საბაჟო დეკლარაციები შესაბამისი ინვოისებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობაში გათვალისწინებული იქნა ინვოისების ღირებულების მხოლოდ 75%. შესაბამისი მეთოდით გაანგარიშებულმა ნაღდი ფულადი საშუალებების ნაშთმა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 168 318 ლარი, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფული, რომელიც შეადგენდა 0 ლარს. შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დგინდება სხვაობების საწარმოში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, მართლზომიერია, ხოლო მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების, მ.შ ინვოისების ღირებულების 75%-ის მომწეოდებლებზე გადახდილად განხილვის, გათვალისწინებით მიღებული ფულადი ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2. იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეა კარ-ფანჯრების წარმოება რეალიზაცია. გადამხდელს საქონელი შემოტანილი აქვს როგორც იმპორტის სასაქონლო რეჟიმით, ასევე, ადგილობრივი შეძენებით, ხოლო წარმოებას და რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე.

გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესაბამისად შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული შეძენის და რეალიზაციის პირველადი დოკუმენტებით არ ირკვევა წარმოების პროცესში გამოყებული ფასნამატი, ასევე, შეუძლებელია დადგენა თუ რა მასალა იქნა გახარჯული უშუალოდ წარმოებისათვის და კონკრეტულად რისი რეალიზაცია მოხდა მასალის სახით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების მიერ შედგენილი იქნა ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობა. კერძოდ გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ყველა დოკუმენტური ხარჯი და გადახდა, ასევე მიღებული შემოსავალი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არა აქვს წარმოდგენილი შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების თანახმად, ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობაში გათვალისწინებული იქნა ღირებულების მხოლოდ 75%. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებული ფულადი ნაშთი, შემოწმებამ განიხილა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 105; 154; 159; 269(7)